შინაარსზე გადასვლა

სულხან ბარათაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბარათაშვილი.
სულხან ბარათაშვილი
დაბადების სახელი სულხან გერმანოზის ძე ბარათაშვილი
დაბადების თარიღი 17 სექტემბერი/29 სექტემბერი, 1821
თბილისი
გარდაცვალების თარიღი 13 აგვისტო/25 აგვისტო, 1866
სოხუმი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია

სულხან გერმანოზის ძე ბარათაშვილი (დ. 29 სექტემბერი [ ძვ. სტ. 17 სექტემბერი], 1821, თბილისი ― გ. 25 აგვისტო [ ძვ. სტ. 13 აგვისტო], 1866, სოხუმი) — ქართველი ისტორიკოსი.

დაიბადა ოფიცრის ოჯახში. სწავლობდა პეტერბურგის კადეტთა კორპუსში. საფუძვლიანად შეისწავლა ევროპული ენები და ისტორიის ლიტერატურა. 1840 წელს დაუახლოვდა მ. ბროსეს. 1841 წელს პეტერბურგიდან დაბრუნების შემდეგ გაზეთ "კავკაზში" გამოაქვეყნა წერილები საქართველოს ისტორიაზე. 1865–1871 წლებში პეტერბურგში დაიბეჭდა ხუთ წიგნად მისი "საქართველოს ისტორია", უძველესი დროიდან XIII საუკუნემდე. საქართველოს წარსული აქ განხილულია მსოფლიო ისტორიის ფონზე. ავტორი იზიარებდა თვალსაზრისს ისტორიის პროცესზე გეოგრაფიული გარემოს განმსაზღვრელი გავლენის შესახე, განიცდიდა ინგლისელი ისტორიკოსის ჰ. ბოკლის შეხედულებების გავლენას. უმთავრეს ყურადღებას უთმობდა პოლიტიკური მოვლენების გადმოცემას, მაგრამ არც ქვეყნის შინაგანი ისტორიის საკითხებს ტოვებდა უყურადღებოდ.

ქართულ ისტორიოგრაფიაში ახალი სიტყვა თქვა სულხან ბარათაშვილმა. იგი ქართული ისტორიის პერიოდიზაციის გააზრებისას არსებითად ევროპულ ტრადიციას ეყრდნობოდა. საქართველოს ისტორიის წერისას მან მოიმარჯვა პერიოდიზაციის პროგრესულ მოდელს - ისტორიის სამწვრიანი დაყოფა. სულხან ბარათაშვილმა პირველად დაყო ქართული ისტორია სამ პერიოდად: ძველი, შუა საუკუნეები და ახალი ისტორია. მისი თვალსაზრისით, ძველი ისტორია მთავრდებოდა და ახალი იწყებოდა IV საუკუნეში ქრისტიანობის გავრცელებით. ეს თარიღი ძალიან უახლოვდებოდა მსოფლიო ისტორიის პერიოდიზაციის იმ ვარიანტს, რომელიც მიჯნად ძველ ისტორიასა და შუა საუკუნეებს შორის იღებდა ქრისტიანობის ლეგიტიმაციას, მილანის ედიქტს.

შუა საუკუნეების დასარულად სულხან ბარათაშვილი იღებდა XV საუკუნის მიწურულს - ერთიანი საქართველოს დაშლას. ეს ფაქტი კვლავ უახლოვდება მსოფლიო ისტორიის პერიოდიზაციას (კონსტანტინოპოლის დაცემა 1453 წელს და გეოგრაფიული აღმოჩენები 1492 წელს).

  • ბარამიძე ა., ისტორიკოსი სულხან ბარათაშვილი, «მაცნე. ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია», 1971, № 4;
  • Натадзе Г., Сулхан Баратов как историк Грузии, Тфл., 1934;