ძეგლისდება (გიორგი ბრწყინვალე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ძეგლის დადება მეფეთ მეფის გიორგის მიერ — XIV საუკუნის, გიორგი V ბრწყინვალის მეფობის პერიოდში შედგენილი ქართული სამართლის წიგნი. განკუთვნილი იყო აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთისათვის, სადაც ამ დროისათვის სრული ანარქია სუფევდა. მეფე ადგილზე გაეცნო მდგომარეობას, რის შემდეგაც მოიწვია საკანონმდებლო კრება სპეციალური ნორმატიული დოკუმენტის შესადგენად. იგი შედგება პრეამბულისა და 46 („მვ“) მუხლისაგან[1]. საოჯახო და სამოქალაქო სამართალს 4 მუხლი ეთმობა, დანარჩენი სისხლის სამართალია[1]. ჩამოთვლილია სხვადასხვა სახის დანაშაული და მათი შესაბამისი სასჯელი, რომელთაგან აღსანიშნავია: გაძევება, მამულის ჩამორთმევა, ჯარიმა, ბეგარა, გაპარსვა და სხვ.

ძეგლისდების ძირითადი მიზანი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში წესრიგის დამყარება იყო.

შედგენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მას შემდეგ, რაც გიორგი V ბრწყინვალემ დასავლეთ საქართველო შემოიერთა, ძირითადი ყურადღება იმ პერიოდისათვის შედარებით ჩამორჩენილ კუთხეზე — აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთზე გადაიტანა. მთიულეთში ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების წინააღმდეგ გამოსვლებს ჰქონდა ადგილი, გახშირებული იყო მკვლელობა და სხვა სახის დანაშაულები. ძეგლის შედგენის მიზეზად მის შესავალშიც მთიულეთში არსებული არეულობაა დასახელებული. როგორც წყაროებითაა ცნობილი, მეფე გიორგიმ პირადად შემოიარა მთიულეთი, იქიდან თბილისში ჩამოიყვანა წარმომადგენლები და მოიწვია დარბაზი, რომელზეც შედგენილ იქნა სამართლის წიგნი — „ძეგლის დადება“. ძეგლის შედგენის თარიღად ასახელებენ 1334-1335 წლებს[2][1].

შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუხლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძეგლისდება 46 მუხლისაგან შედგება. ჩამოთვლილია შემდეგი სახის დანაშაულებები:[1]

  1. მკვლელობა — ერისთავის (მუხ. 1), გამგებლის (მუხ. 2-5), ხევისბერის, მისი ნათესავის ან განაყოფის (მუხ. 6–10), ჰეროვანის, ციხისთავის, დედ–მამისა და ძმის (მუხ. 11–15–17);
  2. სამხედრო ვალდებულებისათვის („სალაშქრო საქმისათვის“) თავის არიდება (მუხ. 19–20);
  3. ცოლის გაშვება და მოტაცება (მუხ. 21–25, 29);
  4. ციხის დაქცევა (მუხ. 26);
  5. თავდასხმა (მუხ. 28);
  6. უარზანგობა (უპატიობა) (მუხ. 30);
  7. დაჭრა და ასოთ მიღება (მუხ. 31–39);
  8. ასაბიას მოკვლა ან დაჭრა (მუხ. 40);
  9. ამიერთ და იმიერთ (ხევის) ერთმანეთთან სამტროდ მიდგომა (მუხ. 42);
  10. მეკობრეობა (მუხ. 43–44);
  11. ვალი და პროცენტი (მუხ. 46);
  12. გაყრა (მუხ. 18);
  13. ბეითალმანი ქონება (მუხ. 27);
  14. მოხუცი მამისა და შვილის ურთიერთობა (მუხ. 16).

ამათგან სამოქალაქო სამართალს ეხება მხოლოდ ოთხი მუხლი: მე–16, მე–18, 27–ე და 45–ე. დანარჩენი 41 მუხლი კი სისხლის სამართლის დანაშაულებს განიხილავს.

შურისძიება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძეგლის დადებით შურისძიება შეზღუდულია, თუმცა სრულად აკრძალული არაა. შურისძიება გარკვეულ შემთხვევაში დანაშაულად არ განიხილება და გამართლებულია. მაგალითად, ძეგლის მიხედვით, ვისაც ცოლი მოსტაცეს, უფლე ეძლევა ერთი წლის განმავლობაში მომტაცებელს უპასუხოს დაწვით, მოტაცებით ან დარბევით (მუხ. 22, 25, 29); სასამართლოში სამჯერ გამოძახებისა და სამჯერვე უარყოფითი პასუხის მიღების შემთხვევაში პირს უფლება აქვს თავს დაესხას მოპასუხეს (მუხ. 28); თუკი ვინმეს რამე მოპარეს, მან ამის შესახებ ხევისბერთან ან გამგებელთან უნდა განაცხადოს და მოითხოვოს ნივთის უკან დაბრუნება. არ დაბრუნების შემთხვევაში მას შეუძლია იხმაროს ძალა, რაც თავდასხმად არ ჩაითვლება (მუხ. 54). შურისძიება და თვითგასწორება დაშვებულია, თუმცა იგი შეზღუდულია ერთი მხრივ დროით, მეორე მხრივ ხელისუფლებით. გარდა ამისა, თვითგასწორებას აქვს მხოლოდ პიროვნული ხასიათი და შურისძიება გვარზე არ გადადის, რაც გვაროვნული წყობილების დროს იყო დამახასიათებელი[3].

ტექსტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკიციტატა
„ჩვენ მეფეთ მეფემან გიორგიმ, ძემან ყოველთა შორის წარჩინებულისა მეფეთ მეფის დიმიტრისამან, დავდევით ძეგლი ესე განაჩენი, მას ჟამსა ოდეს შევედით მთიულთა შიგან მოსავლელად ღუთის მოწყალებითა ყოვლგნით უცილებლად ქონებასა შინა სამეფოსა ჩუენისასა და უცილებლად პყრობად ტახტისა და სკიპტრისასა წარვედით ტახტით ჩუენით ქალაქით და შევედით სასახლესა ჩუენსა ჟინვანს და მუნით მივედით ჴადა ცხაოტს და მოვასხენით ყოველნი მუნებურნი ჴევის ბერნი და ჰეროვანნი და გავიგონეთ მათნი საქმენი. დავსხედით მათსა სასაქმოსა და მივედით დარიელამდის და ვსცანით ესე, რომელ ღუთივ გუირგუინოსანთა და სანატრელთა ჩუენთა ჩამომავალთა მეფეთაგან ამად არ გასჩენოდა ძეგლითა გაჩენითა და დადებითა სისხლისა და სხვათა და მრავალთა უწესოთა მიმძლავრებულთა საქმეთა რომელნიმე საქმისა, რომლისათუის პრიანებოდათ აღრევით ყოფა ერთმანეთსა შიგან და რომელთამე სხვის ჟამისა შემოსრულობისათუის უკუე ყოფა გაჩენა ვერ სწრებოდეს და სრულად მთიულთა მოკლებასა და გაჩენასა და ჟამ გვცეს მოწყალებითა ღუთისათა. დარეალით მობრუნებულთა ვილოცეთ ლომისის მთავარ მოწამის წინაშე და ჩამოვიარეთ ცხრაზმის ჴევი და მოვიკლევით მუნებური საქმე, მოვედით მუხრანს საზამთროსა ჩუენსა და დავდეგით და შემოვედით ქალაქსა და შემოვიტანეთ თემისა და თემისა ერისთავნი და ჴევის თავნი და ჴევის ბერნი და ჰეროვანნი და დავსხედით. დავსვით წმიდა მეუფე და ქართლისა კათალიკოზი ეფთვიმი და დავსხით ვაზირნი და ეპისკოპოსნი და მოურავნი და გავიგონეთ, რომელ დიდი უსამართლო და მძლავრებულობა ქმნილ იყო ერთმანეთსა ზედა და სისხლის მსუბუქობისათუის ადვილ ჩნდა ჩუენდა ერთმანეთის ღალატად დასმა და დაქცევა ციხეთა, სიკუდილი, ცოლის წაგურა და უბრალოდ დაგდება და მრავალფერნი ულუსობა და ყოველნივე სამართალი აღარ იყო ღა და დღეისით წინათღა ერთმანეთის საყოფთა საქმეთა ამად აღარ შემოვიღეთ, ერთმანეთის ამოსვლა არ იქნებოდა, განაჩენ დაუდებლობა ექმნათ და აწ ყუელა გავაჩინეთ, რა რიგად ვის რა ეყოს, ერთმანეთის ავი სისხლი სდგეს, ანუ სხვა სასაქმო რაგინდარა იყოს, გარდახდეს ჯუართა ყელს აქეთ, ჴადა ცხაოტს, ზანდუკის ჴევს კიბეთ ქუეშეთ და მენესოს ზემოთ ეს განაჩენი დავდევით, სასჯულო საქმე და საეკკლესიო რისაც გინდა სასაქმოსა კაცის მკულელთა, ეკკლესიის მკრეხუელთა, ცოლის დამგდებელთა უბრალოსათა, ანუ წამგურელთა სხუათაგან. სხუა რაც სასჯულო საკითხავი იყოს, იგი კათალიკოზმან და მათ განაჩენთა მათ ზედა ეპისკოპოსთა მათ ჰკითხონ. ჩუენ მსოფლიოსა ამის სისხლი, პატივი და სასაქმო გაგუიჩენია. დღეიდან წაღმა ესრეთ იქმნას.

ა. ერისთავის სიკუდილი ვით აროდეს კადრებულა, აგრე ნუმცა ვისგან იკადრების და თუ ვის ღმერთი შერისხდეს და შეცოდება აზომ დიდი დაემართოს და მოკლას ერისთავი, ვითა უმსგავსო არის და უსაზომო შეცოდება, აგრეთვე დამეტებული დიდი პატივი და გარდახდევინება დარბაზით ეკითხოს, გარდახუეწა, მამულის წაღება და სისიხლი მისი გუარსა ზედა დაიურვოს და გარდაიხუეწოს და მუმულისა რაზო წლამდის დაიჭირვის, ამად არა გავაჩინეთ, რომე უმზომო იყო და არაოდეს ქმნილიყო და არცა ჩუენ წესადვე ვდებდთ, და თუ რამე იქმნას, მის ჟამის მეფემან იკითხოს, რაჟამცა უფრო ძნელად იკითხებოდეს.

ბ. განმგებელი თუ ქვეყანამ მოკლას, ერთმან სოფელმან, გინდა ერთმან პირმან, ჴევმან, მსახურ იყოს განმგებელად, ექუსი ათასი თეთრი დაიურვოს სისხლთა ფასით და თუითო კაცი დაიპირო სოფლისა და თავადი და რაზდენიცა კაცი იყოს თავადი, თუითო გაიპარსოს და რაზომიც სოფელი იყოს, ერთი ორი და რაზომიც გინდეს იყოს განმგებელისა რთოდეს, ვითა ძუელითგან გაჩენილი არის, თუითო ცხენი ბეგრად დაედვას წელიწადსა შიგან გამოსაყუანელად სასეფეოდ და საუკუნოდ.

გ. და თუ ერთს კაცს ეფათერაკოს განმგებელი კაცი, გაიპატიჯოს და მამულისაგან გაიძიოს და შეუნდობლად მამული სასეფოდ დადვას. და თუ სისხლის დაურვება არა შეეძლოს ანუ მამული ებოძოს მის კაცისა სისხლის მქნელისა დარბაზით, ანუ განმგებლის სახლს მეფისაგან სისხლი ებოძოს და მამული სასეფეოდ დაიდვას.

დ. და თუ აზნაურშვილი იყოს განმგებელად, მოკლან, მის გუარსა ზედან დაიურვონ სისხლი.

ე. და თუ ჴევის ბერმან მოკლას განმგებელი, სამს წლამდის მამულისაგან გაიძოს და ციხე და მამული სასეფეოდ დაადვას. ერისთავმან ტავიანთი სახლნი დაუწინდნენ. მესამეს წელიწადს მოვიდეს და ერისთავს შემოეხვეწოს. ერისთავმან ვეზირით დარბაზთ ჰკადროს და დარბაზით მამული ებოძოს ჴევის ბერსა და ამას ზემოთ გაჩენილი სისხლი დაეურვოს განმგებელის სისხლად და ჴევის ბერობაც წაეღოს და თუ მის ჴევის ბერის გვარის კაცი იყოს, ასეთი რომ განმგებელის სიკუდილს არ დახვერიყოს და არას ერიოს არა ცხადად და არა იდუმალ, თვით მას ებოძოს ჴევის ბერობა დარვაზიც და თუ არვინ იყოს მისი სახლის კაცი, ვინც ერისთავმან და ახალმან განმგებელმან გამოარჩიონ ერთი კაცი, მეფის ერთგული იყოს და ქუეყანასაც უჯობდეს, იგი დააყენონ დარბაზით ჴევის ბერად.

ვ. ჴევის ბერთა ასე გავაჩინეთ: ჴევის ბერი თუ მოკლას ჴევის ბერმან, სამს წელიწადს მამულისაგან გაიძოს, ერისთავისა და გამნმგებელისაგან თავათი სახლი დაეწინდნენ, მამული სამს წელიწადამდის სასეფეოდ დაეჭირვოს. მესამეს წელიწადს ერისთავსა და განმგებელს შემოეხვეწონ და მათ ვეზირით დარბაზთ მოახსენონ და მამული ჴელთ უბოძონ და სისხლთა ფასი ექვსი ათასი თეთრი დაუურვოს.

ზ. თუ ვინ ჴევის ბერის კაცის გაუყოფარი მის სახლსა შიგა მოახლე ერთ სახლის კაცთ მოკლან მამა, ბიძა, ძმა ბიძა, ძე ძმისწული, რაგინდარა მისის გუარისა მისი მოახლე, ესევ ექვსი ათასი თეთრი იყოს, მამულისაგან გაძება ორ წელიწადს და თავანთი სახლნი და ეწვნეს ერისთავისა და გამგებელისაგან და იმავე ზემოთ განაჩენით ერისთვისა და განმგებლისაგან დარბაზთ ეურვოს ვეზირთა და მოურავთა პირითა, მამული ებოძოს.

ჱ. და თუ ქვეყანამ მოკლას ჴევის ბერი, გამგებელის სიკუდილის სწორი პატივი, ბეგარი და სისხლი დაეურვოს და დაედვას ბეგარა საუკუნოდ.

თ. და თუ ჴევის ბერის განაყოფი და მისი გუარის კაცი მოკლას ვინმე თუ ძმაც იყოს ანუ სხვა რაგინდარა მეყვისი იყოს, ჴევის ბერის მოახლე იყოს განყოფით, განყოფისა კაცისათვის სამი ათასი თეთრი სისხლის ფასად მისცეს და ორ წელიწადს განეძოს და მამული სასეფეოდ დაედვას. ორს წელიწადს უკან იურვოს ერისთვის და გამნმგებლის პირითა იმავე ვეზირთა საურავითა და წესითა დარბაზისათა, მაშინღა მამული ებოძოს.

