საგარეჯოს ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი
საგარეჯოს ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოში. მდებარეობს ქურდაანთ უბანში, ძველი სასაფლაოს ტერიტორიაზე. აგებულია XIX საუკუნეში და ფუნქციონირებდა 1925 წლამდე. ამის შემდეგ ეკლესია გარკვეული პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენებოდა, რის გამოც მნიშვნელოვანი გადაკეთებები განიცადა.
1970-იან წლებში იგი გაარემონტეს. 1990-იანი წლების დასაწყისში აღსდგა ღვთისმსახურება. 2000-იანი წლების დასაწყისში გადახურეს თუნუქის სახურავით. 2015 წელს ეკლესიაში ააგეს ხუთთაღიანი ქვის კანკელი და იატაკზე ბაზალტის ფილები დააგეს.
ეკლესია დარბაზულია. აქვს ნახევარწრიული შვერილი აფსიდი. შენობა ნაგები ყოფილა აგურითა და რიყის ქვით. ცოკოლო დიდი ზომის, რიყის ქვითაა ამოყვანილი. შესასვლელი ორია: სამხრეთიდან და დასავლეთიდან. ორივე კარი გარედან ოდნავ შეისრულია. შიგნით — სწორკუთხა.
ეკლესიის დასავლეთ კედელზე შემორჩენილი იყო სამრეკლოს კვადრატული საფუძველი, რომელზეც 2006 წელს ახალი, ოთხკუთხა სამრეკლო დაუდგამთ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-III, თბ., 2019. — გვ. 67-69.