მუხრანბატონის სასახლე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მუხრანბატონის სასახლე — არქიტექტურული ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში. აგებულია XIX საუკუნის მეორე ნახევარში. სასახლე ეკუთვნოდა მდიდარ ქართველ მემამულეს, რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტს ივანე კონსტანტინეს ძე მუხრანბატონს (1809-1895 წწ.). 1876 წელს ივანე მუხრანბატონმა საფრანგეთიდან მოიწვია მეღვინეობის სპეციალისტები, დაიხმარა ქართველი მეღვინე ზ. ჯორჯაძე და მუხრანში ააგო ღვინის ქარხანა, სადაც ღვინოს ევროპული წესის შესაბამისად აყენებდნენ. 1882 წელს ამ ქარხანაში დამზადებულმა ღვინომ მოსკოვის გამოფენაზე დაიმსახურა უმაღლესი ჯილდო — სახელმწიფო გერბი. ღვინის ქარხანა სასახლეს გვირაბით უკავშირდებოდა.

სასახლე ნაგებია აგურით. გარედან შელესილია. დგას მაღალ ცოკოლზე. მისი ძირითადი კორპუსი ორსართულიანია, რომლის ფასადის აღმოსავლეთის კიდეში სამსართულიანი წახნაგოვანი კოშკი დგას. სასხლის სამეჯლისო დარბაზს ჩრდილოეთით ნახევარწრიული აფსიდი აქვს, რომელშიც სცენაა მოწყობილი. სამეჯლისო დარბაზის ორივე მხარეს სამხრეთ-ჩრდილოეთის ღერძზე, ორივე სართულზე, სამეურნეო, სანიტარული და სხვა დანიშნულების სათავსებია განლაგებული. სასახლეს დამატებითი შესასვლელები აქვს აღმოსავლეთის, დასავლეთისა და ჩრდილოეთის მხარეს.

ფასადებზე ფანჯრები ორ იარუსადაა განლაგებული. იარუსებს შორის პროფილირებული სარტყელია, ქვედა იარუსის კარ-ფანჯარა ნახევარწრიული თაღითაა გადახურული, ხოლო მეორე იარუსის ფანჯრების გადახურვა ბრტყელია და მხოლოდ კუტხეებშია მომრგვალებული. სასახლის ნივნივებზე გამართული სახურავი თუნუქისაა.

მუხრანბატონის სასახლეს 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]