ნოვიჩოკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნოვიჩოკი (რუს. Новичок - „ახალბედა“) — ორგანოფოსფორული წარმოშობის ნერვული აგენტების ოჯახი, აცეტილქოლინესტერაზის ინჰიბიტორი. შეიმქნა საბჭოთა კავშირში 1970-80-იან წლებში.[1] მიჩნეულია ყველაზე სასიკვდილო ნივთიერებად რაც ოდესმე შექმნილა, იგი 5-8 ჯერ უფრო ძლიერმოქმედია ვიდრე ცნობილი საბრძოლო საწამლავი VX. ნივთიერების შექმნის პროგრამა სსრკ-ში მიმდინარეობდა კოდური სახელწოდებით „ფოლიანტი“.

„ნოვიჩოკის“ შესაძლო ქიმიური სტრუქტურები ვილ მირზაიანოვის აღწერით

„ნოვიჩოკის“ ოჯახი შედგება ასამდე მსგავსი სტრუქტურის ნივთიერებათა ნარევისგან, რომლებსაც თავდაპირველად К-84 აღნიშვნა მიენიჭათ; მოგვიანებით აღნიშვნა შეიცვალა А-230-ზე. ყველა ვარიანტიდან სამხედრო თვალსაზრისით ყველაზე პერსპექტიული ნარევი А-232 იყო (ნოვიჩოკ-5).

„ნოვიჩოკის“ ოჯახის საწამლავი სამხედრო დანიშნულებით არასოდეს გამოყენებულა.

2018 წლის მარტს, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო დაზვერვის ყოფილი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის და მისი შვილის იულია სკრიპალის სოლსბერიში მოსაწამლად ასეთივე ნივთიერება გამოიყენეს.

პროექტის დანიშნულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურების ჩანაფიქრით, „ნოვიჩოკის“ ოჯახის ნივთიერებებს ოთხი მოთხოვნა უნდა დაეკმაყოფილებინათ:

  • ქიმიური იარაღის აღმოჩენის ნატოს სტანდარტული მოწყობილობებისთვის უჩინარი ყოფილიყვნენ;
  • გადაელახათ ქიმიური იარაღისგან დაცვის ნატოს აღჭურვილობა;
  • უსაფრთხო ყოფილიყო გადასაზიდად;
  • გვერდი აეარათ ქიმიური იარაღის შესახებ კონვენციაში ჩამოთვლილი ქიმიური ნივთიერებების და მათი ფიზიკური ფორმების კონტროლირებად პრეკურსორებს და კლასებს.

მიიჩნევა, რომ ყველა მოთხოვნა ახალმა ნერვულმა აგენტებმა დააკმაყოფილეს.

„ნოვიჩოკის“ ნერვულ აგენტებს შორის არსებობს ბინარული იარაღებიც, რაც ნიშნავს რომ საბოლოო ნივთიერება მიიღება ორი სხვა, შედარებით უსაფრთხო ნივთიერების ერთმანეთში შერევით. ბინარული იარაღი, როგორც წესი, გამოიყენება ჭურვებში და ბომბებში, რომლებშიც პრეკურსორების შერევა ხორციელდება ჭურვის შიგნით უშუალო გამოყენების წინ. ვინაიდან პრეკურსორები გაცილებით უსაფრთხოა საბოლოო ქიმიურ აგენტზე, მათი ტრანსპორტირება და გადატანა მნიშვნელოვნად მარტივდება. ასევე, პირველადი ნივთიერებების სტაბილიზაცია, როგორც წესი, ნერვულ აგენტებზე გაცილებით ადვილია, ამიტომ იზრდება შენახვის და გამოყენების ვადა. მათი ნაკლოვანებაა მომზადებისას დიდი ყურადღების აუცილებლობა, რადგან ტექნოლოგიური გადაცდომის შემთხვევაში სათანადო სიმძლავრის აგენტის მიღება შესაძლოა ვერ მოხერხდეს.

1980-1990-იან წლებში საბჭოთა კავშირში რამდენიმე ქიმიური აგენტის ბინარული ვერსია შეიქმნა, რომლებსაც „ნივიჩოკი“ ეწოდა.

გამჟღავნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1992 წელს გაზეთ „მოსკოვსკიე ნოვოსტიში“ წამყვანმა რუსმა ქიმიკოსებმა, ლევ ფიოდოროვმა და ვილ მირზაიანოვმა გამოაქვეყნეს სტატია, რომელშიც საუბრობდნენ 1970-დან 1990-იან წლებამდე საბჭოთა კავშირში და რუსეთში შემუშავებულ უაღრესად მძლავრ მეოთხე თაობის ქიმიურ იარაღზე. სტატია, რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის შესახებ კონვენციაზე ხელმოწერის წინა დღეს გამოქვეყნდა. მირზაიანოვის თქმით, რუსეთის ქიმიური იარაღის სამხედრო კომპლექსი, სამხედრო წარმოების სამოქალაქოდ გადასაკეთებლად განკუთვნილ დასავლეთის მიერ გამოყოფილ თანხებს იყენებდა ქიმიური იარაღის საწარმოს შესაქმნელად. მირზაიანოვმა აღნიშნული ფაქტი გარემოზე დაკვირვებისას აღმოაჩინა. მირზაიანოვი ხელმძღვანელობდა კონტრდაზვერვის ქვედანაყოფს, რომელსაც ევალებოდა ქიმიური იარაღის ობიექტების გარე ტერიტორიაზე დაბინძურების დონის გაზომვა, რათა აღკვეთილიყო უცხოელი მზვერავების მიერ იარაღის წარმოებაზე რამე მიმანიშნებელი კვალის აღმოჩენა. გაზომვებისას აღმოჩნდა, რომ საწარმოს გარე ტერიტორიაზე სასიკვდილო ნივთიერების დონე 80-ჯერ აღემატებოდა მაქსიმალურ უსაფრთხო კონცენტრაციის დონეს.

რუსეთის სამხედრო სამრეწველო კომპლექსის მაღალჩინოსნებმა მირზაიანოვს ბრალი ღალატში დასდეს, რითაც ირიბად დაადასტურეს „ნივიჩოკის“ არსებობა. სუკ-ისთვის სამი ექსპერტ-ქიმიკოსის მიერ შედგენილ ანგარიშში ექსპერტები ასკვნიან, რომ „ნოვიჩოკის“ და მისი მონათესავე ნივთიერების წარმოება ნამდვილად მიმდინარეობდა და ამდენად მირზაიანოვის მიერ ინფორმაციის გამჟღავნება სახელმწიფო ღალატს წარმოადგენდა.

1992 წლის 22 ოქტომბერს მირზაიანოვი დააპატიმრეს და სახელმწიფო საიდუმლოს გამჟღავნებისთვის ლეფორტოვოს ციხეში გაამწესეს. მოგვიანებით ქიმიკოსი გაათავისუფლეს ვინაიდან „მომწამლავი ნივთიერებების არც ერთი ფორმულა ან სახელი, რომლებიც მოსკოვურ გაზეთში დაიბეჭდა არ წარმოადგენდა სიახლეს საბჭოთა პრესისთვის, ასევე არ გამღავნებულა საცდელი პოლიგონების მდებარეობები“. ევგენია ალბაცის თქმით, „ერთადერთი სახელმწიფო საიდუმლო რომელიც ფიოდორვმა და მირზაიანოვმა გამოამღავნეს არის ის, რომ „გენერლები საკუთარ მოქალაქეებს და საერთაშორისო საზოგადოებას ადრეც ატყუებდნენ და ახლაც აგრძელებენ მოტყუებას“. ამჟამად მირზაიანოვი აშშ-ში ცხოვრობს.

ქიმიური იარაღის წარმოების ერთ-ერთი საკვანძო ობიექტი უზბეკეთის ქალაქ ნუკუსში ორგანული ქიმიის და ტექნოლოგიების საბჭოთა სახელმწიფო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი იყო. სავარაუდოდ, ქიმიური იარაღის მცირე ექსპერიმენტული პარტიების გამოცდა ახლომდებარე უსტიურტის პლატოზე მიმდინარეობდა. შესაძლოა ცდები მოსკოვთან ახლოს, კრასნორმეისკის კვლევით ცენტრშიც ხორციელდებოდა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 1991 წლიდან, უზბეკეთი აქტიურად თანამშრომლობდა აშშ-ის მთავრობასთან „ნოვიჩოკის“ და სხვა ქიმიური იარაღის წარმოების და გამოცდის ობიექტების დემონტაჟისთვის და ტერიტორიის დაბინძურებისგან გასაწმენდად.

