შინაარსზე გადასვლა

პირველი ინტერნაციონალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ინტერნაციონალი.
პირველი ინტერნაციონალის ბაზელის კონგრესის დელეგატები (1869)

პირველი ინტერნაციონალი, მუშათა საერთაშორისო ამხანაგობა (28 სექტემბერი, 186415 ივლისი, 1876) — პროლეტარიატის პირველი მასობრივი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის დამაარსებელნი და ხელმძღვანელნი იყვნენ კ. მარქსი და ფ. ენგელსი. პირველი ინტერნაციონალი იყო მნიშვნელოვანი ეტაპი მეცნიერული კომუნიზმის ფუძემდებელთა მიერ პროლუტარიატის პარტიის შექმნისათვის ბრძოლაში, რაც მათ დაიწყეს კომუნისტთა კავშირის შექმნით.

კარლ მარქსი
ფრიდრიხ ენგელსი

პირველი ინტერნაციონალი დაარსდა 1864 წლის 28 სექტემბერს ლონდონში, იგლისელი და ფრანგი მუშების მიერ მოწვეულ საერთაშორისო მუშათა კრებაზე. კრებაზე მონაწილეობდნენ აგრეთვე პოლონეთის, იტალიის, ირლანდიისა და გერმანიის მუშათა წარმომადგენლები. კ. მარქსი, რომელიც შეყვანილ იქნა ხელმძღვანელ კომიტეტში (შემდგომ ეწოდა გენერალური საბჭო) და ამ კომიტეტის წევრთაგან შექმნილ უფრო ვიწრო მუდმივ კომიტეტში. მარქსი ფაქტობრივად სათავეში ჩაუდგა პირველ ინტერნაციონალს და ბოლო მოუღო ბურჟუაზიული ელემენტების (ჯ. მაძინი და სხვა) ცდას ეხელმძღვანელათ მუშათა მოძრაობისათვის. 1864 წლის 1 ნოემბერს გენერალურმა საბჭომ დაამტკიცა მარქსის მიერ შემუშავებული მუშათა საერთაშორისო ამხანაგობის დამფუძნებელი მანიფესტი და წესდება. მასში ჩამოყალიბებული იყო პროლეტარიატის მოძრაობის მიზნები: კაპიტალიზმის დამხობა და მუშათა კლასის ძალაუფლების დამყარება. აღიარებული იყო პროლეტარიატის ბრძოლის უმთავრესი პრინციპი — „მუშათა კლასის განთავისუფლება მოპოვებული უნდა იქნას მუშათა კლასის მიერ“. ევროპის მუშათა კლასის დაქსაქსული ძალების კონსოლიდაციისათვის პროგრამა ითვალისწინებდა ინგლისის ტრედუნიონებთან, საფრანგეთის, ბელგიის, იტალიისა და ესპანეთის პრუდონისტებთან და გერმანიის ლასალიანელებთან თანამშრომლობას, საერთაშორისო პროლეტარიატის ერთობლივ მოქმედებას, კლასობრივ ბრძოლებში ერთობლივ მონაწილეობას, გამოცდილების ურთიერთგაზიარებას და სხვა. პირველი ინტერნაციონალის ხელმძღვანელობა დაეკისრა გენერალურ საბჭოს, რომელსაც ყოველწლიურად ირჩევდა საერთო კონგრესი (1872 წლამდე გენერალური საბჭო ლონდონში იყო, შემდეგ — ნიუ-იორკში). ყოველ ქვეყანაში პირველი ინტერნაციონალი ემყარებოდა უკვე არსებულ მუშათა ორგანიზაციებს ან ახალშექმნილ პირველი ინტერნაციონალის სექციებს. 1870 წლის სექტემბერში გენერალურ საბჭოში შეიყვანეს ფ. ენგელსი, რომელიც მანჩესტერიდან ლონდონში გადავიდა. მარქსმა და ენგელსმა თავიანთ გარშემო დარაზმეს სხვადასხვა ქვეყნის მოწინავე მუშები და მუშათა მოძრაობის გამოჩენილი მღვაწეები, რომლებიც თანდათან დადგნენ მეცნიერული კომუნიზმის პოზიციებზე.

