შინაარსზე გადასვლა

იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი
Jesus Christ Superstar

მუსიკალური ალბომის Jesus Christ Superstar ორიგინალური გარეკანმი
მუსიკა ენდრიუ ლოიდ უებერი
ტექსტები ტიმ რაისი
დადგმები 1971 ბროდვეი

1972 პარიზი
1972 უესტ-ენდი
მსოფლიო მასშტაბით
1977 ბროდვეი
1996 უესტ-ენდის
1998 წლის ბრიტანული ტური
2000 ბროდვეი (ახალი დადგმა)
2001 წლის ბრიტანული ტური
2003 წლის აშშ ტური
2004 წლის ბრიტანული ტური

იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი“ (ინგლ. Jesus Christ Superstar) — როკ-ოპერა, შექმნილი კომპოზიტორ ენდრიუ ლოიდ უებერისა და ტექსტების ავტორ ტიმ რაისის მიერ. იგი ეფუძნება სახარების ცნობილ სიუჟეტს, მაგრამ აქცენტი გადააქვს იესოსა და იუდა ისკარიოტელის ურთიერთობებზე.

„იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი“ აგრეთვე გამოვიდა როგორც ფილმი და დაიდგა მსოფლიოს უამრავ თეატრში.

მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტში გამოყენებულია თანამედროვე ცხოვრების ელემენტები (იარაღი, ავტობუსი და სხვა), ძირითადად მთელი ისტორია მიმდინარეობს იესოს დროის იერუსალიმში და მის ახლოს.

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

მოციქული იუდა ისკარიოტელი ჩნდება თავისი მონოლოგით, რომელშიც მწუხარებას გამოთქვამს, რომ იესოს აღიარებენ მეფედ და აფრთხილებს, რომ ეს უარყოფით გავლენას იქონიებს მის მომავალზე. მას უყვარს იესო და დარწმუნებულია, რომ იგი მხოლოდ ადამიანია და არა ღმერთი. მისი აზრით, რომაელები დაიჭერენ მასწავლებელს და მის თანმხლებ პირებს. იესოს ეკითხებიან, შევლენ თუ ისინი იერუსალიმში, ის კი პასუხობს, რომ ეს მოხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამას ღმერთი გადაწყვიტავს.

მარიამ მაგდალინელი ხედავს, რომ იესო იღლება მოციქულების მხრიდან მუდმივი კითხვებით და მას შესვენებას სთავაზობს, ასევე ფეხს ზეთით ჰბანს. იუდას აწუხებს, რომ იესო ესაუბრება ისეთ მეძავს, როგორიც მარიამია. მას აქვს ეჭვი, რომ ამ საკითხში იესო საკუთარ მოძღვრებას ეწინააღმდეგება და ფიქრობს, რომ ესეც მის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული. მაგრამ იესო მიმართავს - ’ნუ განიკითხავ სხვას, სანამ თავად უმანკო არ იქნები’. ის ასევე მიმართავს სხვა მოციქულებს და ეუბნება, რომ მათ შორის არავის ადარდებს მისი ბედი. მაგდალინელი ცდილობს, დაამშვიდოს იგი. იუდა გამოთქვამს ვარაუდს, რომ ის ფული, რომელიც დაიხარჯა ზეთის შეძენაზე, ღარიბებსაც გამოადგებოდა. იესო უხსნის, რომ შეუძლებელია, ყველას დაეხმაროს.

ამასობაში, კაიაფა, მღვდელმთავარი და სხვა მღვდლები განიხილავენ იესოს ქმედებებს. მათი აზრით, იგი არ აღიარებს რომაელებსა და მათ მეფეებს და რომაული იმპერიისათვის უდიდეს საშიშროებას წარმოადგენს. კაიაფა თვლის, რომ იესო უნდა მოკლან. როგორც კი ის და მისი მოციქულები შედიან იერუსალიმში, მღვდელმთავარი ხვდება მათ და მოითხოვს, რომ დაიშალონ. მაგრამ იესო მიუგებს, რომ ამის გაკეთება უკვე შეუძლებელია. მას უახლოვდება სვიმონ კანანელი, რომლის აზრით იესოს თავისი თანამოაზრეების ძალით რომის იმპერიის განადგურებაც შეუძლია, ის კი ამაზე უარს ეუბნება. იესოს თქმით, არც ერთმა მისმა მოციქულმა არ იცის, თუ რა არის ნამდვილი ძალა ან არ ესმით მისი გზავნილების.

