შინაარსზე გადასვლა

ნეპტუნიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნეპტუნიზმი (ლათ. Neptunus — ნეპტუნი, რომაულ მითოლოგიაში ზღვებისა და წყლების ღმერთი) — გეოლოგიური მოძღვრება ქანების (მათ შორის — ამოფრქვეული ქანების) წარმოშობის შესახებ წყლიდან დალექვის გზით; გავრცელებული იყო XVIII საუკუნის ბოლოს — XIX საუკუნის დასაწყისში; სახელწოდება მომდინარეობს რომაული მითოლოგიის ზღვის ღმერთის — ნეპტუნის სახელის მიხედვით.[1] აბრაამ გოტლობ ვერნერი თვლიდა, რომ ყველა ქანი, გრანიტისა და ბაზალტის ჩათვლით, ზღვაშია დალექილი, ხოლო ვულკანური მოვლენები ქვანახშირის მიწისქვეშა წვის შედეგია. ამის გამო ვერნერსა და მის მიმდევრებს „ნეპტუნისტები“ ეწოდათ. საპირისპიროდ, ჯეიმზ ჰატონი ამტკიცებდა, რომ დედამიწის ისტორიაში დიდ როლს თამაშობენ შინაგანი პროცესები, რომელთა წყარო მიწის შინაგანი სითბოა და ბევრი ქანი — იგივე გრანიტი და ბაზალტი — მაგმური წარმოშობისაა. ნეპტუნისტებსა და პლუტონისტებს შორის დისკუსია დიდ ხანს გაგრძელდა და უკანასკნელთა გამარჯვებით დამთავრდა. XIX საუკუნის დასაწყისში დამტკიცდა, რომ ბაზალტი ვულკანური წარმოშობისაა და შესაბამისად, ნეპტუნიზმი როგორც მოძღვრება უარყოფილი იქნა.

ფრანგმა ბუნებისმეტყველმა ჟორჟ ბიუფონმა დედამიწის ასაკი 75 ათასი წლით განსაზღვრა. ნეპტუნიზმის მეტად ცნობილი წარმომადგენლები იყვნენ: გერმანიაში — აბრაამ გოტლობ ვერნერი, საფრანგეთში — ჟან ანდრე დელიუკი, დიდ ბრიტანეთში — რიჩარდ კირვანი.[2]