შინაარსზე გადასვლა

კონდენსატორი (თბოტექნიკა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კონდენსატორი (თბოტექნიკაში) (ლათ. condenso — „ვამკვრივებ“, „ვასქელებ“) — აირისებრი (ორთქლისებრი) მდგომარეობიდან თხევად ან მყარ მდგომარეობაში ნივთიერების გადასაყვანი აპარატი.

ფართოდ გამოიყენება ქიმიურ ტექნოლოგიაში, მუშა ნივთიერების კონდენსაციისათვის განკუთვნილ თბოენერგეტიკულ და სამაცივრო დანადგარებში, დისტილატის მისაღებ, ორთქლის ნარევების განსაცალკევებელ დანადგარებში, ორთქლის კონდენსაცია კონდენსატორში ხდება მყარი სხეულის (ზედაპირული კონდესატორი) ან სითხის (კონტაქტური კონდესატორი) ზედაპირთან შეხების შედეგად (ორივე შემთხვევაში შეხების ზედაპირის ტემპერატურა უფრო დაბალია, ვიდრე ორთქლის გაჯერების ტემპერატურა მოცემული წნევის დროს).

ზედაპირული კონდესატორი ჰორიზონტალური ან ვერტიკალური მილების კონაა. მაცივებელი გარემო (წყალი, მარილხსნარი, ჰაერი) მიედინება მილებში, ორთქლი კი შედის მილებს შორის მოქცეულ სივრცეში და კონდენსირდება მათ გარე ზედაპირზე, ან — პირიქით. ამ სახის კონდესატორს იყენებენ წმინდა კონდენსატის მისაღებად. თუ ორთქლის კონდენსაციის დროს სითხე წარმოიქმნა, იგი ჩამოედინება ზედაპირიდან სიმძიმის ძალის ზემოქმედებით ან წაიტაცება მოძრავი ორთქლით. მყარი ფაზის (მაგალითად ყინულის) წარმოქმნის შემთხვევაში იგი პერიოდულად იწმინდება სპეციალური მოწყობილობით. კონტაქტურ კონდენსატორში წარმოქმნილი კონდენსატი შეერევა მაცივებელ სითხეს და მასთან ერთად იქნება არინებული. ორთქლისა და სითხის მოძრაობის ურთიერთმიმართულების შესაბამისად კონდენსატორი არის პირდაპირი დინების , წინაღდენიანი ან ჯვარედინდენიანი. კონდენსატი კონდესატორიდან ჩვეულებრივ ტუმბოთი გაიწოვება, ხოლო არაკონდენსირებადი აირები — ვაკუუმ-ტუმბოთი. ნორმალური მშაობის უზრუნველსაყოფად კონდენსატორს უკეთებენ რიგ დამხმარე მოწყობილობას, რომლებთან ერთად იგი ქმნის საკონდესაციო დანადგარს.