შინაარსზე გადასვლა

მადამ დიუ ბარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მადამ დიუ ბარი
წოდებები
გრაფინია დიუ ბარი
სამეფო საყვარელი
დაიბადა 19 აგვისტო, 1743
ვოკულერი, საფრანგეთი
გარდაიცვალა 8 დეკემბერი, 1793, (50 წლის)
პარიზი, საფრანგეთი
მეუღლე(ები) გრაფი გულიემ დიუ ბარი
მამა ჟან ბაპტისტ გორმან დე ვობერნიე
დედა ანა ბეკ დე კანტინი
რელიგია კათოლიციზმი

ჟანა ბეკი, გრაფინია დიუ ბარი (ფრანგ. Jeanne Bécu, Comtesse du Barry), აგრეთვე ცნობილია როგორც მადამ დიუ ბარი (ფრანგ. Madame du Barry; დ. 19 აგვისტო, 1743 — გ. 8 დეკემბერი, 1793) — გამოჩენილი ფრანგი კურტიზანი. საფრანგეთის მეფე ლუი XV-ის სამეფო საყვარელი. საფრანგეთის რევოლუციის დროს, დიდი ტერორის პერიოდში იგი, როგორც სამეფო ოჯახთან დაახლოებული პირი, შეიპყრეს და გილიოტინაზე სიკვდილით დასაჯეს.

მადამ დიუ ბარი

ჟანა ბეკი დაიბადა 1743 წლის 19 აგვისტოს ქ. ვოკულერში, ლოთარინგიაში. იგი იყო ადგილობრივი მკერავის, ანა ბეკის უკანონო ქალიშვილი, რომლის მამადაც ჟან ბაპტისტ გორმან დე ვობერნიე მოიაზრება.

ბავშვობის პერიოდში, დედის საყვარელმა, მონსენიორ ბილარ-დიუმონკმა თავის მზრუნველბაში აიყვანა ანა ბეკიცა და მისი სამი წლის ქალიშვილიც. აღსანიშნავია, რომ ბილარი ჟანას ნახევარ-ძმის, კლოდის მამად მოიაზრება. ბილართან ერთად, მან და დედამისმა იტალიაში იმოგზაურეს და საბოლოოდ პარიზში დასახლდნენ. პატარა ჟანას არ მოსწონდა ბილარის მეორე საყვარელი ფრანჩესკა, რომელიც ასევე მის ხარჯზე ცხოვრობდა. ბილარმა დააფინანსა ჟანას განათლება სენ-ორის მონასტერში.

როდესაც თხუთმეტი წელი შეუსრულდა, ჟანამ დატოვა მონასტერი და პარიზს დაუბრუნდა. ფრანჩესკა ეჭვიანობდა მშვენიერ ჟანაზე, რის გამოც, ისე გააკეთა, რომ ბილარმა ჟანა და დედამისი ქუჩაში გაყარა. ამის შემდეგ, ანა მალევე გათხოვდა და თავის ქალიშვილთან ერთად ქმრის პატარა ბინაში გადავიდა. იმისათვის, რომ როგორმე თავი გაეტანათ, ჟანასაც უნდა ემუშავა, რის გამოც მან პარიზის ქუჩებში საცვლების გაყიდვა დაიწყო. იგი პროფესიას მალე იცვლიდა და სხვადასხვა ადგილას მუშაობდა. თავდაპირველად მას სტილისტის ასისტენტად დააწყებინეს მუშაობა ერთ პოპულარულ სალონში, თუმცა იქიდან მალევე გამოაგდეს მეპატრონესთან რომანის გამო. ამის შემდეგ, გორმარდის (მისი სავარაუდო მამის ძმა) ინიციატივით, იგი მოხუცი არისტოკრატი ქალის, მადამ დე ლა გარდის დამხმარედ მოეწყო. ამ პერიოდში, სილამაზით ცნობილ ჟანას რომანი ჰქონდა ლა გარდის ორივე ვაჟთან, რის გამოც ეს სამსახურიც დაკარგა. ამის შემდეგ ჟანამ პატარა მაღაზიაში დაიწყო მუშაობა, სადაც ჰიგიენის დაცვის პროდუქტები იყიდებოდა. ეს მაღაზია მადმუაზელ ლაბილეს საკუთრებაში იყო, თუმცა მის მაგივრად მისი ქმარი მართავდა. აქ ჟანა მალევე დაუმეგობრდა ლაბილეს ქალიშვილს, მხატვარ ადელაიდა ლაბილეს.