2002 წელს, „საფრთხის ერთობლივი შემცირების“ 6 მილიონ აშშ დოლარად ღირებული პროგრამის ფარგლებში, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა ნუკუსის ქიმიური კვლევის ინსტიტუტის „ნოვიჩოკის“ წარმოების და ტესტირების მთავარი ობიექტის დემონტაჟი მოახდინა.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ ნივთიერებების პირველი აღწერა მირზაიანოვმა წარმოადგინა. გაზის ან აორთქლებადის ნაცვლად ზეთხელ ფხვნილში დისპერსირებულ ქიმიურ აგენტს უნიკალური თვისებები გააჩნია. თვისებები ბინარულ აგენტსაც შენარჩუნებული უნდა ჰქონოდა, თუმცა უნდა მომზადებულიყო ქიმიური იარაღის შესახებ კონვენციით ლეგალური ნივთიერებებისგან, ან აღმოუჩენადი ყოფილიყვნენ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინსპექტირებისას. მიიჩნევა , რომ ნოვიჩოკების ოჯახში ყველაზე მძლავრი ძლიერმოქმედი ნივთიერებები — „ნოვიჩოკ-5“ და „ნოვიჩოკ-7“ ხუთი-ცხრაჯერ ძლიერია VX ნერვულ აგენტზე.

საკუთარ ავტობიოგრაფიაში მირზაიანოვი „ნოვიჩოკის“ სტრუქტურას ნაწილობრივ განსხვავებულად აღწერს, ვიდრე ეს დასავლელ ექსპერტებს აქვთ დადგენილი. იგი განმარტავს, რომ ლაბორატორიებში შეიქმნა ნარევების დიდი რიცხვი, მათ შორის ბევრი შედარებით ნაკლებად მძლავრი წარმოებული გამოქვეყნდა ღია ლიტერატურაში ორგანოფოსფატული ინსექტიციდების სახით. ამგვარად სპეცსამსახურები ქიმიური იარაღის საიდუმლო პროგრამა შენიღბეს სავსებით კანონიერი პესტიციდური კვლევის სახით.

ცნობილია, რომ ქიმიური აგენტის მიზნამდე მიტანა შეიძლება შესრულდეს სითხის, აეროზოლის ან გაზის სახით სხვადასხვა სისტემების გამოყენებით, მათ შორის საარტილერიო ჭურვებით, ავიაბომბებით, რაკეტებით და მშხეფავი მოწყობილობებით.

ქიმია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აგენტის შესაძლო სტრუქტურის ვარიანტების ფართო სპექტრია ცნობილი. ყველა მათგანს აქვს კლასიკური ორგანოფოსფორული ბირთვი (ზოგ შემთხვევაში P=O ჩანაცვლებულია P=S ან P=Se კავშირებით), რომელიც ხშირად ფთორირებულია, მაგ. მონოფთორფოსფატი. ორგანული ჯგუფები მრავალფეროვნებით გამოირჩევიან. იგი თვითონ ჭინჭრის პრინციპით მოქმედი შხამიანი ნივთიერებაა და ძლიერ ქიმიურ იარაღს წარმოადგენს, რაც შესაბამისად „ნოვიჩოკის“ აგენტის მოქმედებას კიდევ უფრო აძლიერებს. ცნობილი სტრუქტურებიდან ბევრი შეიცავს ე. წ. შემკვრელ აგენტებს, რომლებსაც კოვალენტური ბმით აცეტილქოლინესტერაზას აქტიურ ნაწილში რამდენიმე ადგილას დაკავშირება შეუძლიათ, რითაც აისნება ფერმენტის სწრაფი დენატურაცია, რაც სავარაუდოდ ახასიათებს „ნოვიჩოკის“ ნერვულ აგენტს.

მოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნერვული აგენტი „ნოვიჩოკი“ განეკუთვნება აცეტილქოლინესტერაზის ინჰიბიტორების ორგანოფოსფატების კლასს. ეს ქიმიური ნარევი ინჰიბირებს აცეტილქოლინესტერაზის ფერმეტს, რაც ხელს უშლის აცეტილქოლინის ნორმალურ დაშლას, რომელიც ნერვულ-კუნთური გადაცემის ნეირომედიატორია და პარასიმპატიური ნერვული სისტემის ძირითადი ნეირომედიატორია. ამგვარად, ფერმენტზე მოქმედებით, ნეიროკუნთურ შეერთებებში აცეტილქოლინის კონცენტრაცია იზრდება და იწვევს სხეულის ყველა კუნთის უნებლიე შეკუმშვას, რის შედეგადაც ვითარდება სუნთქვის და გულის გაჩერება (ვინაიდან მსხვერპლის გული და დიაფრაგმის კუნთები ნორმალურად აღარ მუშაობენ) და ბოლოს დგება სიკვდილი გულის უკმარისობის, ან გაგუდვის გამო, ვინაიდან სითხის უხვი სეკრეცია ავსებს მსხვერპლის ფილტვებს.

სწრაფმოქმედი პერიფერიული ანტიქოლინერგიკული წამლის გამოყენების შემთხვევაში, მაგალითად ისეთის როგორიც ატროპინია, შეიძლება მოხერხდეს იმ რეცეპტორების დაბლოკვა რომლებზეც მოქმედებს აცეტილქოლინი, რათა აცილებულ იქნას მოწამვლა (როგორც სხვა აცეტილქოლინესტერაზის ინჰიბიტორებით მოწამვლის მკურნალობისას). თუმცა, ატროპინის უსაფრთხო დოზირება რთულია, რადგან ნერვული აგენტის ანტიდოტური ეფექტის მისაღწევი დოზა ახლოსაა იმ დოზასთან, რომლის დროსაც ვლინდება სერიოზული გვერდითი მოვლენები, როგორიცაა გულის რითმის ცვლილება, ბრონქიალური სეკრეციების შესქელება, რომლებიც თავისმხრივ ავსებენ ნერვული აგენტით მოწამლული პაციენტის ფილტვებს. ამიტომ მკურნალობისას შესაძლოა საჭირო გახდეს სეკრეციების გამოტუმბვა და სიცოცხლის გადაუდებელი უზრუნველყოფის სხვა მეთოდების გამოყენება.

ნერვული აგენტით მოწამვლის მკურნალობისას, ატროპინთან ერთად ხშირად შეიყვანება პრალიდოქსიმი, რომელიც აღადგენს ფოსფორილებით ორგანოფოსფორის ნერვული აგენტის მიერ ინჰიბირებულ აცეტილქოლინესტერაზის აქტიურობას და ხსნის სასუნთქი ქუნთების დამბლას. პროლიდოქსიმი არ არის ეფექტიანი ზოგიერთი ძველი ნერვული აგენტების, მაგალითად ზომანით ინჰიბირებული აცეტილქოლინესტერაზის აღსადგენად. აქედან გამომდინარე პროლიდოქსიმი ასევე არაეფექტიანია „ნოვიჩიკის“ შემთხვევაშიც, რადგან, როგორც ცნობილია, VX-ზე 5-8-ჯერ უფრო მძლავრია.

რუსი მეცნიერების თქმით, „ნოვიჩოკმა“ შეიძლება ხანგრძლივი ნერვული დაზიანება განაპირობოს, რაც მუშაობისუნარიანობის სამუდამო დაკარგვას იწვევს. ნივთიერების ადამიანზე მოქმედება შემთხვევით გამოცდილ იქნა აგენტის შექმნაზე მომუშავე ერთ-ერთ მეცნიერზე, ანდრეი ჟელეზნიაკოვზე. 1987 წლის მაისში ლაბორატორიაში მუშაობისას ჟელეზნიაკოვს შემთხვევითი შეხება მოუვიდა ნივთიერების მცირე ნარჩენთან, რამაც მძიმე დაზიანება მიაყენა და მასი გონზე მოსაყვანად ათი დღე დასჭირდათხ. მეცნიერს წაერთვა სიარულის უნარი, შემგომ მკურნალობა გრძელდებოდა ლენინგრადის საიდუმლო საავადმყოფოში. შხამმა დააზიანა ჟელეზნიაკოვის ნერვული სისტემა, რის გამოც მას ჩამოუყალიბდა ქრონიკული სისუსტე ხელებში, ტოქსიკური ჰეპატიტი - რომელმაც ღვიძლის ცეროზი გამოიწვია, ეპილეფსია, მძიმე დეპრესია, კითხვის და კონცენტრირების უუნარობა, რამაც სამუდამოდ მუშაობის უუნაროდ და სრულ ინვალიდად აქცია. მეცნიერი საბოლოოდ ვერ გამოკეთდა და ჯანმრთელობის ხუთწლიანი გაუარესების შემდეგ გარდაიცვალა 1992 წლის ივლისში.

