მალსეკო
მალსეკო (ინგლ. Mal secco), ლიმონის ხმელა — ლიმონის სოკოვანი დაავადება. გამომწვევია სოკო Phoma tracheiphila. პირველად აღწერილია ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში, საბერძნეთში – კუნძულ ხირსზე (1894), პოროსული დაავადების სახელწოდებით – კუნძულ პოროსზე (1900), შემდეგ – კვიპროსზე, პალესტინაში, თურქეთში (1933) და სწრაფად მოედო ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებში არსებულ ციტრუსოვანთა ნარგავებს.
დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკებში მალსეკო ციტრუსოვანთა ნარგავებში გამოჩნდა აჭარაში, ციხისძირის საბჭოთა მეურნეობაში (1940-1941), მოგვიანებით კი ქობულეთში, ოზურგეთსა და აფხაზეთში (1952). საქართველოში მალსეკომ ლიმონის ნარგავები მთლიანად გაანადგურა. გადარჩა მხოლოდ მეიერის ლიმონი, რომელიც გამძლე აღმოჩნდა მალსეკოს მიმართ, რაც მისი გენეტიკური თავისებურებებით არის განპირობებული. მალსეკომ გაანადგურა ლიმონის უნიკალური ჯიში „ქართული“ და მისი კლონები (№ 54; № 212, უეკლო), ასევე ვილაფრანკა, ლისბონი, კომუნე, ჯენოა და სხვა, ამიტომ XX საუკუნის 80-90-იანი წლებიდან იგი საქართველოში აღარ გვხვდება.
მალსეკო ტრაქეომიკოზული დაავადებაა. სოკო P. tracheiphila იჭრება მცენარის გამტარ სისტემაში როგორც ჰაერიდან, ისე ნიადაგიდან, გამოყოფს ტოქსინებს, რის შედეგადაც იწყება მცენარის მოწამვლა და მექანიკურად წყდება ფესვებიდან ფოთლებისთვის წყლის და საკვები ნივთიერებების მიწოდება.
დაავადების პირველი ნიშანია ფოთლების ქლოროზულობა (გაყვითლება) და ცვენა, ყლორტებზე წარმოიქმნება მოყავისფრო-მონაცრისფრო ლაქები, რომელიც იზრდება ყლორტის გარშემო და იწვევს მის ჭკნობას. დაავადების გაძლიერებისას იგი გადადის დაავადებული ყლორტის გასწვრივ და მის გარდიგარდმო განაჭერზე შეიმჩნევა ქსოვილების მოწითალო-მონარინჯისფრო შეფერვა, რაც დაავადების უტყუარი ნიშანია. მერქნის ასეთი შეფერვა კარგად ჩანს ჯერ კიდევ ცოცხალ ყლორტზე, გამხმარ ნაწილზე კი შეუმჩნეველია. ხის დაავადება ნაყოფზეც გადადის და ის იწყებს ცვენას. მიცელიუმი ვითარდება მცენარის მერქანში კარგად განტოტვილი უფერული ჰიფების სახით, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ინფექციის წყაროს წარმოადგენენ. დაავადების პირველი ნიშნები ვლინდება მარტ-აპრილში, შემდეგ კლებულობს და ზაფხულში მთლიანად წყდება. მალსეკოსთვის, ისევე როგორც სხვა ინფექციური დაავადებებისათვის, არსებობს მთელი რიგი ფაქტორები, რომლებიც განაპირობებს მის გავრცელებას და მავნეობას. ესენია: ჰაერის მაღალი ტენიანობა (65-90%), ტემპერატურა (18-280°C), ლიმონის ჯიშების მიმღეობა, ინფექციური საწყისის არსებობა. მალსეკოს წინააღმდეგ ბრძოლის გზაა მალსეკოგამძლე ლიმონის სელექცია.
დღეისთვის კვლავ არის მალსეკოს გავრცელების საშიშროება დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, რადგანაც სოკო P. tracheiphila შემოჰყვა საზღვარგარეთიდან შემოტანილ ლიმონის ნერგებს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქაშაკაშვილი ც., ხალვაში ნ., ლიმონის ინფექციური დაავადება მალსეკო, ანუ ხმელა, „ახალი აგრარული საქართველო“, 2017, №7.