ადელაიდა მას ხშირად ხატავდა, რის გამოც მისი ახალგაზრდობის დროინდელი სილამაზე შემონახულია. სწორედ ამ ნახატებით მიიქცია ჟანამ მაღალი ფენის მამაკაცების ყურადღება. იგი ძალიან მოეწონა გრაფ დიუ ბარის, რომელიც პარიზის ცენტრში დიდ კაზინოს ფლობდა. 1763 წელს, დიუ ბარმა ჟანას თავის ბორდელ-კაზინოში დააწყებინა მუშაობა. ამან მას საშუალება მისცა არისტოკრატ მამაკაცებში გარეულიყო, რომელთა უმეტესობა მალე მის საყვარლად, ან უბრალო კლიენტად მაინც იქცა.

კურტიზანი და ლუი XV-ის საყვარელი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჟანა 1769 წელს

კურტიზანული კარიერის დაწყებისას მან თავის პროფესიულ სახელად მადმუაზელ ლანჟი აირჩია. მან პარიზულ არისტოკრატიაში მალევე მოახდინა სენსაცია და პოპულარული გახდა. მას ყველა ფენაში ჰყავდა საყვარლები, დაწყებული მეფის მინისტრებიდან, დამთავრებული კარტიეებით. მის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საყვარლად ჯერ კიდევ ხანში შესული მარშალი რიშელიე გახდა. ამან მას საშუალება მისცა სამეფო კარზე გამოჩენილიყო და საფრანგეთის მეფეზე მოეხდინა შთაბეჭდილება. 1768 წელს, ჟანა ვერსალის სასახლეში მიიწვიეს, სადაც გაიცნო ახლად დაქვრივებული მეფე ლუი XV. სხვა კაცების რჩევით, რომლებიც „კმაყოფილნი“ იყვნენ ჟანათი, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰერცოგმა დე შუაზიემ იგი მეფეს გააცნო, რადგან იფიქრა, რომ მას ცოლის სიკვდილით გამოწვეულ სევდას გაუქარვებდა. მართალია მან დააკმაყოფილა მეფე და თავიც მოაწონა, მაგრამ ტიტულების გარეშე სამეფო კარზე დარჩენა არ შეეძლო. მეფეს არ სურდა, მის საყვარელს უბრალო ბორდელში ეცხოვრა, ამიტომაც ტიტულის მოპოვებისა და სამეფო კარზე გადმოყვანის მიზნით, ლუიმ 1768 წლის 1 სექტემბერს ჟანა დააქორწინა გრაფ გულიემ დიუ ბარზე, რითაც იგი გრაფინია დიუ ბარი გახდა. ისიც აღსანიშნავია, რომ მდაბიო წარმომავლობის გამო მას გრაფზე ქორწინება არ შეეძლო, რის გამოც მეფემ მას ცრუ დაბადების მოწმობა დაუმზადა, რის მიხედვითაც არისტოკრატიული წარმომავლობის ქალი იყო. ქორწინების შემდეგ გრაფი დიუ ბარი საზღვარზე გააგზავნეს, როგორც სჩვეოდათ ხოლმე მეფეებს.

ამის შემდეგ, მადამ დიუ ბარი ვერსალის სამეფო კარზე გადასახლდა და დომენიკ გულიემ ლებელის ყოფილ ოთახებში დააბინავეს. ვინაიდან ჯერ ოფიციალური საყვარლის წოდება არ ჰქონდა და მდაბიო წარმომავლობის გამო არისტოკრატი ქალბატონები ხმასაც კი არ სცემდნენ, ვერსალში იგი მარტოსულად გრძნობდა თავს. ვერსალში მცხოვრები ქალბატონები დამამცირებლად თვლიდნენ „ქუჩის ქალისთვის“ თავის გატოლებას და მასთან გამოლაპარაკებას, ამიტომაც დიუ ბარმა მათი მიბაძვა დაიწყო და ისევე იცვამდა, როგორც ისინი. თავად მისი ქმარი, გრაფი დიუ ბარიც კი სწერდა წერილებს, სადაც მეფესთან დაახლოვებისკენ მოუწოდებდა. გრაფმა რიშელიემ ამაზე პასუხისმგებლობა თავად აიღო და მას ქალბატონებში გარევაში დაეხმარა. რიშელიემ მადამ დე ბეარნს დაავალა დიუ ბარის დაკვალიანება, ჩაცმის სტილის შერჩევა, აზარტული თამაშების სწავლება და სამეფო კარზე ქცევის ნორმების ათვისება.