ი. ჴევის ბერის მეყვისისა და მისის მოახლის სისხლისა და მისის განაყოფისა სისხლი, ასეთისა რომე არა ეახლოს, ამად არად სწორად დავადევით, ამიტომ რომე ჴევის ბერს დარბაზით ლაშქართ თავადობა ჰბოძებია და იგინი მისნი მოახლენი იქნებიან და საბატიონი და მისნი მოახლენიცა. ამად რომე დარბაზით დაყენებული ჴევის ბერს ახლავან, თვარა განაყოფი არიან, მის განაყოფს ჴევის ბერის მუახლის სისხლის სწორი არ მართებს, ამად მისი სისხლი გაუნახევრეთ.

ია. ჰეროვანთა ასე გავაჩინეთ. ვინც ჰეროვანი კაცი მოკლას ჰეროვანმანვე კაცმან, სამს წლამდის გარდაიხვეწოს და სისხლი ორასი დრაჰკანი დაეურვოს, ათას ორასი თეთრი და მამული სასეფეოდ დაედვას და თუ დარბაზისა ცნობისა ღირსი იყოს იგი ჰეროვანი, თვით იმავე ზემოთ განაჩენით დარბაზს იკითხონ ერისთავმან და განმგებელმან და აგრევე უბოძონ მამული და თუ დარბაზს არ ღირს იყოს ცნობასა, თუით ერისთავმან და განმგებელმან შეუშვან და მისცენ მამული.

იბ. თუ ჴევის ბერმან მოკლას ჰეროვანი მამულის ნდომისათუის ერთს წელიწადს მამულისაგან განიძოს და თუ ისრე იფათერაკოს დაიურვოს ისრე, ვით ზემო გაგვიჩენია.

იგ. ციხის თავნი ორნი იყვნეს. ჴადას წესი ასრე არის, რომ ჴადელთ თუ ვინ მოკლას ციხის თავი, ჴევის ბერმან ანუ სხუამ ვინმემ ესრეთ რომ ციხის თავად იდგეს ბრძანებით და არა გადადგომილ იყოს, სამს წელიწადს მამულისაგან განიძოს და მამული სასეფეოდ დაიჭიროს და სამი ათას ხუთასი თეთრი სისხლად დაეურვოს, სამს წელიწადს უკან შემოიშვას და მამული ებოძოს იმ ზემოთ წესითა და განაჩენითა.

იდ. თუ უციხისთაო ჴადელი კაცი მოკლას ვინმე, თუ ციხის თავადაც დგომილ იყოს, დაეგდოს და აღარ იყოს ციხის თავად, ჰეროვანის სისხლი დაეურვოს და მამულისაგან განიძოს ეზომსა ხანსა, ვითა ზემოთ ჰეროვნისათვის გაგვიჩენია. იმავ წესით შემოუშვას და თუ ციხისთავის ძმა ანუ შვილი ვინმე მოკლას, ჰეროვნის სისხლით დაიურვონ.

იე. დედმამათა სიკუდილიშვილისაგან უწესო არის და ღმერთმან ნუ აყოფინოს ამის კადრება და თუ ვის ღმერთი შერისხდეს და დაემართოს რაც უარესია, ყველას დამართება და ყოფა, პირიანი გაპატიჯება, გაძება შეუნდობლად, შემოუშვებლობა, აღმოფხვრა და აღმოწყვეტა. სისხლი გაჩენით ამად არ შევამკვეთეთ, უსახო და უმსგავსო იყო და უწესო, სხვათაგან სასახოდ დაიდებოდა და არცა ესე წესია, რომე დედმამათა სიკუდილისათვის რარიგადრა სააო დაუამოს შვილთა კაცმან, და რაზომიცა კაცი შვილთა თანა ადგეს მამადედათა სიკუდილს, იგიცა ამავე პატივითა იკითხოს და სისხლი ამად არა გავაჩინეთ ამავე ჩუენთა ჟამთა შინა არა ქნილა და ღმერთმან ნუცა აყოფინოს.

ივ. თუ მამა დაუბერდეს და შვილი მოსწიფოდეს და მამას ბატონის სამსახური არ შეეძლოს, უპრიანია ერთგან ყოფნა და თუ რადმე ვერ იქნებოდენ და ნასყიდი ეყოფოდეს, მამამ ნასყიდი დაიჭიროს და შვილი მამულით გვემსახუროს და თუ მამას ნასყიდი არ ეყოფოდეს, მამულისაგანც დაიზიაროს და შვილთან ნების მყოფელი იყოს, ნასყიდიც შვილს დაუგდოს და თუ ნების მყოფელი არ იყოს, ნასყიდში არა ჴელი აქუს შვილსა. და თუ უნდა მამა გაჰყიდის და თუ უნდა მონასყიდე შეიტანს. რასაც უზამს, მამამ იცის. შვილი ნასყიდს ვერ ეცილოს.

