სამართალი ბერძული
„სამართალი ბერძული“ — ბერძნულ-რომაული (ბიზანტიური) სამართლის ქართული ვერსია, ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებულში მეორე ნაწილად შეტანილი საკანონმდებლო ძეგლი. ვახტანგ VI-მ „ძიება-ყო საბერძნეთით“ და „მოიშოვა“ იქაური „წიგნი სასამართლონი“. ასეთი „ფრიადითა შრომითა“ მოპოვებული ბერძნული კანონები გადმოაქართულეს „ბრძენთა კაცთა“ თვით ვახტანგ VI-ის აქტიური მონაწილეობით. დედნიდან ეპისკოპოს კვიპრიანე სამთავნელს (ერისკაცობაში კოზმა არაგვის ერისთავი) უთარგმნია. ეს არის თავისუფალი თარგმანი. ალაგ-ალაგ გავრცობილი ან შემოკლებული.
ძეგლი წარმოადგენს, მათე ბლასტარის იურიდიულ ტრაქტატის - „ალფაბეტური სინტაგმის“ შემოკლებულ რედაქციას, რომელიც კანონთა მოკლე პრაქტიკულ სახელმძღვანელოდან - არმენოპულოსის „ექვსწიგნეულიდან“ და სხვა წყაროებიდან გამონაკრები კანონმდებლობებითაა შევსებული. იგი 418 მუხლისაგან შედგება ბერძნულ-რომაული სამართლის უმნიშვნელოვანეს აქტებს მოიცავს (სახელმწიფო, ადმინისტარიული, საეკლესიო, სამოქალაქო, სისხლის, საოჯახო, მემკვიდრეობითი სამართლის ნორმები, ბატონ-ყმათა ურთიერთობა, სასამართლო წყობილება და სამართალწარმოების წესები). კანონთა შინაარსი, დედნის შესაბამისად, დალაგებულია ბერძნული ანბანის რიგზე.
„სამართალი ბერძული“ არის ბერძნულ-რომაულ სჯულმდებლობასთან ქართული სამართლეებრივი კულტურის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის ურთიერთობის საყურადღებო შედეგი და გამოხატულება. იგი წარმოაჩენს ბერძნულ-რომაული სამართლის მდგომარეობას თურქთა ბატონობის ხანაში და მისი რეცეფციის ხასიათს აღმოსავლეთის მართლმადიდებლურ ქვეყნებში.
ძეგლი ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებულის სხვა ნაწილებთან ერთად გამოსცა ი. დოლიძემ (1963). ბერძნული დედანი გამოავლინა და კანონები (ქართულ-ბერძნული პარალელური ტექსტები) ცალკე გამოაქვეყნა თ. ბრეგაძემ (1964). „სამართალი ბერძული“ ვახტანგის სამართლის წიგნთა კრებულის შემადგენელი ნაწილის სახით XIX საუკუნეში ითარგმნა და ორჯერ გამოიცა რუსულად (რუს. სენატის სამსახურებრივი გამოცემა — Законы грузинские; ა. ფრენკელისა და დ. ბაქრაძის 1887 წლის გამოცემა — Сборник законов грузинского царя Вахтанга VI).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფუტკარაძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 702–703.