კარსტენსის მყინვარი
კარსტენსის მყინვარი
| |
---|---|
სურათის მარჯვენა მხარესაა კარსტენსის მყინვარი, 1972 წელი. | |
კოორდინატები: 4°04′58″ ს. გ. 137°10′46″ ა. გ. / 4.08278° ს. გ. 137.17944° ა. გ. | |
ქვეყანა | ინდონეზია |
ქედი | სუდირმანის ქედი |
ფართობი | 0.09824 კმ² |
სიგრძე | 1.4 კმ |
სიგანე | 0.6 კმ |
ტიპი | ხეობური |
კარსტენსის მყინვარი (ინდონ. Gletser Carstensz) — ხეობის ტიპის მყინვარი კუნძულ ახალ გვინეაზე, ცენტრალური პაპუის პროვინციაში, ინდონეზიაში. მდებარეობს სუდირმანის ქედზე, მწვერვალ ჯაიას კალთებზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 4600 მ სიმაღლეზე, ჯაიას მწვერვალის თხემიდან აღმოსავლეთით 1.5 კმ-ში. 2002 წლის მდგომარეობით, კარსტენსის მყინვარის სიგრძეა 1.4 კმ, სიგანე 0.6 კმ. 2018 წლის მდგომარეობით მყინვარის ფართობი შეადგენს 0.09824 კმ²-ს.[1]
განფენილია მწვერვალ აღმოსავლეთი კარსტენსის დასავლეთ კალთაზე და შეერთებულია სამხრეთ-აღმოსავლეთით გაწოლილ ვან-დე-უოტერის მყინვართან. წარსულში დაკავშირებული იყო სამხრეთისაკენ მდებარე უოლასტონის მყინვართან, რომელიც ამჟამად სრულიად გამდნარია.[2]
2004 წელს IKONOS-ის სატელიტური ფოტოსურათებით დადგინდა, რომ 2000 წლიდან 2002 წლამდე პერიოდში კარსტენსის მყინვარმა დაკარგა თავისი ზედაპირის ფართობის 6.8%.[3] 2010 წელს დადგინდა, რომ მწვერვალ ჯაიას მყინვარების ყინულის სისქე 32 მ უდრიდა და წელიწადში 7 მ-ით თხელდებოდა. შედეგად, გამოითქვა აზრი 2015 წლამდე მათი სრულად გაქრობის შესახებ.[4][5] 2019 წელს ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა, რომ ჯაიას მყინვარები ათწლეულში გაქრება.[6]
ოდესღაც, მწვერვალ ჯაიას დარჩენილი მყინვარები დაახლოებით 5,000 წლის წინათ წარმოქმნილი ყინულქუდის ნაწილს შეადგენდნენ. სულ მცირე, ერთი ადრინდელი ყინულქუდი აგრეთვე არსებობდა ამ რეგიონში 15,000–7,000 წლის წინ, რომელიც როგორც ჩანს, გადნა და გაქრა.[2]
მყინვარს სახელი ეწოდა ნიდერლანდელი მოგზაურის იან კარსტენსის პატივსაცემად.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Detection and Measure Carstensz Glacier Area Changes Using Machine Learning Technique
- ↑ 2.0 2.1 Retreat of the Irian Jaya Glaciers from 2000 to 2002 as Measured from IKONOS Satellite Images
- ↑ Retreat of the Irian Jaya Glaciers from 2000 to 2002 as Measured from IKONOS Satellite Images
- ↑ Robin McDowell: Indonesia’s Last Glacier Will Melt ‘Within Years’
- ↑ Papua Glacier’s Secrets Dripping Away: Scientists
- ↑ Disappearance of the last tropical glaciers in the Western Pacific Warm Pool appears imminent