იზ. ვისაც ღმერთი შერისხდეს და ძმამ ძმა მოჰკლას, იგი მკულელი ათს წელიწადს მამულიდამ გაიძოს და მამული საგამგებელს შემოეხვეწოს, მათ ვეზირთ მოახსენონ, ვეზირთ დაბაზს ჰკადრონ და ესეთი შემოუშვან. რასაც რამ გვარი იყოს, იმ წესით სისხლი დაეურვოს და მამული ებოძოს და თუ მის მოკლულის კაცის შვილი ღა დარჩეს, არც მისი მოახლე გაუყოფელი, მან ძმამ მის ძმის სისხლისათვუის ნახევარი მამული მისის სულისათუის წააგოს და ნახევარი სასეფოდ დაედვას და იგი ნახევარი სისხლი მისის სულისათუის გაჩენილი, მას მიეცეს, ვინც მისი მეყვისი დარჩეს სულისათუის სასაუროთ და თუ არვინ დარჩეს, ერისთავმან და გამგებელმან წაუგოს მის ქვეყანისა ხუცესთა და კაცთა ხელითა.

იჱ. და თუ ოთხნი ხუთნი ძმანი იყუნენ და რაზომცა გაყოფით იყუნენ, მოახლემ აიღოს და მოაჴმაროს მისსა სულსა და თუ ამ მოკლულის კაცის ცოლი დარჩეს და არ გათხოვდებოდეს, მის მოკულის კაცის სისხლისაგან სასაპყრო მიეცეს ძალისა მსგავსად და თუ დარბაზის ცნობას ღირს იყუნენ, დარბაზს იკითხონ და დარბაზით გაეჩინოს და თუ არ ღირს იყუნენ, ერისთავმან და განმგებელმან გაუჩინოს და სისხლისაგანც მიეცეს და ათისაგანც ერთი.

ით. სალაშქრო საქმე ასე გავაჩინეთ: რომელიც ქუეყანა და თემი აწვივნეს ბრძანებითა ერისთავმან და განმგებელმან და ჟამიერად არ გამოვიდნენ, ქუეყანამან თუ სოფელმან და თუ ერთმან კაცმან და რაზომცა ღა კაცმან დააკლოს ლაშქრობა, ერთს წელიწადს არ შეენდოს და მამული დაეჭიროს სასეფეოდ და თუითო ჴარი წაეგვაროს სასეფეოდ და მეორეს წელიწადს მამული ისევ ებოძოს ერისთვისა და გამგებლისაგან საურავითა, ესე ჰეროვნისა და მსოფლიონისა იყოს და თუ ჴევის ბერმან დააკლოს და არ გაჰყვეს, ჴევის ბერობა და მამული წაეღოს და ერთს წელიწადს უკან მამული ისევ ებოძოს, თუ ნამსახური იყოს და სხვა არა შეეცოდოს რა.

კ. ჴევის ბერი თუ უგემურად იყოს ლაშქრობის ჟამს, მისი ძმა და მოახლე კაცი წავიდეს და ჴევის ბერს შეენდოს ლაშქარს წაუსვლელობა.

კა. კაცმან თუ ცოლი დააგდოს უბრალოდ და მისი შეუცოდარი იყოს და გაეყაროს, ესეთსა ნახევარი სისხლი დაუურვოს მის დიაცის გუარსა ზედა.

კბ. კაცმან თუ კაცსა ცოლი წაართვუას, იგი ცოლწაგურილი კაცი რასაც ვის ემტეროს ერთს წლამდის, დაწუასა, მოტაცებასა, დარბევასა, არა მიუფასოს, რა რიგად წარუღოს სისხლის ქნისაგან მეტი და ერთს წელიწადს უკან რას ემტერების, იგიც მიეფერების, ნახევარ სისხლის დაურვება მართებს მათს გუარსა ზედა ცოლის წაგურისათუის და სისხლისა მიეფასების. რასაც მოჰლავს მტერობასა შიგან, ერთს წლამდის სისხლი არაოდეს გაუცუდდების თუინიერ დამსხმელისა, ისე რომე ქუემო გაგუიჩენია.

კგ. კაცმან თუ გუირგუინ ნაკურთხი ცოლი წაჰგუაროს, თუ არა შეჰყროდეს, ნახევარის სისხლით დაიურვოს მათს გუარსა ზედა.

კდ. კაცმან თუ ჯუარ გაცულილი ცოლი წაჰგუაროს, სისხლის მეექუსედი დაიურვოს მათსა გუარსა ზედა.

კე. ვინც ცოლი უბრალოდ დააგდოს და ამოჩნდეს რომე არა შეეცოდოს რა, ესეთს უბრალოს გჰყროდეს, სისხლის ნახევარი დაიურვოს მისის სახლის წესსა ზედა.

