ტრანსფერაზები
ტრანსფერაზები (ლათ. transfero — გადამაქვს) — ფერმენტების კლასი, რომლებსაც ცოცხალ უჯრედებში სხვადასხვა ქიმიური ჯგუფი ერთი ნაერთიდან (ჯგუფის დონორი) მეორეზე (ჯგუფის აქცეპტორი) გადააქვთ. ფართოდაა გავრცელებული მცენარეულ და ცხოველურ ქსოვილებში, აგრეთვე მიკროორგანიზმებში; წამყვან როლს თამაშობენ შუალედურ ნივთიერებათა ცვლაში, რადგან მონაწილეობენ ნახშირწყლების, ამინომჟავების, ნუკლეინის მჟავების, ლიპიდების და სხვა ბიოლოგიურად მნიშვნელოვანი ნაერთების გარდაქმნაში. ტრანსფერაზების კლასი მოიცავს 450-ზე მეტ ფერმენტს და დაყოფილია ქვეკლასებად იმ ჯგუფების ქიმიური ბუნების მიხედვით, რომლის გადატანის კატალიზსაც აწარმოებენ. მაგალითად, ერთნახშირბადიანი ჯგუფის გადამტანი ტრანსფერაზები (მეთილტრანსფერაზები), შაქრების ნაშთის გადამტანი ტრანსფერაზები (გლიკოზილტრანსფერაზები) და სხვა. სხვადასხვა ქვეკლასის ტრანსფერაზებს სხვადასხვა კოფერმენტი აქვთ. ზოგიერთი ტრანსფერაზი მიღებულია კრისტალის სახით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 37.