შინაარსზე გადასვლა

უკანაფშავის საცხოვრებელი სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უკანაფშავის საცხოვრებელი სახლიარქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ უკანაფშავის ცენტრალურ ნაწილში, ვაკისუბანში. აგებულია XlX საუკუნეში. ეკუთვნის მ. კარანტიელს. სახლი ორსართულიანია, დგას ფერდობზე. პირველი სართული (8,55 x 6,9 მეტრი) შედარებით მოკლეა, მეორე სართული (12,75 x 6,7 მეტრი) ფერდობშია შეჭრილი და წაგრძელებულია. სახლი ნაგებია ნატეხი ქვით, წყობა მშრალია. პირველ სართულზე გომურია, მას სამხრეთით თაღოვანი კარი და ორი სწორკუთხა სარკმელი აქვს. კარის წირთხლებში საურდულე ხვრელებია. სარკმლები ფასადის მხარეს სამკუთხაა. დასავლეთ კედელში ერთი ნიშია. აღმოსავლეთ კედელთან საქონლის სადგომი იყო. ამ კედელთან იატაკი ფიცრულია, გომურის დანარჩენ ნაწილში ფიქალია მოგებული. მეორე სართული საცხოვრებელია. შესასვლელი აღმოსავლეთიდანაა. კარის წირთხლებს აქაც საურდულე ხვრელები აქვს. სამხრეთით ორი სარკმელია. სამხრეთ-დასავლეთ კუთხესთან კერაა. სახლის სართულშუა გადახურვა ხის კოჭებზე ეყრდნობა. სახურავი ბრტყელია, მიწურბანიანი. სახურავის მთავარი კოჭი (თავხე) პირველის სართულის შუაში აღმართულ ქვის ბურჯს (კულა) ეყრდნობა. სართულები საძრომით (საკომი) უკავშირდება ერთმანეთს.