კვ. კაცმან თუ კაცს ცოლი წაჰგუაროს, იგი ცოლ წაგურილი კაცი რასაც ემტეროს, ზემოთ გაჩენილია და თუ დაესხას ასეთი რომე არც შეზავებულ იყუნენ, არც დანდობილ იყუნენ, არც სისხლი აღებულ იყოს, დამსხმელი არ იქნების, არც მოიკულის, სისხლი ორთავე მკვეხველად მივიდეს და შემოებას და ესეთი მოკლან და წირვისა კათალიკოზმან და ეპისკოპოსთ გაუჩინონ და თუ დიაცი მეომრად იყოს და აბჯარი ჰქონდეს და მოკუდეს, გაუცუდდეს მის დიაცის სისხლი და თუ უბრალო მოკლან, ორი სისხლი დაიურვონ დიაცისათუის და გერში ყუელასი სწორე არს, მონაზონთა, ხუცესთა, მწირუელისა და დიაცისა და თუ არა მწირუელია, არ შემოვა ორ სისხლად და სისხლიც სწორეა მონაზონთა, მწირუელთა, ხუცესთა და დედათა ორკეცი სისხლი არს. უბრალოდ დაემართოს და მოკუდეს, ანუ დაიკოდონ, მისის გუარის წესით დაიურვოს. შუად მონაზონი ანუ მწირუელი ხუცესი ანუ დიაცი მივიდეს, ესრეთ რომ აბჯარი არა ჯქონდეს და ასეთი მოკლან. ვინც მოკლას, ორკეცი სისხლი დაიურვოს მისსა გუარსა ზედა.

კზ. დარბაზით უბრძანებლად ვიცა ციხე დაუქციონ ანუ ჴევის ბერმან, კაცმან ანუ ქუეყანამან ქუეყანასა ანუ სწორმან სწორსა და ვინ გინდა ვის დაექციოს და ამათის მტერობისათუის დაქცეოდეს და ამათ შუა სხუა რაც სასაქმო იყოს, ვითა გაგუიჩენია, აგრე გარდასწყდეს და ციხის დაქცევისათუის დაიურვონ ნახევარი სისხლი, რასაც გუარისა არის და რასაც გუარის ციხის პატრონი იყოს, მისსა გუარსა ზედა ციხე აგრევე ააგოს დამქცეველმან და თუ ბრძანება ჰქონდეს და ბრძანებით დაექციოს და თავით გარდაჴდეს, არას ემართლებიან.

კჱ. ბეიტალმანად რაც პარტახტი მამული დარჩეს, რომე მემამულე აღარ მიაჩნდეს, თუ მისის გუარის კაცნი გამოჩნდნენ ერთ გუარნი და რომელნი მეუფროსნი, მეყვისნი და მოსამართლენი იყუნენჭირსა და ლხინსა, უფრო თან მდგომნი ყოფილიყუნენ, მათ ებოძოს, ასე რომე საჯარო, სალაშქრო და საბეგრო არ დააკლდეს ქუეყანასა და თუ მათის გუარისა აღარა დარჩეს რა კაცი, ამავე საჯარო ბეგარა სალაშქროთ ვინღა შეიწყნაროს და ღირს იყუნენ ბოძებათა, დარბაზით ებოძოს და თუ დარბაზით მისისა ბოძებისა უღირსი იყოს, ერისთავმან და გამგებელმან მისცენ, აგრეთვე მობეგრედ და მოსამსახურედ იყუნენ.

კთ. დამსხმელისა ასე გავაჩინეთ: კაცს ვისმე სხუას კაცთანა საქმე ედვას და მივიდეს იგი მოსაქმე კაცი და მას კაცს სამართალი სთხოოსდა არ გამოჰყუეს და მერე მოვიდეს იგი კაცი და გამგებელს ეუბნოს: ამ კაცთან სამართალი მეც გთხოე და არ გამომყვა. ეს საქმე ერისთავს მოაჴსენონ გამგებელმან და მან კაცმან ორჯელ სამჯერ გამოიწიოს სამართალსა. თუ არ გამოჰყუებოდეს, არც ერისთვის სიტყვითა, არც გამგებლისათა და მოწმობდენ მართლად, უთნევად და უქრთამოდ, თუ სამჯერ სამართალი ითხოვა და არ გამოჰყოლოდეს, ისეთი კაცი თუ კაცს დაესხას, რაც რომლისა მოკუდეს ან და იკადროს, სისხლი და გერში ორტავე სწორია ზედა დამსხმელისა და შინა მყოფისა, ამისთვის რომ სამართალს სამჯერ აწვია და არ გამოჰყვა. ერისთავი და გამგებელი მოწმობენ, მათი კაცი მოსრულა და არ გამოჰყოლია სასამართლოდ, ამისთუის დამსხმელისა და შინ მყოფისა სისხლი გასწორდების თავისა გუარსა ზედა, რასაც გუარის კაცნი იყუნენ. ესეთი კაცის კაცს დაესხას, რომე საქმესა დარბაზისასა იმეზეზებდეს უკანის და პირველ ერისთვისა და გამგებლის სიტყუით და მოწმობით სამჯერ სამართალს ეწვიოს და ესეთს უბრალოსა ზედა დაესხას, დამსხმელისა სისხლი არ არის, რაზომიცა მოკუდეს, ყუელა გაცუდდების და მას კაცსა და ქუეყანას , რომელსაც ზედ დაესხმის, ყუელას სისხლი მართალია, რაზომიც უბრალოა, დამსხმელმან კაცმან მოკლას, ყუელა დაიურვოს თავის გუარსა ზედა.

