შინაარსზე გადასვლა

მინოდორა, მიტროდორა და ნიმფოდორა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წმ. მინოდორა, მიტროდორა და ნიმფოდორა
ხსენების დღე 10 სექტემბერი

წმინდა მინოდორა, მიტროდორა და ნიმფოდორა - მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიის წმინდანები, ხსენების დღე არის ძველი სტილით 10 სექტემბერი, ახალი სტილით - 23 სექტემბერი. წმინდანები ღვიძლი დები იყვნენ, წარმოშობით ბითვინიიდან (მცირე აზია). ღვთისმოშიშებით გამორჩეულებმა გადაწყვიტეს, გარიდებოდნენ ამ სოფელს, ერთი განკრძალული ბერი ჰპოვეს უდაბნოში და აქ ატარებდნენ დღეებს ლოცვითა და მარხვით. მალე წმიდანებმა შორს გაითქვეს სახელი, რადგან უფლისაგან სასაწაულებრივი კურნების ნიჭი მიემადლათ. ოლქის მმართველმა, ფრონტონმა ბრძანა, შეეპყროთ ისინი და მისთვის მოეგვარათ. უღმრთო ხელისუფალი პატივისა და ჯილდოების აღთქმით შეეცადა ქალწულების გადადრეკას ქრისტეს სარწმუნოებისაგან, მაგრამ მათ ახოვნად აღიარეს ჭეშმარიტი ღმერთი და ყველა მაცდური წინადადება უარყვეს. გააფრთებულმა მმართველმა თავისი რისხვა უფროს დას - მინოდორას დაატეხა თავს. წმიდანი მოთმინებით იტანდა სატანჯველებს, ბოლოს კი აღმოხდა:

ვიკიციტატა
„ „უფალო, იესუ ქრისტე, სიხარულო ჩემო და სასურველო ჩემო, შენდამი მოვილტვი სასოჲსა ჩემისა, შეივედრე სული ჩემი მშვიდობით““

და გავიდა ამ სოფლიდან. ოთხი დღის შემდეგ უმცროსი დები - მიტროდორა და ნიმფოდორა წარადგინეს სამსჯავროზე. მათ მინოდორას ჭრილობებით დასერილი და გასისხლიანებული გვამი დაუგდეს წინ დასაშინებლად. ასულები ცხარე ცრემლით დასტიროდნენ ძვირფას ცხედარს, მაგრამ მაცხოვრის უარყოფაზე არც უფიქრიათ; მმართველს განუცხადეს:

ვიკიციტატა
„ „ვერვინ ჰპოვო ჩუენ შორის მოშიში, არცა უღირსი და შეუმსგავსი ესევითარისა მის დისა, არცა აღმოცენებულისა მის ჩუენისა ძირისა, რომელმაც სამნი ესე რტონი აღმოგუაცენნა“.“

მაშინ წმიდა მიტროდორა გაიყვანეს საწამებლად: ხეზე დაკიდეს, „ლამპართა მიერ ცეცხლისათა“ დაუწვეს სხეული; შემდეგ გარდამოხსნეს და რკინის ჯოხების ცემით დაუმტვრიეს სხეული; ასეთ ტანჯვაში შეჰვედრა ნეტარმა სული უფალს. ბოლოს მესამე, ნიმფოდორა მოიყვანეს. მის წინ უფროსი დების ნაწამები ცხედრები ესვენა. ფრონტონი იმედოვნებდა, რომ ეს სახილველი დააფრთხობდა ყმაწვილ ქალს. თავი ისე მოაჩვენა, თითქოს ენანებოდა მისი სინორჩე და მშვენიერება, და ალერსით, უხვი ჯილდოებისა და პატივის აღთქმით შეეცადა მის გადმობირებას. წმიდა ნიმფოდორამ ყური არ ათხოვა მის მაცდურ სიტყვებს და დების ხვედრი გაიზიარა.