პირველად, როდესაც იგი ოფიციალურ სამეფო ღონისძიებაზე უნდა გამოჩენილიყო, ბეარნმა ისე შეაშინა იგი, რომ პანიკაში ჩავარდა და რამდენიმე ქცევის ნორმა დაარღვია. მეორედ, მეფემ იგი სანადიროდ წაიყვანა, სადაც იგი ლუი XV-ს შემთხვევით თავისი ცხენით დაეჯახა და გამოაგდო, რა დროსაც მეფემ მკლავი მოიტეხა. საბოლოოდ, ჟანა სამეფო კარის წინაშე 1769 წლის 22 აპრილს წარსდგა. ამ დღისთვის იგი დიდ ხანს ემზადებოდა. შევიდა თუ არა სარკეებიან დარბაზში, დამსწრეებმა მაშინვე ჭორაობა და ჩურჩული დაიწყეს. დიუ ბარს დედოფალს უწოდებდნენ, რადგან იგი საოცრად პომპეზურ ვერცხლისფერ კაბაში იყო გამოწყობილი, რომელსაც ოქროს ნაქარგები ჰქონდა. კაბა მისთვის სპეციალურად რიშელიემ შეუკვეთა. ბევრმა ქალბატონმა განაცხადა, რომ მსგავსი სილამაზე აქამდე არასდროს უნახავს. მისი ვარცხნილობაც საოცრად მაღალი და ექსტრავაგანტული იყო, რაც მისი ამ ღონისძიებაზე დაგვიანების მიზეზი გახდა.

დიუ ბარი 1770 წელს

თავდაპირველად ჟანა კლერ ფრანსუაზთან დამეგობრდა, რომელიც სამეფო კარზე ლანგედოკიდან იყო ჩასული თავის ძმასთან ერთად. წლების მანძილზე იგი მისი ერთადერთი მეგობარი იყო, თუმცა შემდეგ მარეშალ დე მირეპუასთანაც დამეგობრდა, რაც დაეხმარა სამეფო კარზე ადაპტაციაში. სხვადასხვა კეთილშობილი ქალბატონები, ქრთამის აღების სანაცვლოდ უახლოვდებოდნენ მას.

ჟანა სწრაფად მიეჩვია ფუფუნებაში ცხოვრებას. ლუი XV-მ მას აფრიკელი მონაც კი აჩუქა, რომელსაც მან ზამორი დაარქვა და მალევე დაუმეგობრდა. სტენლი ლუმის „დიუ ბარის ბიოგრაფიის“ მიხედვით, მისი დღე, ყოველთვის დილის ცხრა საათზე იწყებოდა ზამორის მიერ მირთმეული ფინჯან ცხელი შოკოლადით. იგი დიდ ყურადღებას აქცევდა ვარცხნილობას, რის გამოც ყოველთვიურად იწერდა სპეციალურ დეტალებსა და თმის ფხვნილს. იგი მართლაც ექსტრავაგანტული იყო, თუმცა მისი კეთილშობილი ბუნება უცვლელი დარჩა. ერთხელ, მისი ძველი მეგობარი გრაფი ლუზენი სერიოზულ პრობლემაში გაეხვია. იგი დიდი ვალების გამო მისი საგვარეულო შატოდან გამოასახლეს, რა დროსაც ლუზენმა მოკლა აღმასრულებელი და პოლიციელი, რის გამოც სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. ეს ამბავი დიუ ბარს მალევე შეატყობინა მადამ ბეარნმა. მიუხედავად იმისა, რომ რიშელიეს იგი გაფრთხილებული ჰყავდა, რომ მსგავსი თხოვნებით მეფეს დაკარგავდა, იგი მაინც მივიდა ლუი XV-თან და ლუზენის შეწყალება სთხოვა. იგი თხოვნისას მუხლებზე დაეცა და წამოდგომაზე მანამდე განაცხადა უარი, სანამ მეფე არ დასთანხმდებოდა. ლუი XV ამით დიდად გაოცებული დარჩა და განუცხადა:

ვიკიციტატა
„მადამ, მე მოხარული ვარ, რომ პირველი რამ, რაც თქვენ უნდა მთხოვოთ, ადამიანის შეწყალებაა.“

მსგავსი შემთხვევა მეორედაც მოხდა, როდესაც დიუ ბარმა საფრანგეთის კანცლერი თავისი ძველი მეგობრის შეწყალებაზე დაითანხმა, რომელსაც ბრალი პედოფილიასა და მონაზვნის შეურაცხყოფაში ედებოდა.

საფრანგეთის მეფე ლუი XV

დიუ ბარი თავისი ტრიუმფით ტკბებოდა. ამ პერიოდში იგი საოცრად დიდი პროპორციების მქონე ექსტრავაგანტულ კაბებს იცვამდა, რომელიც იმდენად ძვირი ჯდებოდა, რომ საფრანგეთის ხაზინიდან უწევდა მეფეს მისთვის ფულის მიცემა. თავის ხელს, ხელებსა და ყურებს მთლიანად ბრილიანტის სამკაულებით ფარავდა, რაც მას შემდეგ დაიწყო, რაც ლუიმ ოფიციალურად მიანიჭა „სამეფო საყვარლის“ წოდება. სამეფო კარზე, ახალი პოზიციის გამო, როგორც მეგობრები, ისე მტრები შეიძინა. მისი ყველაზე დიდი კონკურენტი და მეტოქე იყო ჰერცოგინია დე გრამონი, მინისტრ შუაზელის და, რომელიც ამაოდ ცდილობდა დიუ ბარის ჩამოცილებასა და განსვენებული მარკიზა დე პომპადურის ადგილის დაკავებას. იგი ამის გამო თავის ძმასაც კი ესაუბრა და ჟანას სამეფო კარიდან გაძევება მოსთხოვა, თუმცა ამაოდ. ამის შემდეგ, გრამონმა დიუ ბარისთვის ცილის წამება და შეურაცხყოფა დაიწყო.