ლ. თუ კაცსა ცოლი წაჰგუაროს და ნუ მოკლას, რა უბრალო ასეთი და იგი კაცი დაესხას ზედა მის მამკულელისასა და ცოლის წაგურის დასხმისათუის, დამსხმელი არა ჰქვიან. მამულისა ანუ სხუისა რისამე ესე არის: ვისიც თორმეტი ათასი თეთრი სისხლის ფასი, მას ერთი უარზანგობა სამასი თეთრი არის, აზნაურთა ჴევის ბერთა ასორმოცდა ათი თეთრი არის ერთი უარზანგობა.

ლა. ჰეროვანთა ოცდაათი თეთრი და ამ წესით გაუიჩენია: ვისიც სისხლი უფროსი იყოს ანუ უმცრო, უარზანგობაც ამ გაჩენით იყოს.

ლბ. გერშის საქმე ასრე იქნას. ვისცა პირსა ზედა გერში აჩნდეს სადაღედ და ანუ ცხვირნი მოეკუეთნეს, სისხლის მეხუთედი დაეურვოს. რასაც გუარის კაცი იყოს, თუ გერში სად საჩინოდ იყოს, ასრე რომე არ დაშავდებოდეს და დააჩნდეს, სამი უარზანგობა დაეურვოს და დასტაქართა წამლის ფასი.

ლგ. ასოთ ფასი ასეთ გავაჩინეთ. მარჯუენა ჴელი ვისაც მოეკუეთოს ანუ დაუშავდეს დაკოდილობითა, სისხლის მესამედით დაიურვოს.

ლდ. კაცი თუ ლაყოჩა იყოს და მარცხენას ჴელს მარჯუენად იხმარებდეს, მარჯუენის ჴელის სისხლი დაეურვოს.

ლე. კაცს თუ თუალი წამოვარდეს ანუ ფეჴი დაუშავდეს ანუ მოეკუეთოს, სისხლის მეოთხედი დაეურვოს.

ლვ. ერთს ომში ერთს კაცს ორივ ჴელი დაუშავდეს, ანუ ფეჴნი, გინა თუალნი წაუჴდეს, სისხლის ნახევარი დაეურვოს მისსა გუარსა ზედა და დასტაქართა წამლის ფასი, რაც გასლოდეს და თუ თუითოს ომსა შიგან თუითო დაუშავდეს და არ ერთგან ორი, ისრევე ქნას, ვითა ზემო გაგვიჩენია.

ლზ. კაცმან თუ კაცს ცერი მოჰკუეთოს ანუ დაუშავდეს, ჴელის განაჩენითა ნახევრის სისხლით დაიურვოს. ჴელის მარჯვენა იყოს თუ მარცხენა მისის განაჩენით და თუ სხუა რომელიც თითი მოეკუეთოს და ანუ დაუშავდეს, ჴელის მესამედი და სისხლი დაუურვოს.

ლჱ. სადაც კაცი დაიკოდოს, ასრე რომე არა ჩნდეს ტანისამოსისაგან, არცა რა დაუშავდეს თუითოს დაკოდილობისათუის, თუითო უზანგობით დაიურვოს თავის გუარსა ზედა და დასტაქარსა წამლის ფასი, რაც გასლოდეს, ისიც მისცეს.

ლთ. კაცმან თუ კაცს კბილი ჩააგდებინოს, ოთხთა ზემოთ წინათ, ოთხთა ქვემოთ, საჩინოთა კბილთა ჩაყრევინებისათუის თუითოს კბილისათუისოროლლი უზანგობა დაიურვოს თავის წესსა და გუარსა ზედა.

მ. ამ ოთხთა კბილთა იქით სხუათა უჩინართა ჩაყრევინებისათუის თუითოს კბილისათუის თუითო უზანგობა დაიურვოს.

მა. ვისაც ასაბია იახლოს და მოკუდეს ანუ დაიკოდოს, მის მამკულელის კაცისაგან არც სისხლი დაეურვოს და არც გერში მიეცეს და ვისიც ასაბია ყოფილა, მათი საქმე ასრე იქნას: თუ მათ შუა ამისი პირი იდუას, რომ ერთმანეთის ასაბიანი იყუნენ და დაიჴოცებოდენ, უღირდეს სიკუდილი და გაუყრელობა, თუით მათ იციან, შესწორებული საქმე არის და თუ რადმე გაიყრებოდენ და მოყუარენი აღარ იყუნენ მის მომკუდრის კაცის სისხლისათუის, თუ მის ასაბიათ წამყუანელის კაცის სხისხლის კაცი პირველ არ მომკუდარიყოს და ესრეთ ესაბიოს, სისხლის დაურვება მის გუარსა ზედა და მას რბევასა შიგან ოდეს იგი მოასაბე მომკუდარი იყოს, მისის სისხლის კაცთა მისთა ყმათა სანივთოსა ეშოვნოსთ, ასეთი რომ კარგი იყოს, რად სისხლტა შიგან მიეფასოს. ამისთუის მას სისხლსა დააურვებს და ვინც მორბეულა, მას უზღავს და თუ სანივთო არ იყოს, ნურა მიეფასების რა.

