შინაარსზე გადასვლა

ფაზისი (ვაჟთა ვოკალური ანსამბლი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფაზისი (ვაჟთა ვოკალური ანსამბლი) — ვაჟთა ვოკალური ანსამბლი, ჩამოყალიბდა 1976 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან. დაარსებიდან 1983 წლამდე ანსამბლს ხელმძღვანელობდა რ. გოგოლაშვილი („ფაზისის“ შექმნაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ენათმეცნიერ ჯ. ღვინჯილიასაც); 1984 წლიდან „ფაზისის“ სამხატვრო ხელმძღვანელია ჯ. ყოლბაია. ანსამბლის ძირითად შემადგენლობასთან ერთად (რ. მდინარაძე, დ. კვინიკაძე, რ. გამყრელიძე, ა. შურღაია, მ. ჩიქვილაძე, ზ. გოგოლაშვილი, ნ. ბარათაშვილი, რ. ჭკადუა) წლების მანძილზე არაერთმა მომღერალმა იღვაწა, რომლებიც შემდგომში წარმატებით გამოდიოდნენ როგორც ხალხურ, ისე კლასიკური ჟანრში, (მათ შორის იყო პოპულარული მომღერალი გოგი დოლიძე). „ფაზისი“ წარმატებით ასრულებს უძველეს ქართულ ხალხურ სიმღერებს და საგალობლებს, აგრეთვე ქართულ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს. ანსამბლის შესრულება ხასიათდება მაღალაი პროფესიული კულტურით, დახვეწილი, ფაქიზი გემოვნებით, ეროვნული კოლორიტის გრძნობით. 1999 წელს ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში გამოვიდა „ფაზისის“ კომპაქტ-დისკი (21 ხალხური სიმღერა და ა. მაჭავარიანის „დოლურა“), ამავე წელს გამოვიდა ქართული საგალობლები „ქრისტე-2000“ ანსაბლის შესრულებით. „ფაზისი“ საგასტროლოდ იყო საზღვარგარეთის მრავალ ქვეყანაში (ავსტრია, იტალია, გერმანია, საფრანგეთი, შვედეთი, შვეიცარია, ნორვეგია, სირია, იორდანია და სხვა).