თუმცა, შუაზელისა და მისი ამბიციური დის წინააღმდეგ, ჟანას მხარს ეგილონის ჰერცოგი და მინისტრი რიშელიე უჭერდნენ, რამაც სამეფო კარზე მისი პოზიციები კიდევ უფრო გააძლიერა. მისი გაძლიერების გამო, შუაზელს ეგონა რომ თავად სუსტდებოდა, ამიტომაც შვიდწლიან ომში განცდილი მარცხის შემდეგ, რატომღაც ეგონა, რომ საფრანგეთს კიდევ შესწევდა ომის ძალა, რის გამოც ბრიტანელებსა და ესპანელებს ომი გამოუცხადა ფოლკლენდისთვის. ფოლკლენდის კუნძულებთან განცდილი მარცხის შემდეგ, მისი გავლენები დაეცა. 1771 წლის შობის დღესასწაულზე, ლუი XV-მ შუაზელი თანამდებობიდანაც მოხსნა და სამეფო კარიდანაც გააძევა. იგი თავის ცოლთან და დასთან ერთად სამუდამოდ გადაასახლეს მის კუთვნილ შანტელუპის შატოში.

ამის შემდეგ, დაიწყო დიუ ბარის ოქროს ხანა. თავისი ყველაზე დიდი მეტოქეების ჩამოცილების შემდეგ, ჟანას გავლენები მეფეზე კიდევ უფრო გაიზარდა. ამის შემდეგ, მან პარიზის ცენტრში ძვირადღირებული სახლი იყიდა და დედამისს აჩუქა. ამის შემდეგ, მას, ისევე როგორც მარკიზა დე პომპადურსა და მეფის სხვა საყვარლებს, პოლიტიკური ამბიციები გაუჩნდა. მაგრამ, მიუხედავად მისი მცდელობისა, ლუი XV პოლიტიკაში ჩარევის უფლებას არ აძლევდა. მიუხედავად ყველაფრისა, სამეფო კარზე არისტოკრატთა თვალში იგი კვლავ „მეძავად“ რჩებოდა. ერთხელ, როცა მეფემ თავის მეგობარს უთხრა, რომ დიუ ბართან სულ სხვა, „ახალი გრძნობები“ აღმოაჩინა, მან ლუის მიუგო: „დიახ ბატონო, რადგან თქვენ არასდროს ყოფილხართ ბორდელში.“ თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჟანა ცდილობდა დაევიწყებინა თავისი წარმომავლობა და მსგავსაც მაღალი ფენის ქალებისა, ხელოვნების მფარველობას მიჰყო ხელი, თუმცა ამით იგი კიდევ უფრო მეტად არაპოპულარული გახდა. მიუხედავად ამისა, მას არასდროს ჰყოფნიდა ფული თავისი ექსტრავაგანტური ჩაცმულობისთვის, რის გამოც, მეფესთან 300,000 ლივრი ჰქონდა ვალი, რომელიც რა თქმა უნდა არასდროს გადაუხდია.

ურთიერთობა მარი ანტუანეტთან

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საფრანგეთის დოფინი და შემდგომში დედოფალი მარი ანტუანეტი

