იფრარის მთავარანგელოზის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იფრარის მთავარანგელოზის ეკლესიაეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იფრარში. მდებარეობს ზღვის დონიდან 1 800 მეტრზე, მესტიიდან 39 კილომეტრში, სოფლის განაპირას, გორაკზე.

ეკლესია თარიღდება XI საუკუნით. ნაშენია მოყვითალო შირიმის ქვის კარგად გათლილი ფილების სწორი რიგებით. აღმოსავლეთით ფასადი დარბაზის სივრცისგან გამოყოფილია სამმალიანი კანკელით. გადახურულია ნახევარცილინდრული კამარით. ეკლესია მოუხატავს მეფის მხატვარ თევდორეს (მას მოუხატავს ზემო სვანეთის ოთხი ეკლესია[1]), რომელიც მოხსენიებულია 1096 წლით დათარიღებულ კანკელის ფრესკულ წარწერაში, რომელიც ასე იკითხება:

ვიკიციტატა
„სახელითა ღმრთისაითა მოიხატა და შეიმკო წმინდაი ესე ეკლესია (სალოცავად აზნაურთა) ამის ხევისა, ყოველთა დიდთა და მცირეთა, შვილთა და მომავალთა მათთა და სულისა მიცვალებულთა მათისა... მოიხატა 1096 ხელითა თევდორე მეფისა მხატვარისაითა.“

მხატვრობაში სახარების მხოლოდ სამი სცენაა წარმოდგენილი: საუფლო დღესასწაულთა ციკლის დასაწყისი სცენები - ქრისტეს ამქვეყნად მოვლინება, განკაცება (ხარება, შობა) და მისი ღვთაებრიობის გამოცხადება (ნათლისღება).

იფრარის ეკლესია მთავარანგელოზთა სახელობისაა და ამის შესაბამისად მხატვარმა განსაკუთრებული ადგილი დაუთმო მათ გამოსახულებებს. ვედრების სცენაში ორი მთავარანგელოზის ფიგურა სამეფო საზეიმო სამოსშია. კანკელზე გამოსახული არიან წმინდანები: წმინდა დედანი ბარბარე და ეკატერინე, წმინდა სტეფანე დიაკვანი და დიმიტრი, წმინდა კვირიკე და ივლიტა, აგრეთვე ღვთისმშობელი ყრმით და დედამისი, წმინდა ანა. საგულისხმოა წმინდა გიორგისა და წმინდა თევდორეს ცხენოსანი გამოსახულებანი.

ეკლესიის ფასადზე მხატვრობა შემორჩენილი არ არის, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ ის უფრო გვიანდელი ხანის ოსტატს აქვს მოხატული.

იფრარის მთავარანგელოზის ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[2].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ჟღერს ქვის ჰარმონია“, ტ.14, გვ. 109, თბ., 2007

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]