შიო ჩიტაძე
შიო ჩიტაძე (დ. 4 თებერვალი, 1873, გორი — გ. 4 ივლისი, 1906, თბილისი) — ქართველი პედაგოგი, პუბლიცისტი, პოლიტიკოსი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაამთავრა გორის სასულიერო სასწავლებელი 1887 წელს. შემდეგ ჩააბარა მისაღები გამოცდები თბილისის მეორე გიმნაზიაში და მესამე კლასში ჩაირიცხა. გიმნაზიაში სწავლის პერიოდში აქტიურად ჩაება საზოგადოებრივ-რევოლუციურ მუშობაში. გიმნაზიის სრული კურსი დაასრულა 1892 წელს და შევიდა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, მაგრამ ერთ წელიწადში გადავიდა კიევის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, სადაც იგი საუკეთესო სტუდენტად ითვლებოდა.
კიევში აირჩიეს ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს გამგეობის თავმჯდომარედ. მეგობრობდა მწერალ ლესია უკრაინკასთან. უნივერსიტეტი წარმატებით დაასრულა 1897 წელს და მიიწვიეს რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად კიევის გიმნაზიაში, მათ შორის ფუნდკლეევის ქალთა კერძო გიმნაზიაში. ზაფხულობით ხელმძღვანელობდა სახალხო სკოლების მასწავლებელთა პედაგოგიური კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს; აქტიურ მონაწილეობას იღებდა კიევის ჟურნალ-გაზეთებში, რომლებშიც სისტემატურად ათავსებდა ფსიქოლოგიურ და ლიტერატურულ-კრიტიკულ სტატია-ნარკვევებს, ეწეოდა რევოლუციურ მუშობას.
1904 წელს თბლისის ქართული გიმნაზიის გამგე-კომიტეტმა იგი რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მიიწვია და მან თბილისის ქართულ გიმნაზიაში დაიწყო მუშაობა. მალე იგი გიმნაზიის ინსპექტორად დაინიშნა. ამ თანამდებობაზე დანიშვნისთანავე შეუდგა ქართულ გიმნაზიაში მმართველობის დემოკრატიული სისტემის შემოღებასა და სწავლა-აღზრდის ახალ პედაგოგიკურ-დიდაქტიკურ პრონციპებზე დამკვიდრებას, ამავე პერიოდში უფრო ფართოდ გაშალა რევოლუციური მუშაობა. მისი ინიციატივითა და უშუალო ხელმძღვანელობით მოეწყო 1905 წლის 13 აპრილის მასწავლებელთა ყრილობა თბილისში; მონაწილეობდა თბილისის სკოლების მოსწავლეთა მიტინგზე 1905 წლის სექტემბერში.
იყო სოციალისტ-ფედერალისტების პარტიის წევრი და ამ პარტიის გამოცემების „ცნობის ფურცლისა“ და „შრომის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი და მუდმივი თანამშრომელი. 1906 წელს მისსავე საცხოვრებელ ბინაში მოკლეს.
მისი ძმა, გოლა ჩიტაძე, მარქსისტი რევოლუციონერი იყო. დაკრძალულია კუკიის სასაფლაოზე. თბილისში არსებობს შიო ჩიტაძის ქუჩა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნარსია, გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 139-140.
- ქაჯაია, ვ. „გამოჩენილი ქართველი პედაგოგი შიო ჩიტაძე“, თბილისი, 1948