შინაარსზე გადასვლა

ლარვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პეპლის ლარვა

ლარვაცხოველების ინდივიდუალური განვითარების სტადია. ლარვა დამოუკიდებლად ცხოვრობს, აღჭურვილია სპეციალური ორგანოებით და ჯერ არ აქვს სრულასაკოვანი ორგანიზმის მრავალი ნაწილი. ლარვის სტადიას გაივლიან ცხოველები, რომელთა კვერცხში არსებული საკვები ნივთიერებანი საკმარისი არ არის ჩანასახოვანი განვითარების დასრულებისათვის (მრავალი უხერხემლო, ხერხემლიანთაგან ზოგი თევზი, ამფიბია). მრავალი ცხოველის ლარვა მკვეთრად განსხვავდება სრულწლოვანი ორგანიზმისაგან, რაც განპირობებულია მათი ცხოვრებით განსხვავებულ გარემოში (მაგალითად, თავკომბალა ე.ი. ბაყაყის ლარვა წყალში ცხოვრობს, ბაყაყი კი ხმელეთზე). ნაკლებმოძრავი ცხოველების მცურავი ლარვა უზრუნველყოფს მათ განსახლებას. ლარვის სრულასაკოვან ცხოველად გადაქცევისას ხდება ორგანიზმის გარდაქმნა (მეტამორფოზი), რომელიც მით უფრო ღრმაა, რაც უფრო დიდია განსხვავება ლარვასა და სრულწლოვან ცხოველს შორის.