უკბილო ვეშაპები (ლათ.Mystacoceti) — ძუძუმწოვრების ქვერიგი ვეშაპისნაირთარიგისა. კბილების ნაცვლად ზედა ყბაზე უვითარდებათ 360—800 გრძელი (20—450 სმ) რქოვანი ფირფიტა, ე. წ. „ვეშაპის ულვაში“. ისინი ქმნიან ცხრილისებრ აპარატს, რომლის საშუალებითაც ხდება პირში მოხვედრილი საკვების (მოლუსკების, კიბოსნაირები, წვრილი თევზები) გაცხრილვა. დინგზე აქვთ ვიბრისები — შეხების ორგანოები. ნესტოები წყვილია. უკბილო ვეშაპები თანამედროვე ძუძუმწოვართა შორის ტანად ყველაზე დიდი ცხოველებია. მაგალითად, ლურჯი ვეშაპის სიგრძე 33 მ, მასა 160 ტ აღწევს. უკბილო ვეშაპებს განეკუთვნება 10 სახეობა: გრენლანდიური, სამხრეთული, ჯუჯა, რუხი, კუზიანი, ლურჯი, ბრაიდის, მცირე ზოლებიანი ვეშაპები, ფინვალი და სეივალი. ფართოდ არიან გავრცელებული ოკეანეებში, გარდა გრენლანდიური, ბრაიდისა და ჯუჯა ვეშაპებისა. აქვთ დიდი სარეწაო მნიშვნელობა. 1959 წლიდან საერთაშორისო დაცვას ექვემდებარებიან გრენლანდიური, სამხრეთული და რუხი ვეშაპები, ხოლო 1967 წლიდან — ლურჯი ვეშაპი. მცირე ზოლებიანი ვეშაპის ერთი ეგზემპლარი 1880 წელს ზღვის დინებამ გამორიყა ქობულეთის მახლობლად. მისი ჩონჩხი ინახება ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ზოოლოგიის განყოფილებაში.