შინაარსზე გადასვლა

ქალაქთა კავშირი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქალაქთა კავშირისაქართველოში არსებული საქალაქო თვითმმართველობათა მაკოორდინებელი ორგანო. შეიქმნა 1918 წლის 14 სექტემბერს. იყო სახელმწიფოსა და თვითმმართველქალაქებს შორის დამაკავშირებელი რგოლი, უფლება ჰქონდა, ინიციატივით მიემართა ცენტრალური ხელისუფლებისა და პარლამენტისათვის. დამტკიცებული დებულების თანახმად, მისი ფუნქციონირებისათვის ქალაქები ვალდებული იყვნენ, „კავშირის“ ფონდში ჩაერიცხათ საწევრო შენატანი (თავდაპირველად საუბარი იყო ქალაქის ბიუჯეტის 0.5%-ის შეტანაზე, თუმცა ქალაქები დაწესებულგადასახადს ვერ იხდიდნენ და თითქმის ყველა ქალაქს დავალიანება დაუგროვდა), ასევე „ქალაქთა კავშირს“ ჰქონდა სამეწარმეო საქმიანობის უფლება. 1918 წლის 5 სექტემბერს გაიხსნა ამიერკავკასიის „ქალაქთა კავშირის“ მე-7 ყრილობა. პირველივე დღეს „კავშირის“ მომავალი საქმიანობისა და ფუნქციის თაობაზე დელეგატთა შორის მწვავე დებატები გაიმართა. ძირითადად, ორი მოსაზრება გამოიკვეთა - ერთნი ცდილობდნენ „კავშირს“ განეგრძო არსებობა ამ ფორმით და ამ სახელით, ხოლო მეორენი მოუწოდებდნენ დელეგატებს, მხარი დაეჭირათ „ამიერკავკასიის ქალაქთა კავშირის“ რეორგანიზაციისათვის და მის ბაზაზე შეექმნათ საქართველოს „ქალაქთა კავშირი“. საბოლოოდ, ამ უკანასკნელმა მოსაზრებამ გაიმარჯვა. „ამიერკავკასიის ქალაქთა კავშირის“ ყრილობის ბოლოს, 14 სექტემბრის სხდომაზე, მიიღეს შემდეგი რეზოლუცია: „ვიღებთ რა მხედველობაში, რომ პოლიტიკურმა პირობებმა გაყვეს ამიერ კავკასია სამ რესპუბლიკათ და შეუძლებელი გახდა, რომ სხვა რესპუბლიკის ქალაქთა წარმომადგენელთ მიეღოთ მონაწილეობა ყრილობაში, არსებობა „ქალაქთა კავშირისა“ ფაქტობრივათ დაირღვა, მხოლოდ სახელი, ფორმა რჩება ამიერ კავკასიისა, რაც არც სასურველია და ხელს უშლის საქმის ნორმალურ მსვლელობას. ერთად ერთი გამოსავალი ამ მდგომარეობიდან, ეს დაარსებაა ყველა რესპუბლიკის ფარგლებში დამოუკიდებელი ქალაქთა კავშირებისა. ამის გამო ყრილობა აცხადებს მთავარ კომიტეტს გაუქმებულათ და ყრილობას დახურულათ“. იმავე საღამოს გაიხსნა საქართველოს „ქალაქთა კავშირის“ დამფუძნებელი ყრილობა. პარტიების წარმომადგენლებმა მას შემდეგ, რაც შეჯერდნენ სტრუქტურაზე და მთავარ კომიტეტის სარევიზიო და სარედაქციო კომისიები რაოდენობაზე, გამოაცხადეს შესვენება კანდიდატებზე ფრაქციული კონსულტაციებისათვის. ყრილობის განახლების შემდეგ ჩატარდა არჩევნები. მთავარ კომიტეტში სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიიდან გავიდნენ:მ. რუსია, ს. რობაქიძე, ნ. ფალილეევი, დ. კალანდარიშვილი, ი.ჟორდანია, ი. ბესელიძე, მ. ამჩისლავსკი, კ. საბახტარიშვილი, ნ. ელიავა და ა. გ. კარაევი; სოციალ-ფედერალისტური სარევოლუციო პარტიიდან: ს. მდივანი, ა. პაპავა; სოციალ-რევოლუციური პარტიიდან: ა.