თევდორე (მხატვარი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თევდორე.

თევდორედავით აღმაშენებლის კარის მხატვარი. მოღვაწეობდა XI საუკუნის დასასრულს და XII საუკუნის I ნახევარში. მას მოუხატავს ზემო სვანეთის 4 ეკლესია. მ. შ. ყველაზე ადრინდელია სოფ. იფრარის მთავარანგელოზთა დარბაზული ეკლესიის მხატვრობა. სხვა სვანურ ძეგლებთან შედარებით ეკლესია უხვადაა განათებული. მოხატულობა ძირითადად კარგად არის შემონახული. კანკელის ფრესკულ წარწერაში ნათქვამია, რომ ეკლესია მოხატა თევდორე მეფის მხატვარმა 1096 წელს. მიუხედავად იმისა, რომ იფრარის მხატვრობა დეკორატიულ-ხაზობრივი სტილით არის შესრულებული, ოსტატი მაინც ცდილობს კიდევფიგურთა სამოსლის მომრგვალებული ხაზებით, იფრარის მოხატულობა მკაცრი და მონუმენტურია. თევდორე თავის პირველსავე ნამუშევარში ეპოქის მოწინავე, პროგრესულ მხატვრად გვევლინება. ასევე კანკელის ფრესკული წარწერით დასტურდება, რომ თევდორეს მოუხატავს აგრეთვე წმ. კვირიკესა და ივლიტეს სახ. დარბაზული ეკლესია (სვანურად ლაგურკა, სოფ. კალა). შ. ამირანაშვილი მხატვრობას 1112-ით ათარიღებს. იფრართან შედარებით ლაგურკის მოხატულობაში უფრო ძლიერადაა განვითარებული ემოციური მხარე. თევდორეს მოხატული მესამე ეკლესია სოფ. ნაკიფარშია. წარწერის თანახმად, მხატვრობა 1130 წელს ეკუთვნის. ფრესკები ძირითადად კარგად არის შენახული. მოხატულობის მონუმენტური განწყობილება, კოლორიტი და ხატვის მანერა (ფერადოვანი ლაქების განაწილება) წინა ორ მხატვრობას ჰგავს, თუმცა სხვაობაც შეიმჩნევა. ნაკიფარის ფრესკებში ოსტატი უარს ამბობს დამატებით ფერადოვან აქცენტებზე, გაურბის ფირუზისფერს. ნაკიფარის მხატვრობა ქრონოლოგიურად იფრარისა და ლაგურკის მხატვრობის შემდეგდროინდელია. აქ კარგად ჩანს მხატვრის ევოლუცია - უფრო ძლიერადაა განვითარებული ფიგურათა ემოციური მხარე, დრამატიზმი. ნაკიფარის მხატვრობა თავისი სტილით ახლოსაა ბეთანიისა და ყინწვისის მხატვრობასთან.

არის მოსაზრება (თ. ვირსალაძე), რომ სოფ. წვირმის (ნაკიფარიდან 2 კმ-ზე) მაცხოვრის ეკლესიის მხატვრობაც თევდორეს ეკუთვნის. მხატვრობის მანერა, კოლორიტი, თემის იკონოგრაფიული გადაწყვეტა მართლაც თევდორეს მხატვრობასთან სიახლოვეზე მიუთითებს. თევდორეს მიერ შესრულებული კომპოზიციების ფიგურათა მოძრაობა მსუბუქი და თავისუფალია. თევდორეს მხატვრობაში უარყოფილია სახეთა გადმოცემის ტრადიციული სტატიკურ-ფრონტალური მანერა, რომელიც ადრინდელი ეპოქისათვის იყო დამახასიათებელი. ფიგურათა სამოსლის მოხაზულობა ნაოჭების რთული და დეტალური დამუშავება სწორად გადმოგვცემს ადამიანის ტანის აგებულებას. თევდორე თავისი ეპოქის ქართული მონუმენტური მხატვრობის ბრწყინვალე წარმომადგენელია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ამირანაშვილი შ., ქართული ხელოვნების ისტორია, თბ., 1971;
  • ბერიძე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967;
  • Аладашвили Н., Алибегашвили Г., Вольская А., Росписи художника Тевдоре в Верхней Сванетии, Тб., 1966;