მიხეილ სომოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიხეილ სომოვი
დაბადების თარიღი 25 მარტი (7 აპრილი) 1908
მოსკოვი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 30 დეკემბერი 1973
ლენინგრადი, სსრკ
ეროვნება რუსი
ალმა-მატერი მოსკოვის ჰიდრომეტეოროლოგიური ინსტიტუტი
საქმიანობა ოკეანოლოგია

მიხეილ სომოვი (რუს. Сомов, Михаил Михайлович; დ. 7 აპრილი [ძვ. სტ. 25 მარტი] 1908, მოსკოვი, რუსეთის იმპერია — გ. 30 დეკემბერი, 1973, ლენინგრადი, სსრკ) — რუსი ოკეანოლოგი, პოლარეთის მკვლევარი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1954). საბჭოთა კავშირის გმირი (1951), საპატიო პოლარელი (1945). სკკპ წევრი 1952 წლიდან.

1937 წელს დაამთავრა მოსკოვის ჰიდრომეტეოროლოგიური ინსტიტუტი. არქტიკული და ანტარქტიკული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1950–1951 წლებში ხელმძღვანელობდა მოდრეიფე სადგურს „ჩრდილოეთი პოლუსი-2“, ხოლო 1955-1957 წლებში — პირველ საბჭოთა ანტარქტიკულ ექსპედიციას. მისი ძირითადი შრომები მიეძღვნა პოლარული ზღვების ყინულოვანი რეჟიმების საკითხებსა და არქტიკული ნავიგაციების უზრუნველყოფის საქმეს. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. დაჯილდოებული იყო ლენინის 3 ორდენით, 2 სხვა ორდენითა და მედლებით. მისი სახელობისაა მყინვარი აღმოსავლეთ ანტარქტიდაში, უოლთატის მასივზე, აგრეთვე განაპირა ზღვა სამხრეთის ოკეანეში და სამეცნიერო-კვლევითი ხომალდი.

სანქტ-პეტერბურგში, სადაც იგი 1946–1968 წლებში ცხოვრობდა სახლის ფასადზე არის სომოვის მემორიალური დაფა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]