მისი ურთიერთობა მარი ანტუანეტ ავსტრიელთან, რომელიც საფრანგეთის დოფინ ლუი ავგუსტზე (შემდგომში ლუი XVI) იყო დაქორწინებული, მეტად საკამათოა. ისინი პირველად ერთმანეთს 1770 წლის 15 მაისს შეხვდნენ ლა-მეტის შატოში გამართულ დიდ საოჯახო ვახშამზე, რომელიც მათი ქორწინების წინა დღეს მოხდა. ამ დროისათვის, მადამ დიუ ბარი ჯერ კიდევ „ახალი“ იყო სამეფო კარზე და ცუდი რეპუტაციაც ჰქონდა. ვახშამზე დამსწრე დიდებულებს იგი ეზიზღებოდათ და მარი ანტუანეტსაც ისე წარმოუჩინეს მისი თავი, რომ მადამ დოფინი მას არათუ დასცინოდა, არამედ საერთოდ აიგნორებდა. თუმცა, დიდებულთა გარეშეც შეამჩნია მარი ანტუანეტმა ჟანა, რომელიც ყველასგან გამოირჩეოდა თავისი საოცრად ექსტრავაგანტური ჩაცმულობითა და საუბრის მაღალი ტონით. როცა მარი ანტუანეტმა იკითხა, თუ ვინ იყო ის ქალი, გრაფმა დე როანმა მას აუხსნა, რომ იგი სამეფო კარზე მხოლოდ მეფისთვის სიამოვნების მისანიჭებლად იყო. ამ დროისათვის მარი ანტუანეტი სულ 14 წლის იყო, მაგრამ მაშინვე თქვა, რომ დიუ ბარი მისი მეტოქე იქნებოდა. ეს მეტოქეობა საკმაოდ დიდ ხანს გაგრძელდა და განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც მადამ დოფინმა აშკარად დაუჭირა მხარი მინისტრ შუაზელსა და მის დას, როგორც ავსტრიასთან ალიანსის მომხრეებს. მარი ანტუანეტმა გადააბიჯა პროტოკოლს და კატეგორიული უარი განაცხადა დიუ ბართან საუბარზეც კი, რამაც ამ უკანასკნელის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და დაიჩივლა არა მხოლოდ მარი ანტუანეტის მაზლთან, გრაფ დე პროვანსთან, არამედ თვით მეფესთანაც. ამავე პერიოდში, მარი ანტუანეტის დედას, ავსტრიის იმპერატრიცა მარია ტერეზიას ცილისმწამებლური წერილები მიუვიდა საფრანგეთიდან, რის გამოც მარია ტერეზიამ მას დაუყოვნებლივ მოსთხოვა მეფესა და მის „ფავორიტებთან“ ურთიერთობის დათბობა. მადამ დიუ ბარი ამაზე მეფესთან ჩივილს კვლავ განაგრძობდა, თავის მხრივ კი ლუი XV ავსტრიის ელჩს საყვედურობდა, რომელიც მარი ანტუანეტს დიუ ბართან საუბარს სთხოვდა. საბოლოოდ, 1772 წლის ახალი წლის დღესთან დაკავშირებით გამართულ მასკარადზე მარი ანტუანეტი მივიდა დიუ ბართან და უთხრა: „დღეს ვერსალში ხალხმრავლობაა“. ამის შემდეგ მას არც კი დაუცდია მისი პასუხისთვის და მაშინვე გაბრუნდა უკან. ეს იყო პირველი და უკანასკნელი შემთხვევა, როცა მარი ანტუანეტი მას დაელაპარაკა და ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ საქმეში დედამისი ჩაერია.

ბრილიანტის ყელსაბამი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბრილიანტის ყელსაბამი, რომელიც ლუი XV-მ მადამ დიუ ბარისთვის დაამზადებინა

1772 წელს, პარიზელმა იულველირმა ლუი XV-ის დაკვეთით უძვირფასესი ბრილიანტის ყელსაბამი დაამზადა. მას სურდა, რომ ეს ყელსაბამი დიუ ბარისთვის ეჩუქებინა. თავის მხრივ, მეფე ცდილობდა, რომ დიუ ბარს მსგავსი ძვირფასეულობებით მაინც დაეჩრდილა სამეფო კარის ქალები, რომლებიც მას არაფრად თვლიდნენ. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც მეფემ მისთვის ორ მილიონ ლივრიანი ყელსაბამის ჩუქება მოისურვა. ყელსაბამის დამზადებას იმდენად დიდი ხანი დასჭირდა, რომ ლუი XV ვერც კი მოესწრო მის დასრულებას და შესაბამისად არც საფასური ჰქონდა გადახდილი, რასაც საბოლოოდ დიდი სკანდალი მოჰყვა, რომელშიც ჩათრეულ იქნენ მარი ანტუანეტი და ჟანა დე ლა მოტ-ვალუა (მეფე ანრი II ვალუას უკანონო შთამომავალი). ლუი XV-ის გარდაცვალების შემდეგ, გაკოტრების პირას მყოფმა იულველირმა ყიდვა დიუ ბარს შესთავაზა, თუმცა უმეფოდ იგი უსახსრებოდ იყო, ამიტომაც ახალ დედოფალ მარი ანტუანეტს შესთავაზა, თუმცა მან ასეთი ძვირადღირებული სამკაულის ყიდვის უფლება თავს ვერ მისცა. იულველირმა მეფის დებსა და მამიდებსაც შესთავაზა, მაგრამ ასევე უარი მიიღო. საბოლოოდ, ღამით უცნობი ქალი მივიდა იულველირთან, თანხა მიუტანა და უთხრა, რომ დედოფალმა გადაიფიქრა. ცხადია ამან ძალიან გაახარა იგი, თუმცა შემდეგში დიდი სკანდალი მოჰყვა. როგორც აღმოჩნდა, დედოფალს არ უყიდია ყელსაბამი და რეალურად კარდინალმა დე როანმა იყიდა, იმისათვის, რომ შემდგომში დედოფლისთვის დაებრალებინა. მიზეზი ის იყო, რომ ხალხი ქვეყნის გაკოტრებაში ბრალს ისედაც მარი ანტუანეტს სდებდა და ასეთი ძვირადღირებული ყელსაბამის ყიდვის ამბავი ბოლო წვეთი აღმოჩნდა ფრანგებისთვის, რასაც დიდი რევოლუციის დაწყება მოჰყვა.

ლუი XV-ის გარდაცვალება და გაძევება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დიუ ბარი 1783 წელს

დროთა განმავლობაში, რაც ლუი XV ხანში შედიოდა, სულ უფრო მეტს ფიქრობდა სიკვდილზე და ეშინოდა, რომ განსაწმენდელში მოხვდებოდა, ამიტომაც სიცოცხლეშივე შეუდგა თავისი ცოდვებისაგან განწმენდას, ამიტომაც დიუ ბარს თანდათან ჩამოშორდა. სულ მალე მეფეს სახადი შეეყარა. ვინაიდან იმ ეპოქაში ეს განუკურნებელი სენი იყო, ლუი ფიქრობდა, რომ ეს მისი აღსასრული იყო. იგი მთელ დღეებს თავის საწოლში ატარებდა, სადაც მის გვერდით მადამ დიუ ბარი და მისი ქალიშვილები: მარი ადელაიდა, ვიქტორია და სოფი იყვნენ. 1774 წლის 4 მაისს, მეფემ დიუ ბარს ვერსალის დატოვება შესთავაზა, რათა ინფექცია არ გადასდებოდა. ჟანამ დატოვა მეფის პალატები, თუმცა არა სასახლე. ამის შემდეგ ლუის ოთახში სასულიერო პირები შევიდნენ, მისი აღსარება ჩაიბარეს და გარდაცვალებისთვის მზადება დაიწყეს. ამავე წლის 10 მაისს, ლუი XV გარდაიცვალა, რის შემდეგაც საფრანგეთის მეფე მისი შვილიშვილი ლუი XVI გახდა, ხოლო დედოფალი მარი ანტუანეტ ავსტრიელი. ტახტზე ასვლისთანავე, მარი ანტუანეტმა, რომელსაც დიდი გავლენა ჰქონდა თავის ქმარზე, ვერსალიდან გააძევა მადამ დიუ ბარი და იგი მო-ენ-ბრიეს სააბატოში გადაასახლა. მონაზვნები, რომლებმაც იცოდნენ, რომ იგი ყოფილი კურტიზანი და სამეფო ფავორიტი იყო, მას თბილად არ შეხვედრიან. თუმცა, ისინი მალე დაუახლოვნენ და მიეჩვივნენ მას, მათ შორის აბატისაც.

გადასახლებაში ცხოვრება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონასტერში გატარებული ერთწლიანი ტყვეობის შემდეგ, მადამ დიუ ბარს ნება მიეცა მეზობელ ქალაქში გასულიყო ხოლმე, ოღონდ მზის ჩასვლამდე უნდა დაბრუნებულიყო უკან. ამ ამბიდან ერთ თვეში, მას სააბატოს სამუდამოდ დატოვების ნებაც მიეცა, ოღონდ იმ პირობით, რომ ვერსალსა და სხვა სამეფო რეზიდენციებს ათი მილის რადიუსში არ უნდა მიახლოვებოდა. ამის შემდეგ, მან თავის ძველი ნაცნობის, მადამ დე ლა გარდის ვაჟთან დაიწყო ურთიერთობა და მასთან ერთად ლუვესიენის შატოში დასახლდა. სწორედ აქ გაატარა მან შემდგომი რამდენიმე წელი, სადაც გარდის ვაჟის გარდა, კიდევ ჰქონდა რომანი ჰენრი სეიმურსა და ლუი ბრისაკთან. დროთა განმავლობაში, ჰენრი სეიმურს მობეზრდა ჟანასთან ურთიერთობა და მიატოვა იგი. ჰენრიმ მიტოვებისას მას თავისი პორტრეტი და წერილი გაუგზავნა, სადაც ინგლისურად ეწერა: „თავი დამანებე“. მისგან განსხვავებით, ბრისაკი დიუ ბარის ერთგული იყო, მიუხედავად იმისა, რომ მან მისი და სეიმურის ურთიერთობის შესახებ იცოდა. 1789 წელს დაიწყო საფრანგეთის დიდი რევოლუცია, რამაც კატასტროფული შედეგი მოიტანა არა მხოლოდ არისტოკრატებისთვის, არამედ მათთან დაახლოებული პირებისთვისაც. ამ დროს, აჯანყებული ხალხის ბრბომ დააპატიმრა და პარიზის ციხეში გამოკეტა ბრისაკი. ერთხელ, გვიან ღამით, ჟანა მთვრალი ხალხის ხმამ გააღვიძა, რომლებიც მისი შატოსკენ მიდიოდნენ და ღია ფანჯრებიდან შეიდოდნენ. ბრბო მალევე შევარდა მის საძინებელში, სადაც დიუ ბარი შიშისაგან გაქვავებული იყო. მათ იგი მალევე დააპატიმრეს და ბრისაკის მსგავსად ციხეში გამოკეტეს.

დაპატიმრება, სასამართლო და სიკვდილით დასჯა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მადამ დიუ ბარი მიჰყავთ სიკვდილით დასასჯელად

თავის გადასარჩენად, დიუ ბარი და მისი მონა, ზამორი იაკობინელთა ჯგუფს შეუერთდნენ და რევოლუციონერთა მხარდამჭერები გახნდნენ. ამან დიუ ბარს ვერ უშველა, რადგან იგი თვით საფრანგეთის მეფის საყვარელი იყო, ე.ი. სხვა არისტოკრატთა მსგავსად „ქვეყნის მტერი“ იყო, ამიტომაც რაც არ უნდა გაეკეთებინა, თავს ვერ გადაირჩენდა. ამის სამაგიეროდ, მან კეთილშობილება გამოიჩინა და ზამორი მონობისგან გაანთავისუფლა.

ზამორის განთავისუფლება დიუ ბარს კარგად არ დაბრუნებია. მან მის წინააღმდეგ მისცა ჩვენება, რომლის მიხედვითაც ჟანა ქვეყნიდან დროულად გაქცეულ არისტოკრატებს ეხმარებოდა. 1792 წელს, ზამორის მიერ მიცემული ჩვენების საფუძველზე, 1793 წელს დიუ ბარი საბოლოოდ დააპატიმრეს. ჯერ კიდევ 1792 წელს მიუსაჯა რევოლუციურმა სასამართლომ ღალატისათვის სიკვდილით დასჯა, თუმცა მას ამ დროისათვის ჯერ კიდევ ჰქონდა შერჩენილი ლუის ნაჩუქარი ძვირფასეულობა და მოსამართლის მოსყიდვით გადაირჩინა თავი. თუმცა, ამავე ხერხით ვერ დაიძვრინა თავი მეორე სასამართლო პროცესზე, რომელმაც მას კვლავ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.

1793 წლის 8 დეკემბერს, მადამ დიუ ბარი პარიზში ეშაფოთზე აიყვანეს და გილიოტინაზე თავი მოჰყვეთეს. ამ დროს იგი 50 წლის იყო. ამ დროისათვის, უკვე სიკვდილით იყნენ დასჯილნი მეფე ლუი XVI, დედოფალი მარი ანტუანეტი, პრინცესა დე ლამბალი, ასევე სიკვდილი ჰქონდა მისჯილი პრინცესა ელიზაბეტს, დოფინი ლუი და პრინცესა მარი ტერეზა კი დილეგებში იყვნენ, სამეფო ოჯახის სხვა წარმომადგენლები კი ქვეყნიდან იყვნენ გაქცეულები. როგორც ცნობილია, როცა იგი ეშაფოთზე ავიდა და გილიოტინა დაინახა წამოიძახა: „შენ აპირებ რომ მომკლა !, რატომ?“. შეშინებულმა დიუ ბარმა მოწყალების თხოვნა დაიწყო და ხალხს შველას ევედრებოდა. საბოლოოდ კი მან თავის ჯალათს უთხრა „De grâce, monsieur le bourreau, encore un petit moment!“, ანუ „კიდევ ერთი წამი, ბატონო აღმსრულებელო, გევედრებით !“. იგი დაკრძალეს პარიზში, წმინდა მადლენის სახელობის სასაფლაოზე.

მიუხედავად იმისა, რომ მისი უზარმაზარი ქონების დიდი ნაწილი ფრანგული მთავრობის მიერ იქნა კონფისკირებული, ნაწილმა, მისი ძვირფასეულობიდან მოახერხა გადარჩენა. ისინი საფრანგეთიდან ინგლისში გაიტანეს და 1795 წელს აუქციონზე გაყიდეს.

