შინაარსზე გადასვლა

ლიპიდები

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზოგიერთი ლიპიდის სტრუქტურა

ლიპიდები (ბერძ. λίπος, lípos — ცხიმი) — ცხიმისებრი ნივთიერებები, რომლებიც ყველა ცოცხალი უჯრედის შედგენილობაში შედის და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სასიცოცხლო პროცესებისათვის - განაპირობებს უჯრედის განვლადობას, მოქმედებს მრავალი ფერმენტის აქტივობაზე, მონაწილეობს ნერვული იმპულსის გადაცემაში, კუნთის შეკუმშვაში, უჯრედებს შორის კონტაქტობის წარმოქმნაში, იმუნოქიმიურ პროცესებში.

ლიპიდები ქმნის ენერგეტიკულ რეზერვს, მცენარეთა და ცხოველთა წყალგაუმტარ და თერმომოსაიზოლაციო საფარველს და იცავს მათ მექანიკური დაზიანებისაგან.

ლიპიდების უმრავლესობა უმაღლესი ცხიმოვანი მჟავების, სპირტების ან ალდეჰიდების წარმოებულია. ქიმიური შემადგენლობის მიხედვით ლიპიდებს ყოფენ რამდენიმე კლასად. ორგანიზმში ლიპიდები განიცდის ფერმენტულ ჰიდროლიზს ლიპაზების ზემოქმედებით, განთავისუფლებული ცხიმოვანი მჟავები აქტივდებიან ადენოზინფოსფორის მჟავებთან (უმთავრესად ატფ-თან) და კოფერმენტ A-თან ურთიერთმოქმედების გზით, შემდეგ კი იჟანგებიან. დაჟანგვა მიმდინარეობს ორნახშირბადიანი ფრაგმენტების მოხლეჩით რეაქციათა თანამიმდევრულ რიგში (ე. წ. ß-დაჟანგვა). გამოყოფილი ენერგია ხმარდება ატფ-ის წარმოქმნას. უჯრედებში მრავალი ლიპიდები ცილებთან ქმნის კომპლექს (ლიპოპროტეიდებს) და შეიძლება გამოიყოს მხოლოდ ამ კომპლექსის დაშლის შემდეგ.

ფიზიოლოფიური დანიშნულების მიხედვით ლიპიდები იყოფა ორ ჯგუფად:

  • პროტოპლაზმური ლიპიდები,რომლებიც უჯრედის სხვადასხვა სტრუქტურაში გვხვდება და რომელთა რაოდენობა პრაქტიკულად უცვლელია
  • სათადარიგო ანუ სარეზერვო ლიპიდები, რომლებიც ქმნის ე .წ. ცხიმოვან ქსოვილს (კანქვეშა,ბადექონში). მათი რაოდენობა ორგანიზმში ცვალებადია.

სტრუქტურული აგებულების მიხედვით ლიპიდები იყოფა მარტივ ლიპიდებად, რთულ ლიპიდებად, სტეროიდებად და ლიპიდების წარმოებულებად.

ლიპიდების მოლეკულები წყლის მოლეკულებთან კავშირს ვერ ამყარებენ, თითქოს ეშინიათ მათი და გაურბიან. ყველა მათგანს წყლის სიძულვილი აერთიანებს, ერთმანეთს პოულობენ, უკავშირდებიან და წყლის ზედაპირზე ლაგდებიან ასეთ ნივთიერებებს ჰიდროფობურ ნივთიერებებს უწოდებენ (ფობია შიშს ნიშნავს). ნივთიერებას, რომელიც წყალში კარგად იხსნება, წყლის მოყვარული ანუ ჰიდროფილიური ნივთიერება ჰქვია. ლიპიდების ჰიდროფობურობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მემბრანისა და საერთოდ, უჯრედის სტრუქტურის ჩამოყალიბებისთვის. ძალზე მნიშვნელოვანია ლიპიდების ენერგეტიკული ფუნქცია. მათი წვისას, უჯრედში ნახშირწყლების წვასთან შედარებით, გაცილებით მეტი ენერგია გამოიყოფა. ამიტომ ცოცხალი ორგანიზმები ლიპიდებს ხშირად იმარაგებენ.

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: