შინაარსზე გადასვლა

თურქმენული სამზარეულო

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნაანი

თურქმენული სამზარეულო დანარჩენი ცენტრალური აზიის ქვეყნების სამზარეულოების მსგავსია. ფლავი არის მთავარი, ყოველდღიური კერძი, რომელსაც დღესასწაულებზეც მიირთმევენ. ის ბატკნის ხორცის, სტაფილოსა და ბრინჯისგან მზადდება. ეს ყველაფერი სპეციალურ, სქელძირიან თუჯის ქვაბში იწვება, რომელიც ღია გარემოში ცეცხლზეა შემომდგარი. მანტი ცომში გახვეული გატარებული ხორცისა და ხახვისგან მზადდება, შესაძლოა იყოს გოგრითაც. შურპა ხორცისა და ბოსტნეულის სუპია. რესტორნები და ბაზრები მსურველს ღვეზელთა ფართო სპექტრს სთავაზობენ. ესენია სომსა (ხორცითა და ზოგჯერ ბოსტნეულით), გუთაფი (ძირითადად ისპანახით) და იშლიკლი (პიცის მსგავსი ტრადიციული კერძი). აღნიშნული ღვეზელები მოგზაურებსა და ტაქსის მძღოლებს შორისაა პოპულარული, რადგან მათი მირთმევა გზად, სწრაფად შეიძლება. ამიტომაც ისინი ხშირად გზისპირა დახლებზე იყიდება. თურმენულ სამზარეულოში როგორც წესი სანელებლებსა და საკმაზებს ვერ შეხვდებით. აქ არომატისთვის კერძებს დიდი რაოდენობით ბამბის თესლის ზეთში ამზადებენ.

ჩეგდერმეჰი სრულიად თურქმენული კერძია. ის ბრინჯის, ხორცის, პომიდვრისა და ხახვის ნაზავია. ნაკვერჩხალზე შემწვარ ცხვრის, ბატკნის, ქათმის და ზოგჯერ თევზის მწვადს რესტორნებსა და ქუჩებში შეხვდებით. ის უმად დაჭრილი ხახვითა და ძმრისგან დამზადებული სოუსითაა დამშვენებული. თურქმენეთში რესტორნები ძირითადად რუსულ კერძებს სთავაზობენ მსურველს. ესენია პელმენი, გრეჩკა ანუ წიწიბურა, გოლუბცი იგივე ტოლმა და მაიონეზიანი სალათების ფართო ასორტიმენტი. ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში შესაძლოა უიღურების კერძ ლაგმანსაც შეხვდეთ.

მანტი

კულინარიული თვალსაზრისით, თურქმენეთი ალბათ ყველაზე ცნობილი მისი ნესვითაა, განსაკუთრებით ყოფილ საბჭოთა კავშირში, რომლისთვისაც ნესვის მთავარი მიმწოდებელიც იყო. მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით ძალიან ცოტა ნესვი გადის ექსპორტზე, თურქმენებისთვის ის მაინც ეროვნული სიამაყის მიზეზია. ყოველწლიურად, აგვისტოს მეორე კვირა დღეს თურქმენეთში ნესვის დღე აღინიშნება. თურქმენული წყაროები ირწმუნებიან, რომ ქვეყანაში 400-მდე განსახვავებული ჯიშის ნესვი მოდის.

კერძებს თითქმის ყოველთვის თან ცენტრალური აზიისთვის დამახასიათებელი ბრტყელი პური ნაანი ახლავს. თურქმენული პური რეგიონის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებულად მზადდება. ის სქელ, დისკოს ფორმის, მრგვალ პურებად ტრადიციულ თიხის თონეში ცხვება. პურს თურქმენულ კულტურაში დიდი სიმბოლური დატვირთვა აქვს.[1] ძალიან შეუფერებელ საქციელად ითვლება პურის უკუღმა დადება ან მასთან რაიმე სახით შეუფერებლად მოპყრობა. არსებობს უამრავი ცრურწმენა პურისა და მისი მომზადების გარშემო.

აქლემისა და ფაშატის რძის ადუღებით მომზადებული სასმელები. მარცხნივ - ჩალი, ხოლო მარჯვნივ - კუმისი.

როგორც დანარჩენ ცენტრალურ აზიაში, თურქმენეთშიც მთავარი სასმელი მწვანე ჩაია, რომელსაც დღის დროს მიირთმევენ. თურქმენულად სიტყვა ჩაი, შესაძლოა საკვების მირთმევას ან ვინმესთან სტუმრობასაც ნიშნავდეს. დაშოგუზის რეგიონში ჩაის ყაზახურ სტილში, რძით მიირთმევენ, ხშირად იქაურობისთვის დამახასიათებელი სასმელი წყლის გასანეიტრალებლად, რომელსაც მარილის გემო აქვს.

გათიკი - სქელი, კეფირის მსგავსი სასმელი იოგურტი ხშირად საუზმეზეა მორთმეული, თუმცა ის თურქმენებმა შესაძლოა ტრადიციული არაჟნის მაგივრად ბორეკთან ან მანტისთან ერთადაც მიირთვან. თუმცა სასმელი რომლითაც თურქმენები ცნობილი არიან არის ჩალი. ის აქლემის ფერმენტირებული რძეა, რომელსაც მომჟავო გემო აქვს და მთელს ცენტრალურ აზიაშია პოპულარული, განსაკუთრებით კი თურქმენეთში.[2] სპეციალური მომზადების პირობებისა და უკიდურესად მალფუჭადობის გამო, ჩალის თურქმენეთის საზღვრებს გარეთ გატანა იმპორტიორებისთვის დიდი გამოწვევაა.[3] ის ყირგიზულ სასმელს, შოროს წააგავს. ერთი წყარო აღნიშნავს, რომ თურქმენები ჩალის ზედაპირიდან აგარანს (კარაქის ნაირსახეობა) იღებენ.[4]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თურქმენული სამზარეულო turkmenkitchen.com (ინგლისური)

  1. Sacred Words "Tamdyr" and "Chorek" Paseviev, Ikar. Retrieved April 15, 2008
  2. Anatoly Khazanov, Nomads and the outside world, Second edition, University of Wisconsin Press, 1994, p. 49
  3. Great Culinary Dictionary. "Chal" Archived 2007-10-13 at the Wayback Machine in Russian, retrieved April 11, 2007
  4. I.Bakhranov. Neutral Turkmenistan Newspaper Archived 2005-11-10 at the Wayback Machine, in Russian, August 9, 2001.