კალიუჟნი, ა. ხუდადოვი; დაშნაკებიდან: გ. იაგჯიანი, ბ. ტოპჩიანი. მთ. კომიტეტის კანდიდატებად აირჩიეს სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან: პ. კიკალეიშვილი, ა. კორძაია, კ. ანდრონიკაშვილი; სოციალ-ფედერალისტური პარტიიდან: ა. ჯაჯანაშვილი; სოციალ-რევოლუციური პარტიიდან: გ. მარქარიანი; დაშნაკებიდან: ა. ბაბაიანი, მ. ზარგარიანი. სარევიზიო კომისიაში აირჩიეს: სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან: ვ. შარაშენიძე, პ. ჯაფარიძე, ა. ჭიაბერიშვილი; სოციალ-რევოლუციური პარტიიდან ნ. ტარხანოვი; დაშნაკებიდან ს. მანასიანი. საქართველოს „ქალაქთა კავშირის“ თავმჯდომარედ აირჩიეს ნ.ელიავა. საქართველოს „ქალაქთა კავშირმა“ დაარსებისთანავე დაიწყო აქტიური საქმიანობა, თუმცა გარკვეული პერიოდი დასჭირდა რეორგანიზაციის პროცესს. 1919 წლიდან „ქალაქთა კავშირი“ თავის საქმიანობას მნიშვნელოვნად აფართოებს, რასაც ნაწილობრივ ხელი შეუწყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა, რომლის დროსაც ქალაქების საბჭოები დაკომპლექტდა ქართული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისაგან, ასევე მთავრობის პოლიტიკურმა კურსმა, რომ ქალაქებისათვის და ერობებისათვის მეტი დამოუკიდებლობა მიეცათ. 1919 წლის 16 მარტს გაიმართა ქალაქთა კავშირის“ II ყრილობა, რომელმაც იმსჯელა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე. მოისმინა „კავშირის“ განყოფილებების მოხსენებები, ასევე საქალაქო თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ინფორმაცია. ყრილობის მუშაობაში მთავარი საკითხი იყო ქალაქთა საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ მსჯელობა, საქალაქო დებულების შემუშავება და „ერობათა კავშირსა“ და „ქალაქთა კავშირს“ შორის ურთიერთობის განსაზღვრა. საკმაოდ მწვავე დებატები გამოიწვია „კავშირის“ „სამედიკო სასანიტარო განყოფილების“ გამგის, პ. კიკალეიშვილის, მოხსენებამ. კამათში გამოსულმა სხვადასხვა ქალაქის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ „კავშირის უმთავრესი კომიტეტი საკმაოდ არ შველის ქალაქებს სხვა და სხვა გადამდებ სენთან საბრძოლველათ, მაგალითად სახადთან, რომელიც ფრიად გავრცელებულია საქართველოს ქალაქ-სოფლებში... მსჯელობის დროს ბორჯომის წარმომადგენელმა ბ-ნმა კანდელაკმა სხვათა შორის, აღიარა, რომ გაზაფხულს უნდა მოველოდეთ ხოლერას, მუცლის ტიფს და დიზენტერიას და საჭიროა ეხლავე ქალაქთა კავშირმა მიიღოს სათანადო ზომები. სხვათა შორის, ორატორმა განაცხადა, რომ ბაკურიანის ტყეებში ჯერ ეხლაც ასობით ყრია დაუმარხველი მკვდრები, რომელიც ხოლერამ შარშან იმსხვერპლა.