საქართველოს კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი
საქართველოს კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი — დაარსდა 1960 წელს. ინსტიტუტის შემადგენლობაში იყო საცდელი საპროექტო-საკონსტრუქტორო ბიურო, ბათუმის და ქუთაისის ფილიალები, თბილისის და თეთრიწყაროს ექსპერიმენტული ქარხნები, 12 დარგობრივი და ფუნქციური ლაბორატორია. ინსტიტუტი სსრკ კვების მრეწველობის სამინისტროს სისტემაში სათავო ორგანიზაცია იყო ეთერზეთებისა და ნატურალური სანელებლების წარმოების ტექნოლოგიის დარგში. ინსტიტუტის მეცნიერული კვლევის მთავარი მიმართულება იყო მრეწველობისათვის თანამედროვე ტექნიკური და ტექნოლოგიური შემუშავება და დანერგვა, მცენარეული საკვები ნედლეულის ახალი სახეების გამოვლენა, შესწავლა, მათი რაციონალური შენახვისა და გადამუშავების მეთოდების დადგენა, წარმოების ნარჩენების სამრეწველო გამოყენება. ინსტიტუტი აპროექტებდა, ამზადებდა და ნერგავდა უწყვეტი მოქმედების მექანიზებულ ხაზებს. საცდელ-საწარმოო საამქროებსა და უბნებს. 1965—1971 წლებში გამოიცა ინსტიტუტის შრომების 5 ტომი.
ამჟამად ინსტიტუტი წარმოადგენს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტრუქტურულ ნაწილს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 174-175.