ლევან ასათიანი
ლავრენტი (ლევან) ნიკიფორეს ძე ასათიანი (დ. 12 ივლისი, 1900, თბილისი, — გ. 14 მაისი, 1955, იქვე) — ქართველი ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სწავლობდა ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში. 1925 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. მუშაობდა ჟურნალ „მნათობის“ პასუხისმგებელ მდივნად, შ. რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. ასათიანის საყურადღებო ნაშრომებია: „ვოლტერიანობა საქართველოში“ (1927, 1933), მიძღვნილი XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწე პროგრესულად მოაზროვნე ქართველი მწერლებისადმი; „ძველი საქართველოს პოეტი ქალები“ (1936), რომელშიც გამოქვეყნებული აქვს ქართული მწერლობის მანამდე უცნობი ნაწარმოებებიც; ვრცელი მონოგრაფია „ცხოვრება აკაკი წერეთლისა“ (1940, 1965). ასათიანის მრავალი წერილი აშუქებს ქართველ კლასიკოსებისა და საბჭოთა მწერლების შემოქმედების, აგრეთვე ქართულ-უცხოური ლიტერატურული ურთიერთობის საყურადღებო საკითხებს. მისი რედაქციით გამოცემულია ქართველ კლასიკოსთა თხზულებანი ქართულ, რუსულ, უკრაინულ და სომხურ ენებზე.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნატროშვილი გ., წინაპარნი და თანამედროვენი, თბ., 1961.
- ნატროშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 621.
- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 63, თბ., 1994