გამოყენების ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცნობილია, რომ „ნოვიჩოკის“ ნერვული აგენტი გამოყენებულ იქნა 1995 წელს რუსი ბანკირის, ივან კიველიდის და მისი მდივნის, ზარა ისმაილოვას მოწამვლისას. მკვლელობისთვის შემკვეთის სახით დაკავებულ იქნა ბანკირის ყოფილი ბიზნესპარტნიორი ვლადიმირ ხუციშვილი და მის მიერ დაქირავებული მკვლელი. იური ფელშტინსკის და ვლადიმირ პრიბილოვსკის თქმით, ივან კიველიდის მკვლელობა იყო რუსეთის სპეცსამსახურების მოწამვლის გზით შესრულებული ერთ-ერთი პირველი ოპერაცია. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიების შედეგად დაგინდა რომ ბიზნესმენ მოიწამლა ფოსფატის შემცველი ნივთიერებით, რომლის „სტრუქტურა და ფორმულა საიდუმლო ინფორმაციას წარმოადგენს“. გამოძიების ცნობით საწამლავი ტელეფონის ყურმილზე იყო წასმული, ამავე ნივთიერებით გარდაიცვალა ბანკირის მდივანიც, თუმცა იგი ყურმილს არ შეხებია, მხოლოდ მტვერი გადაწმინდა. ზოგიერთი ინფორმაციით, კიველიდის სხეულის გამკვეთი პათოლოგანატომიც მოწამვლის ნიშნებით მალევე გარდაიცვალა. საწამლავი, რომლითაც ბიზნესმენი მოკლეს, სინთეზირებული იყო შიხანიში, სარატოვის ოლქში. შიხანის ადმინისტრაციის ხელმძღვანლის ნესტეროვის განცხადებით „ასეთი საწამლავის უკანონო გაყიდვის ფაქტი მისთვის ცნობილი არ არის“ და აღნიშნავს, რომ „მას მხოლოდ პროფესიონალი ჯაშუშები იყენებენ“.

სკრიპალის საქმე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2018 წლის 12 მარტს დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გაავრცელა განცადება, რომელშიც ნათქვამია, რომ გრუ-ის ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალის და მისი შვილის იულია სკრიპალის მოწამვლისას გამოყენებულ იქნა „ნოვიჩიკო“. შემთხვევა ინგლისის ქალაქ სოლსბერიში მოხდა. დიდი ბრიტანეთის პრემიერმა, ტერეზა მეიმ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა: „ან ეს იყო რუსეთის სახელმწიფოს პირდაპირი ქმედება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ან რუსეთის მთავრობამ კონტროლი დაკარგა მის ხელთ არსებულ დამანგრეველ ნერვულ აგეტზე, და ნება მისცა იგი სხვების ხელში მომხვდარიყო“. ბრიტანეთის მთავრობამ მიმართა რუსეთს, რომ 13 მარტის შუაღამემდე რუსებს ოფიციალური პასუხი გაეცათ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე. რუსეთის მხარემ უარი თქვა რამიმე პასუხის გაცემაზე ნივთიერების გამოყენებასთან დაკავშირებით, ამიტომ 14 მარტს გაერთიანებულმა სამეფომ საელჩოში მომუშავე 23 რუსი დიპლომატი პერსონა-ნონგრატად გამოაცხადა და სამეფოს დასატოვებლად ერთ კვირიანი ვადა მისცა.