1865 წლის 25-29 სექტემბერში პირველი ინტერნაციონალის ლონდონის კონფერენციაზე ბელგიელი და ფრანგი პრუდონისტების წინააღმდეგობის მიუხედავად მარქსმა შესძლო მომავალი კონგრესის დღის წესრიგში შეეტანა დემოკრატიულ საწყისებზე პოლონეთის აღდგენის საკითხი.

1866 წლის 3-8 სექტემბერს ჟენევაში შედგა პირველი ინტერნაციონალის პირველი კონგრესი. კონგრესს არ დასწრებია კ. მარქსი, თუმცა შეიმუშავა რეზოლუციის პროექტი, რომელიც საფუძვლად დაედო კონგრესის გადაწყვეტილებებს კანონმდებლობით ყველა მუშისათვის 8-საათიანი სამუშაო დღის, ქალისა და ბავშვის შრომის დაცვის, სავალდებულო პოლიტექნიკური განათლების, მუდმივი არმიების გაუქმებისა და სხვათა შესახებ. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა რეზოლუციას პროფკავშირების შესახებ, რომელიც მიმართული იყო პრუდონისტების, გერმანელი ლასალიანელების და ინგლისელ ტრედუნიონების რეფორმისტი ლიდერების წინააღმდეგ. რეზოლუციაში ხაზგასმული იყო პროლეტარიატის ეკონომიკური და პოლიტიკური ბრძოლის ურთიერთკავშირის აუცილებლობა. კონგრესმა დაამტკიცა პირველი ინტერნაციონალის წესდება.

1867 წლის 2-8 სექტემბერს ლოზანაში შედგა პირველი ინტერნაციონალის მეორე კონგრესი. მონაწილეთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა მხარი დაუჭირა მიწაზე კოლექტიურ საკუთრებას და მოითხოვა შემდეგი კონგრესის დღის წესრიგში აგრარული საკითხის შეტანა. მიიღეს აგრეთვე რეზოლუცია, სადაც პოლიტიკური თავისუფლებანი აღიარებულ იქნა პროლეტარიის სოციალური განთავისუფლების აუცილებელ პირობად. დაისვა ირლანდიის ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობისთვის მხარდაჭერის საკითხი.

1868 წლის 6-13 სექტემბერს ბრიუსელში შედგა პირველი ინტერნაციონალის მესამე კონგრესი. კონგრესის მომზადებასა და მუშაობაში უაშალო მონაწილეობა მიიღო კ. მარქსმა. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რეზოლაციას მიწის, რკინიგზის, მაღაროების განსაზოგადოების შესახებ. მიღებულ იქნა მარქსის მიერ ფორმულირებული რეზოლუცია, რომელიც აღიარებდა, რომ წარმოებაში მანქანების დანერგვას თან სდევს შეომის კოლექტიური ორგანიზაცია, რაც ქმნის წარმოების სოციალისტურ სისტემაზე გადასვლის წინაპირობებს. კონგრესმა ურჩია ყველა ეროვნების მუშებს, შეესწავლათ 1867 წლის გაზაფხულზე გამოსული მარქსის შრომა „კაპიტალი“.

კონგრესის შემდეგ გაიშალა ბრძოლა ბაკუნინის ანარქისტულ-სინდიკალისტური შეხედულებების წინააღმდეგ. გაძლიერდა ცალკეულ ქვეყნებში დამოუკიდებელი მუშათა პარტიების შექმნის ტენდენცია, რაც პირველი ინტერნაციონალის პროგრამით იყო გათვალისწინებული. 1869 წლის აგვისტოში აიზენახში შეიქმნა გერმანიის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია.