მისი ტრაგიკული აღსასრულის შემდეგ არაერთ საჭმელს დაერქვა მის პატივსაცემად სახელი „დიუ ბარი“. აღსანიშნავია, რომ ყველა კერძს, სახელად „დიუ ბარი“, აქვს კრემისებრი თეთრი სოუსი და ასევე უმეტესობას აქვს ყვავილოვანი კომბოსტო. ყვავილოვანი კომბოსტო ერთგვარად დიუ ბარის საყვარელი მაქმანებიანი კაბების დიზაინს წააგავს და სწორედ ამის სიმბოლოდაა, ხოლო თეთრი კრემისებრი სოუსი იმ დროში გავრცელებული მაღალი, თეთრი ვარცხნილობების სომბოლოა.

  • 1915 წელს, ედოარდო ბენკივეგამ გადაიღო ფილმი, სახელად „დიუ ბარი“, სადაც მისი როლი ლესლი კარტერმა ითამაშა;
  • 1917 წელს, გორდონ ედუარდსმა გადაიღო ფილმი, სახელად „მადამ დიუ ბარი“, სადაც მისი როლი თედა ბარამ მოირგო;
  • 1919 წელს, ერნსტ ლუბიტშმა გადაიღო ფილმი, სახელად „მადამ დიუ ბარი“, სადაც მისი როლი პაოლა ნეგრიმ შეასრულა;
  • 1930 წელს, გამოვიდა ფილმი, სახელად „მადამ დიუ ბარი, ვნების ქალი“, სადაც მისი როლი ნორმა ტალმაჯმა ითამაშა;
  • 1934 წელს, უილიამ დიტერლმა გადაიღო ფილმი, სახელად „მადამ დიუ ბარი“, სადაც მისი როლი დოლორეს დელ რიომ მოირგო;
  • 1938 წელს, გლადის ჯორჯმა გადაიღო ფილმი, სახელად „მარი ანტუანეტი“, სადაც მისი როლი ნორმა შერერმა ითამაშა;
  • 1943 წელს, გამოვიდა ფილმი, სახელად „დიუ ბარი იყო ქალბატონი“, სადაც მისი როლი ლესლი ბალმა შეასრულა;
  • 1949 წელს, გამოვიდა ფილმი, სახელად „შავი მაგია“, სადაც მისი როლი მარგო გრაამმა მოირგო;
  • 1954 წელს, კრისტიან ჟაკმა გადაიღო ფილმი, სახელად „მადამ დიუ ბარი“, სადაც მისი როლი მარტინა კაროლმა ითამაშა;
  • 2006 წელს, სოფია კოპოლამ გადაიღო ფილმი, სახელად „მარი ანტუანეტი“, სადაც მისი როლი ასია არჯენტომ შეასრულა;
  • 2013 წელს, გამოვიდა იაპონური ანიმე, სახელად „ვერსალის ვარდი“, სადაც მას რიოკო კინომია ახმოვანებს;
  • Antoine, Michel, Louis XV, Librairie Arthème Fayard. Paris. 1989 (French).
  • Bernier, Oliver, Louis The Beloved, The Life of Louis XV, Doubleday & Company, Inc.: Garden City, New York. 1984. ISBN 0-385-18402-6
  • Castelot, André, Madame du Barry, Perrin, Paris, 1989.
  • Haslip, Joan, Madame du Barry: the Wages of Beauty, Grove Weidenfeld, New York, 1992, ISBN 978-0-8021-1256-9, ISBN 0-8021-1256-0.
  • Herman, Eleanor. (2005). Sex with Kings: 500 Years of Adultery, Power, Rivalry, and Revenge. William Morrow Paperbacks. ISBN 0-06-058544-7
  • La Croix de Castries, René de, Madame du Barry, Hachette, Paris, 1967.
  • Loomis, Stanley, Du Barry: A Biography, Lippincott, Philadelphia, 1959.
  • Saint-André, Claude, A King's favourite, Madame du Barry, and her times from hitherto unpublished documents, with an introduction by Pierre de Nolhac, New York, Mc Bride, Nast & Company, 1915; translated from the French Madame du Barry, published by Tallandier, Paris, 1909.
  • Saint Victor, Jacques de, Madame du Barry, un nom de scandale, Perrin, Paris, 2002.
  • Stoeckl, Agnes, (Baroness de), Mistress of Versailles: the Life of Madame du Barry, John Murray, London, 1966.
  • Vatel, Charles, Histoire de madame du Barry, L. Bernard, Paris, 1883.
  • Fyodor Dostoyevsky (July 2003). The Idiot. Vintage Books. pp. 196–198. ISBN 978-0-375-70224-2.
  • Deborah Madison (26 January 2017). The Illustrated Encyclopedia of Fruits, Vegetables, and Herbs: History, Botany, Cuisine. Book Sales. pp. 170–. ISBN 978-0-7858-3488-5.
  • Grey, Juliet (2011). Becoming Marie Antoinette. Ballantine Books. p. 322. ISBN 9780345523860.