“ „ქალაქთა კავშირის“ ყრილობამ ბოლო სხდომაზე, 22 მარტს, აირჩია მთავარი კომიტეტი და სარევიზიო კომისია. მთავარ კომიტეტის განახლებულ შემადგენლობაში მოხვდნენ: დ. კალანდარიშვილი, პ. ჯაფარიძე, ა. ჯაჯანაშვილი, ნ. ელიავა, ბ. ჩხიკვიშვილი, ნ. ფალილეევი, მ. რუსია, ა. კორძაია, ა. ზუხბაია, ვ. შარაშენიძე, გ. მურვანიძე, კ. ანდრონიკაშვილი, კ. გოგუა, ს. მდივანი; კანდიდატებად: გ. ურატაძე, კ. იმნაძე, დ. მიქელაძე და ივ. ჭავჭანიძე. „ქალაქთა კავშირის“ თავმჯდომარედ აირჩიეს ნ. ელიავა, ხოლო მოადგილედ მ. რუსია თვითმმართველი ქალაქების ეკონომიკურ მდგომარეობაზე, მთავრობასა და თვითმმართველობებს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნაზე, ქალაქების სურსათ-სანოვაგით მომარაგების აუცილებლობაზე, ქალაქებში განსახორციელებელ აუცილებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელა 1920 წლის 16-26 ივნისს გამართულმა საქართველოს რესპუბლიკის ქალაქთა წარმომადგენელთა მესამე ყრილობამ. სულ გაიმართა 13 სხდომა, რომელზეც გამოტანილ იქნა რეზოლუციები სხვადასხვა საკითხზე. გადაწყდა, 1921 წლის გაზაფხულზე მოწყობილიყო ქალაქთა გამოფენა. ბოლო სხდომაზე კი აირჩიეს „ქალაქთა კავშირის“ მთავარი კომიტეტი და სარევიზიო კომისია. მთავარ კომიტეტში შევიდნენ: ნ. ელიავა, მ. რუსია, ა. ჯაჯანაშვილი, ნ. ფალილეევი, ბ. ჩხიკვიშვილი, დ. თოფურიძე, ი. ჟორდანია, ა. კორძაია, გ. მურვანიძე, ვ. შარაშენიძე, ნ. ჩხეიძე, ა. ლანდია, კ. გოგუა, პ. გოთუა, კ. ანდრონიკაშვილი, ს. მდივანი. გ. ბადრიევი, დ. კალანდარიშვილი, ევ. თოდუა, ვ. ღლონტი. სარევიზიო კომისიაში აირჩიეს: პ. კახიანი, აკ. პაპავა, გ. კონიაშვილი, პ. თუმანიშვილი, ზ. ხიდერბეგიშვილი. „ქალაქთა კავშირი“ ცდილობდა, ყველა მიმართულებით დახმარებოდა ადგილობრივ თვითმმართველობებს. ქალაქების საჭიროებისათვის „კავშირს“ შემოჰქონდა ხორბალი, კარტოფილი, ხახვი, თამბაქო, სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო საგნები, რომელსაც მისაღებ ფასად უგზავნიდნენ ქალაქებს. მთავრობისგან „ქალაქთა კავშირს“ უფლება ჰქონდა, განეხორციელებინა საკუთარი სამეწარმეო საქმიანობა. მის საკუთრებაში იყო ავეჯეულობისა და შუშის ქარხნები. ქალაქთა კავშირმა მოაწყო ავტომობილით მიმოსვლა თბილისსა და დუშეთს, ასევე ხონი-ქუთაისსა და ხონი-სამტრედიას შორის. მიწათმოქმედების სამინისტრომ მას გადასცა შეშის დასამზადებლად ტყის მასივი შორაპნის მაზრაში. „კავშირი“ ასევე სარგებლობდა საგადასახადო შეღავათებით, მაგალითად, ბაჟის გადახდის გარეშე მთავრობამ ნება მისცა, ქვეყნიდან გაეტანათ 25 000 ფუთი თხილი. „კავშირს“ ასევე ჰქონდა საკუთარი სტამბა, რომელშიც იბეჭდებოდა სხვადასხვა სახის სახელმძღვანელოები. „ქალაქთა კავშირი“ აქტიურად მუშაობდა დამფუძნებელ კრებასთან ადგილობრივი თვითმმართველობის საკანონმდებლო ბაზის შესაქმნელად.

  • სამუშია ჯ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 445.