პილატე პონტოელი ხედავს სიზმარს, სადაც იესოს ხვდება და შეიტყობს, რომ მალე მას დაადანაშაულებენ ამ პიროვნების სიკვდილში. იესო ამასობაში შედის იერუსალიმში და ხედავს, რომ მის ტერიტორიას იყენებენ სავაჭროდ, პროსტიტუციისათვის და ნარკოტიკების გასაყიდადაც კი. განრისხებული იესო ყველაფერს ანგრევს და ვაჭრებს მოუწოდებს, დატოვონ ეს ადგილი. მაგრამ ამის შემდეგ მას ამჩნევენ და უახლოვდებიან კეთროვნები, ღარიბები და ხეიბრები, რომლებიც განკურნებას სთხოვენ. ბრბოს ტალღა მეტად დიდია და ის მიმართავს - ’თავად განკურნეთ საკუთარი თავი’. მარიამ მაგდალინელი პოულობს მას და სთავაზობს დასვენებას. სანამ მას სძინავს, მარიამი ფიქრობს, რომ მასზე შეყვარებულია, მაგრამ იგი არ ჰგავს რომელიმე მამაკაცს, რომელიც მანამდე მოსწონდა.

იუდა თავად პოულობს მღვდლებს და ჰპირდება, რომ დაეხმარება იესოს აყვანაში, თუმცა კარგად აცნობიერებს, რომ სამუდამოდ იქნება დაწყევლილი. ამის სანაცვლოდ კაიაფა მას სთავაზობს 30 ვერცხლს, რაზეც იუდა უარს ეუბნება. კაიაფა კვლავ იმეორებს შემოთავაზებას, იმ მოტივით, რომ ფულის გამოყენება საქველმოქმედო მიზნითაც შეიძლება. საბოლოოდ, იუდა ნებდება და გაანდობს მათ, რომ სამშაბათის საღამოს იესო გეთსიმანიის ბაღში გაატარებს.

სამშაბათს იმართება უკანასკნელი ვახშამი, სადაც იესო სხვებს აწოდებს პურს და უსხამს ღვინოს. იგი ეუბნება, რომ მომავალში უნდა იფიქრონ ღვინოზე, როგორც მის სისხლზე და პურზე, როგორც მის სხეულზე და მისი მირთმევისას გაიხსენონ იგი. ის წინასწარმეტყველებს, რომ მოციქული პეტრე მას სამჯერ უარყოფს, ხოლო თორმეტიდან ერთ-ერთი მას უღალატებს. იუდა ფიქრობს, რომ მან უკვე ყველაფერი იცის, აღიარებს ამას და მიდის რომაელი ჯარისკაცების მოსაყვანად. თერთმეტი მოციქული იძინებს. იესო მიმართვას ღმერთს და სთხოვს, არ ააცილოს ის საშინელი სიკვდილი, რომელიც ელის. მას არ ესმის, რატომ მოევლინა ამ ქვეყანას მესიად და დაღლილია ამით. მისი თხოვნა და კითხვები უპასუხოდ რჩება და იესო დარწმუნებულია, რომ ვერ შეცვლის ღმერთის ნებას. იგი შესთხოვს უფალს, რაც შეიძლება მალე წაართვას სიცოცხლე. მისი მოციქულები აღმართავენ მახვილებს, მაგრამ იესო სთხოვს, დაუშვან ისინი, ვინაიდან ვეღარაფერს შეცვლიან.

ჯარისკაცებთან ერთად ჩნდება იუდა, რომელიც იესოს უახლოვდება და ლოყაზე ემთხვევა. ამით რომაელები ხვდებიან, თუ რომელია ამ პიროვნებებს შორის იესო. იგი დაჭერილია, მოციქულები ამაოდ ეწინააღმდეგებიან რომაელებს. იესოს მითითებით, ისინი ჩერდებიან.

გზად ბრბო (რომელიც წარმოდგენილია თანამედროვე რეპორტიორების სახით) იესოს ეკითხება, რას აპირებს იგი, რაზეც ის არ პასუხობს. როდესაც მიიყვანენ სინედრიონთან, კაიაფა ეკითხება, არის თუ არა იგი ღმრთის შვილი. იესო მიმართავს ’შენ ამას თავად ამბობ’. ეს პასუხი აღაშფოთებს სხვა მღვდლებს და იესოს პილატესთან აგზავნიან. ამასობაში მოციქულ პეტრეს იესოს შესახებ ეკითხება სამი სხვადასხვა პიროვნება - მოხუცი, ჯარისკაცი და ქალი, მაგრამ პეტრე სამჯერ უარყოფს, რომ იცნობს მას. მარიამი ეკითხება, თუ რატომ უარყო იესო. პეტრეს თქმით, მან ამით საკუთარი თავის გადარჩენა სცადა. მარიამი გაოგნებულია იმით, რომ იესომ წინასწარ იცოდა ამის შესახებ.

