ჩიჩახვა ჩიბუხასებრნი[1][2] (ლათ.Thinocoridae) — მიწის ფრინველთაოჯახიმეჭვავიასნაირთარიგისა. ცნობილია 2 გვარი (Thinocorus, Attagis) ორ-ორი სახეობით. მათი სხეულის სიგრძეა 18-დან (პატაგონიური ჩიჩახვა ჩიბუხა, T. rumicivorus) 30 სმ-მდე (წითურმუცელა ატაგისი, A. gayi), მასა შესაბამისად 50–60 გ და 300–400 გ. გარეგნულად მტრედს ჰგვანან: ტანი მომრგვალოა, თავი პატარა, ნისკარტი და ფეხები მოკლე. ნესტოები არ არის გამჭოლი, დაფარულია კანის სარქველებით. ფრთები გრძელი და მახვილი; ბოლო მოკლე, მომრგვალებული. წინა თითები გრძელია, უკანა თითი — მოკლე, წამოწეული. ჩიჩახვი კარგადაა განვითარებული (აქედან სახელწოდება). შეფერილობა ზევიდან შემნიღბველია (ბუმბულების მუქი ცენტრები შემოვლებულია ჟანგმიწოვანი ან ყავისფერი წვეროებით, რაც ქერცლისებრ მოხატულობას წარმოქმნის), მუცელი თეთრი ან წითურია. Thinocorus-ის გვარის მამლები დედლისაგან გამოირჩევიან მოცისფრო-რუხი ფერის მკერდით. ჩიჩახვა ჩიბუხასებრნი უმთავრესად ბინადრობენ სამხრეთ ამერიკის (ეკვადორიდან კუნძულ ცეცხლოვან მიწამდე) ცივი მთების (ზღვის დონიდან 5500 მეტრამდე) სტეპებსა და ნახევარუდაბნოებში; პატაგონიური ჩიჩახვა ჩიბუხა ბინადრობს ჩილეს მშრალ მთისწინეთებსა და სანაპიროებზე. იკვებებიან მცენარეების წყლიანი ვეგეტატიური ნაწილებით და თესლებით. მონოგამური ფრინველები არიან. ბუდე არაღრმა ორმოა, რომელიც ხმელი ბალახეული მასალებითაა ამოფენილი; დედალი საკვების ძიების დროს (1 საათამდე) ბუდეს ამ ბალახებით მალავს. დებს 4 ცალ მსხლის ფორმის კვერცხს; ინკუბაცია დაახლ. 26 დღე გრძელდება. ბარტყები ფრენის უნარს 7 დღეში იძენენ. გამრავლების სეზონის გარდა მომთაბარეობენ მცირე გუნდებად.