შინაარსზე გადასვლა

სასაშის მთავარანგელოზის ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სასაშის მთავარანგელოზის ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
მუნიციპალიტეტი ლენტეხის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა სოფ. სასაში
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი გუმბათოვანი ტაძარი
დეტალები
გუმბათი 1
მასალა ხე

სასაშის მთავარანგელოზის ტაძარიეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ სასაშში.

სასაშის მთავარანგელოზის ეკლესია ხისგანაა აგებული და გუმბათითაა გადახურული. ეკლესია შუა საუკუნეებშია აგებული და 4 სიძველეს ინახავს. ღვთისმშობლის თავი ხატი ვერცხლისგანაა გამოჭედილი. ხატის ზომებია 46 სმ. X 33,5 სმ. ხატზე მაღალ ტახტზე მჯდომარე ღვთისმშობელია გამოსახული ძითურთ. წარწერა ასომთავრულადაა შესრულებული დ~დჲ ღ~სა. არშიები ერთმანეთში გადაბმული ნახევარწრეებითაა შემკობილი. ხატი XVI-XVII საუკუნეებში უნდა იყოს შექმნილი.

ეკლესიაში ინახება წმინდა გიორგის ხატიც, რომელიც ვერცხლისგანაა გამოჭედილი. ხატის ზომებია 20,5 X 13,5 სმ. ხატზე წმინდა გიორგი სრულადაა გამოსახული, შუბითადა ფარით. ქსელის მსგავსი აშიები 9 დიდი ვერცხლის ფოლაქითაა შემკობილი. ხატი არც თუ ისე მაღალი ხარისხითაა შემკული.

ეკლესიაში შემონახული მესამე სიძველეც ხატია, რომელიც სხვადასხვა ნაჭრისგან შედგება. ამ ხატის ზომებია 14,5 X 15 სმ. პატარა ჯვარცმის ხატი ვერცხლისგანაა დამზადებული, თუმცა არც თუ ისე მაღალი ოსტატობით. სპილენძის პატარა ხატი წმინდა გიორგისაა, რომელიც მაღალი ოსტატობითაა დამზადებული. ეზო სიმრგვლეებითაა მორთული და შიგ ჯვრებია დატანებული. აშიები ფოლაქების მსგავსი ორნამენტითაა მორთული.

ეკლესიაში შენახული ხის ჯვარი ვერცხლითაა შეჭედილი, თუმცა მღალი ოსტატობით არაა დამზადებული.

სასაშის მთავარანგელოზის ეკლესიაში ინახებოდა ფარი, რომელიც განსაკუთრებული ფორმის გამო ყოველთვის იპყრობდა მნახველის ყურადღებას. აღნიშნული ფარი 1925 წელს აკადემიკოსმა გიორგი ჩიტაიამ სვანეთიდან საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ჩაიტანა. ეკლესიაში შენახულ ფარში ისარი იყო ჩასობილი, რაც ძველი სვანური ტრადიციის კვალია, როდესაც დღესასწაულებზე ეკლესიიდან გამოჰქონდათ შეწირული ფარები და მიზანში ესროდნენ. ისარი იმ ეპოქაზე მიუთითებს, როდესაც მშვილდი ცეცხლსასროლ იარაღზე უფრო პოპულარული იყო.[1] ფარის ხის საფუძველზე მოყავისფრო ფერის ტყავია გადაკრული. მისი დიამეტრი 50 სმ-ია, სისქე კი - 1 სმ. ლითონის ცენტრალური დისკოს დიამეტრი 4,5 სმ-ია. ფარის ცენტრიდან სხივებად 19 წვრილი ზოლი გამოდის, რომლებიც კომპოზიციურად მზის სახეს ქმნიან.

2006 წლის 7 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, სასაშის მთავარანგელოზის ტაძარს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია მიენიჭა.[2]

  • თაყაიშვილი ე., არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს, პარიზი 1937,. გვ., 105-106.
  • დაბრუნება, ტ. II, თბ., 1991 გვ., 118
  1. ნადირაძე ე., ქაფიანიძე მ. სვანური საბრძოლო იარაღის ისტორიიდან, სვანეთი 2008, გვ, 59.
  2. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665 კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ დაარქივებული 2020-10-30 საიტზე Wayback Machine. , საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, თბილისი, 07.11.2006.