პილატეც ეკითხება იესოს, არის თუ არა იგი ღმრთის შვილი. იესო იგივე პასუხს ეუბნება, რაც კაიაფას წინაშე წარმოთქვა. ვინაიდან იესო გალილეიდან არის, პილატე მას თავიდან იშორებს იმ მიზეზით, რომ გალილეა მეფე ჰეროდეს იურისდიქციის ქვეშ არის. როდესაც იესოს სცემენ და დასცინიან, ბრბო გაჰყვირის, ’სად გაქრა შენი ძალა?’. მეფე ჰეროდეც დასცინის მას და სთავაზობს, დაამტკიცოს თავისი ზებუნებრივი ძალების არსებობა და გადააქციოს მისი წყალი ღვინოდ, მაგრამ იესო ამას ყურადღებას არ აქცევს. ჰეროდე ფიქრობს, რომ ის მხოლოდ კიდევ ერთი თვითმარქვია მესიაა და მას ისევ პილატესთან აბრუნებს. იუდა ხვდება, რომ უსამართლოდ მოექცა იესოს, მირბის მღვდლებთან, სადაც ამბობს, რომ ეშინია, რომ მას მუდამ გაიხსენებენ, როგორც მოღალატეს. კაიაფა აიმედებს, რომ მის მიერ შესრულებული თხოვნა ყველას საკეთილდღეოა. ეულად დარჩენილი იუდა უკვე ადანაშაულებს ღმერთს იმაში, რომ მას ასეთი მძიმე როლი ერგო. იგი თავს იკლავს.

იესოს საბოლოო განაჩენის ჟამი. პილატე ეკითხება ბრბოს, სურთ თუ არა იესოს, მათი მეფის ჯვარცმა, რაზეც ისინი პასუხობენ ’კეისრის გარდა სხვა მეფე არ გვყავს’. პილატე იხსენებს სიზმარს, სადაც ეს ბრბოც იხილა. იგი კვლავ მიმართავს ხალხს და სთავაზობს, რომ იესო არა მოკლული, არამედ ციხეში გამომწყვდეული იქნას. მაგრამ ხალხი ჯიუტად გაჰყვირის, რომ იესო რომაელების წინაშე გამომწვევად იქცეოდა. პილატე განრისხებულია, მან იცის, რომ სინამდვილეში ისინი ვერ იტანენ რომაელებს და მათ რეჟიმს. იესოს გაშოლტავენ, რითაც პილატე ცდილობს, დაუოკოს ხალხს მისი ჯვარცმის სურვილი, მაგრამ იესოს თქმით, ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია და ამას პილატეც ვერ შეცვლის. ხალხი ამასობაში ჯიუტად მოითხოვს ჯვარცმას და პილატე იხსენებს, რომ კეისარს ემსახურება და ვალდებულია, მშვიდობა დაამყაროს. ის თანხმდება იესოს ჯვარცმაზე.

ჯვარცმამდე იესო ხედავს იუდას სულს. ეს უკანასკნელი ეკითხება მას, თუ რატომ მოქმედებდა ასე და იყო თუ არა მთელი ეს ისტორია ღმერთის ჩანაფიქრი. იესოს ჯვარზე აკრავენ და აწამებენ. იგი კვდება.

პერსონაჟი ხმის ტიპი აღწერა
იესო ქრისტე ტენორი მთავარი პერსონაჟი, მესია, ღმრთის შვილი.
იუდა ისკარიოტელი ტენორი იესოს ერთ-ერთი მოციქული, რომელმაც იგი გასცა. აღელვებს ის, რომ იესო ზედმეტად პოპულარულია.
მარიამ მაგდალინელი მეცო-სოპრანო იესოს ერთ-ერთი თანამოახლე, მეძავი.
პილატე პონტოელი ბარიტონი იუდეის მმართველი, რომელსაც არ სურს, პასუხისმგებელი იყოს იესოს სიკვდილზე, მაგრამ იძულებულია, აღასრულოს ხალხის ასეთი ნება.
კაიაფა ბასი მღევდელმთავარი, რომელიც თვლის, რომ იესოს არსებობა ერის უსაფრთხოებას ემუქრება
ანნა ტენორი კაიაფას გარემოცვის მღვდელი.
პეტრე ბარიტონი იესოს ერთ-ერთი მოქიცული, რომელმაც იგი სამჯერ უარყო.
სვიმონ კანანელი ტენორი იესოს ერთ-ერთი მოციქული, რომელიც მას სთავაზობს, გაილაშქროს რომაელების წინააღმდეგ.
მეფე ჰეროდე ტენორი გალილეის მეფე, რომლის წინაშეც წარდგა იესო.

მუსიკალური ნომრები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]