შხამიანი ნივთიერებით სკრიპალის და მისი შვილის მოწმვლისას, დაზიანება მიიღო ასევე 21-მა ადამიანმა , მათ შორის როგორც ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა, ასევე პოლიციის და გადაუდებელი დახმარების სამსახურების თანამშრომლებმა, სამი მათგანი ჰოსპიტალიზაციას დაექვემდებარა. ხუთას ადამიანზე გაიცა მათი ქონების სასწრაფო გაწმენდის რეკომენდაცია ქიმიური ნივთიერების ხანგრძლივი ზემოქმედების ასაცილებლად. სოლსბერის შემოგარენში გაუვნებელყოფის ოპერაციაში ჩართული იყო 180 სამხედრო მოსამსახურე და ქიმიური და რადიაციული უსაფრთხოების 18 მანქანა. მოწამვლის ზუსტი ადგილი დადგენილი არ არის.

გაეროში რუსეთის ელჩმა ვასილი ნებენზიამ, უშიშროების საბჭოზე უპასუხა დიდი ბრიტანეთის ბრალდებებს და უარყო რუსეთის მიერ მსგავსი ნივთიერების შექმნა ან კვლევა: „არანაირ სამეცნიერო კვლევას ან წარმოებას სახელად „ნოვიჩოკი“ რუსეთში ადგილი არ ჰქონია“.

აშშ-ის შინაგანი უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის დენიელ გერშტეინის თქმით, შესაძლოა დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე ადრეც ყოფილა კრემლის სამიზნეების მოსაკლავად „ნოვიჩოკის“ გამოყენების ფაქტები, თუმცა ისინი ყურადღების მიღმა დარჩენილან: „შესაძლოა ჩვენ გვინახავს როგორ კვდებოდნენ ამ საწამლავით და არ გაგვიაზრებია. ამჯერად ყურადღება იმიტომ მიიპრო, რომ სკვერის სკამზე გონებადაკარგულებს მივუსწარით. უფრო დიდი დოზა რომ ყოფილიყო, შესაძლოა გვამები გვეპოვა და გვეფიქრა რომ სიკვდილი ბუნებრივი მიზეზებით დადგა“.

ალექსეი ნავალნის მოწამვლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2020 წლის 20 აგვისტოს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ბლოგერი ალექსეი ნავალნი ტომსკი-მოსკოვის რეისით მგზავრობისას, თვითმფრინავში ცუდად გახდა.[2] ხომალდის ეკიპაჟის გადაწყვეტილებით, თვითმფრინავი საგანგებოდ დაეშვა ომსკის აეროპორტში, სადაც ბორტს სასწრაფო დახმარების ექიმები დახვდნენ და ალექსეი ნავალნი საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს.[2] მოგვიანებით ოჯახის მოთხოვნით ნავალნის გადაყვანა სამკურნალოდ გერმანიაში, ბერლინის შარიტეს კლინიკაში მოხდა.[3] განსხვავებით რუსი ექიმებისგან, რომლებიც უარყოფენ ნავალნის მოწამვლას, გერმანული კლინიკის მიერ, 2020 წლის 2 სექტემბერს პრესისთვის გავრცელებული ოფიციალური განცხადებით დადასტურდა ოპოზიციონერის მოწამვლის ფაქტი,[4]. იმავე დღეს ცნობილი გახდა ბუნდესვერის სპეციალისტების მიერ ნავალნისგან აღებული ნიმუშების ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის პასუხი, რომლის თანახმად, ალექსეი ნავალნის ორგანიზმში აღმოჩენილ იქნა „ნოვიჩოკის“ ოჯახის ნერვული აგენტის კვალი.[5]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Tucker, J. B.; War of Nerves; Anchor Books; New York; 2006; pp 232-233.
  2. 2.0 2.1 ალექსეი ნავალნი საავადმყოფოშია - ვარაუდობენ, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მოწამლეს. რადიო თავისუფლება (2020-08-20). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-15. ციტირების თარიღი: 15 სექტემბერი, 2020.
  3. ალექსეი ნავალნი ბერლინის საავადმყოფოში ჩაიყვანეს. რადიო თავისუფლება (2020-08-22). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-15. ციტირების თარიღი: 2020-09-15.
  4. Viertes Statement der Charité: Gesundheitszustand von Alexei Nawalny weiterhin ernst. ბერლინის საუნივერსიტეტო მედიცინის კლინიკა შარიტე (2020-09-02). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-06. ციტირების თარიღი: 15 სექტემბერი, 2020.
  5. Aleksei Navalny Was Poisoned With Novichok, Germany Says. The New York Times (2020-09-02). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-13. ციტირების თარიღი: 15 სექტემბერი, 2020.