მბ. ლომისას ვინც გლეხი მოკლას, თუ მეფეთაგან შეწირულია, გინა სხუათა ვისგანმე, ათას ხუთასი თეთრი დაეურვოს, თუით ძუელითგან გაჩენილი არის ლომისის სამძღუარსა ზედა, ამიერი ჴადცჴაოტს მიმდგომი არის და აგრევე გაჩენით იყოს.

მგ. ამიერნი ჴევის ბერნი და ჰეროვანნი ამიერთ ნუ ოდეს ნუ მიუდგებიან ნურცა სალაშქროდ ნურცა სასაურვოდ ისაქმებენ ერთმანეთთანა თავის თავისასა საერისთაოს და რომელიც მიუდგეს, რომელიც თუ უნდა იმიერი ამიერსა ანუ ამიერი იმერსა, დარბაზით მამული წაეღოსთ და უკუნექციოს.

მდ. სამეკობრე საქმე ასე გაგავაჩინეთ რომე ვინცა ვინ მოიპაროს ცხენი, ცხვარი, ძროხა ანუ სასაქონლო რაიმე, ანუ სახლი გატეხონ და წაიღონ რამე და უკან წაუდგნენ წამოეწივნენ მეკობრენი შემოებნენ და მეკობრე რაზომიცა მოკლას სისხლი გაუცუდდეს ყუელასი და ნაპარევისათუის ერთი თუით იგი თავადი დაუურვონ და ორი სხუა, თავითურთ სამი შეიქნას და სახლის პატრონი თუ მოკლას ანუ მისი მოხელე უკან მდევარი, რაზომიცა მოკუდენ, სისხლი სრული დაუურვონ და ნაპარევი ყველა ამ განაჩენით იზღუეოდენ ერთი რაც წაჴდენოდეს ორი სხუა.

მე. კაცსა რომ მოეპაროს ვისგან რაიმე და მას ჟამს ვერა შეიგნონ რა და უკანის შეამცნიონ ნაპარევი და გამოჩნდეს მართლად, მოვიდნენ და სთხოონ, ქუეყანა იყოს მეკობრე თუ ერთი კაცი და როდისაც მოვიდეს საქონლის პატრონი და სთხოოს, იგი უმართლე არის და მისცემენ იმ ზემოთის განაჩენითა. კარგად გარდაუხადოს და თუ არ მისცენ, გამგებელსა და მის ქუეყნის ჴევის ბერს აცნობონ, მათ უთხრან და დააურვებინონ ამავე განაჩენითა და თუ არც ამ სიტყუით გამოერთვას და ეთხოოს ორჯელ სამჯერ. სადა ახლოს ერისთავი იყოს, მასმცა აცნობოს და თუ არც მან დაუურვებინოს, ეს საქონლის პატრონი ზედ დაესხას მას მეკობრესა, დამსხმელი არ ჰქუიან, არც პირით მეკობრეთ ანუ მისთა ასაბიათა და შემომბმელთა მეკობრესთან მოკუდეს, სისხლი ნუ ეზღუევის მათი და რაზომიც საქონლისა პატრონი მოკუდეს, ყუელასი სისხლი დაიურვონ, ამიტომ რომე მეკობრეთ დაუთხოვნია. გამგებელი და ჴევის ბერნი მოწმობენ არ მომცემია ორჯელ სამჯერ. ამისთვის მათი სისიხლი გაცუდდების.

მვ. ვალის საქმე ესრე გავაჩინეთ: სარგებელი არც ქართველთ სჯულთა სძესთ წესად რომე აიღონ და არც სხუათა სჯულთა უწერია და სარგებელი არის უწესო და თუ რადმე მიმცემი კაცი ასრე ავი იყოს, რომე სარგებელი აიღოს რაგინდარა ხანი გამოსულიყოს, ათსა თეთრსა ზედან ორი თეთრი მიეცეს. რაზომი დიდი ხანი დაეყოს, ამი მეტსა ნურას მისცემს და არც სამართალია მისაცემლად და თუ დია რათმე ავი კაცი არ არის, არც ამისი აღება მართებს. სამართალი ესრეთ ყონ ყოველთა.“

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 ივ. სურგულაძე, ქართული სამართლის ისტორიის ნარკვევები I, თბილისი, 2000, გვ. 79
  2. ი. დოლიძე, გიორგი ბრწყინვალის სამართალი, 1957, გვ. 15.
  3. ივ. სურგულაძე, ქართული სამართლის ისტორიის ნარკვევები I, თბილისი, 2000, გვ. 80