1869 წლის 6-11 სექტემბერს ბაზელში შედგა პირველი ინტერნაციონალის მეოთხე კონგრესი. აქ მემარჯვენე პრუდონისტებმა საბოლოო მარცხი განიცადეს. კონგრესმა დაადასტურა ბრიუსელში მიღებული გადაწყვეტილება მიწების განსაზოგადოების, მასზე კოლექტიური საკუთრების დაწესების შესახებ, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა პირველი ინტერნაციონალის აგრარული პროგრამის განსზღვრაში. მას საფუძვლად ედო მუშათა კლასისა და გლეხობის კავშირის მარქსისტული პრინციპი. პრუდონისტები დამარცხდნენ პროფკავშირების საკითხშიც. კონგრესზე პროლეტარიულ რევოლუციასა და პროლეტარიის დიქტატურის საკითხში თავი იჩინა წინააღმდეგობამ მარქსისა და ბაკუნინის მომხრეებს შორის. ბაკუნიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მარქსსა და ენგელსს დახმარებას უწევდა შენევაში შედგენილი პირველი ინტერნაციონალის რუსეთის სექცია. საფრანგეთი-პრუსიის ომის (1870-1871) დროს ისტორიაში პირველად გაიშალა სხვადასხვა ქვეყნის მუშათა ომის საწინააღმდეგო ფართო მოძრაობა. მარქსი დიდ ყურადღებას უთმობდა პარიზის კომუნას. პირველი ინტერნაციონალის სხვადასხვა ეროვნების წევრებმა უშუალო მონაწილეობა მიიღეს კომუნის ამბებში. გენერალური საბჭოს დავალებით მარქსმა დაწერა მოწოდება ინტერნაციონალის წევრებისადმი — „სამოქალაქო ომი საფრანგეთში“, რომელშიც მასებს უჩვენა კომუნის, როგორც ისტორიაში პროლეტარიატის დიქტატურის პირველი ცდის მაგალითი.

1872 წლის 2-7 სექტემბერს ჰააგაში შედგა პირველი ინტერნაციონალის მეხუთე კონგრესი. მასში უშუალო მონაწილეობა მიიღო კ. მარქსმა და ფ. ენგელსმა. ბაკუნისტებმა კონგრესზე მარცხი განიცადეს. ბაკუნინი და მისი მომხრე ჯ. გილიომი გაირიცხნენ პირველი ინტერნაციონალიდან. კონგრესმა გაითვალისწინა ევროპაში რეაქციის მომძლავრება, პოლიტიკური ტერორის ზრდა, ინგლისელი რეფორმისტებისა და ბლანკისტი სექტანტების მიერ გენერალური საბჭოს ხელმძღვანელობის ხელში ჩაგდების საფრთხე. ამიტო მარქისა და ენგელსის მოთხოვნით, გენერალური საბჭო ნიუ-იორკში გადაიტანეს, ხოლო თვითონ საფრანგეთში დარჩნენ, როგორც გენერალური საბჭოს რწმუნებულები. ჰააგის კონგრესზე აღინიშნა მარქსიზმის იდეური გამარჯვება. პარიზის კომუნის შემდეგ შექმნილ ახალ ისტორიულ ვითარებაში მუშათა მოძრაობის წინაშე დაისვა უშუალო ამოცანა:

ვიკიციტატა
„...ცალკეულ ნაციონალურ სახელმწიფოთა ბაზაზე მასობრივი სოციალისტური პარტიების შექმნა...“
(ვ. ლენინი, „თხზულებანი“, გამოც. IV, ტ. 21, გვ. 43)

1876 წლის 15 ივლისს ფილადელფიის კონფერენციის გადაწყვეტილებით პირველი ინტერნაციონალი დაითხოვეს.

პირველი ინტერნაციონალი იყო XX საუკუნეში მარქსიზმ-ლენინიზმის დროშის ქვეშ აღმოცენებული კომპარტიების წინამორბედი.