უსჯულოებს სურდათ, დაეწვათ მარტვილთა ცხედრები, მაგრამ „ქუხილნი და ელვანი საშინელნი მეყსა შინა იხილვნეს საჴუმილსა მას ზედა ცეცხლისასა“ და მთავარი და მისი მსახურები „დაწუნა და განანქრინნა“; შემდეგ მძაფრი წვიმა გარდამოხდა ზეცით და ცეცხლი დაშრიტა. წმიდანთა უვნებლად დარჩენილი ნეშტი ქრისტიანებმა პატივით მიაბარეს მიწას. მათი ზოგი უხრწნელი ნაწილი ათონზე, პანტელეიმონის რუსული მონასტრის ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ინახება, წმიდა მიტროდორას მკლავი კი წმიდა მთაზევე, პანტოკრატორის სავანეშია დაბრძენებული.

ვიკიციტატა
„"სამებისა წმიდისათვის მხნედ მოღუაწეთა, მრავალმანქანა მტერი იოტეთ, ძმებრთანაშეკრულთა სულითა, ვინა განისვენეთ ხუთთა ქალწულთათანა, ზეცისა სასძლოსა, ღვაწლით შემოსილნო, და ანგელოსთა თანა ყოველთა მეუფისა წინაშე მოუკლებელსა სიხარულსა შინა მდგომარე ხართ."“
ვიკიციტატა
„"ჰოჲ, წმინდანო მოწამენო მინოდორა, მიტროდორა და ნიმფოდორა. მარგარიტნო სარწმუნოებისა და სიწმინდისანო, საშინელთა სატანჯუელთა ქრისტესთვის დამთმენელნო, სიყმაწვილისა თქუენისა არადშემრაცხუელნო და სიმტკიცითა უწყალოთა მტანჯუელთა განმაცვიფრებელნო. თქუენ, სიყუარულითა აღვსილთა დათა, მე მონა ღვთისა (სახელი) სიმდაბლითა შეგივრდებით: ევედრენით უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა ბრძოლასა შინა და ჟამსა მშვიდობისასა დაცუად მოყვასისა ჩემისა და ჩემ ცოდვილისაცა თვისითა გამოუთქმელითა მადლითა. დახსნად ჩუენდა ეშმაკთაგან მყრალთა, სასტიკისა სიკუდილისაგან და უკურნებელისა ჭრილობისაგან, სეტყვისაგან, წყალდიდობისაგან, სენისაგან და სირცხვილეულ-მყოფელისა ტყუეობისაგან. ჰოჲ, მრავალტანჯულნო ქალწულნო, ლოცვითა თქუენითა მოწყალემან უფალმან დაიფაროს მამანი და დედანი ჩუენნი, ცოლნი და შვილნი, ყოველნი მოყუასნი ჩემნი მწუხარებათა და ვაებათაგან. წარმოჰგზავნიდეს მათ ზედა სიმდაბლესა და მოთმინებასა, და სიყუარულსა მათსა ჩუენდამო განატფობდეს მარადის. მიჰმადლებდეს მათ სამარადისოსა, მხურვალესა ლოცვასა ჩუენისა წარმატებულისა დაბრუნებისათვის სახლსა შინა. ღმერთო მართალო, გვიხსენ ჩუენ უსჯულოებათა და შეცოდებათაგან, ნეფსითთა და უნებლიეთთა. შემეწიენ ჩუენ ღირსებით აღსრულებად ვალისა ჩუენისა - გარეშევზღუდვიდეთ მამულსა ჩუენსა ბოროტისაგან. მომეც ჩუენ ძალი მოგუაქუნდეს კაცთათვის სიმართლე, მშვიდობა და სიყუარული. შენდა, უფალო, დამხსნელო და შემწყნარებელო, დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა და სულისა წმიდისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ."“

„წმიდანთა ცხოვრება“, ტ. III, თბილისი, 2001 წელი