შინაარსზე გადასვლა

თბილისის ივერიის ღმრთისმშობლის სახელობის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ივერიის ღმრთისმშობლის სახელობის ეკლესია
თბილისის ივერიის ღმრთისმშობლის სახელობის ეკლესია — თბილისი
თბილისის ივერიის ღმრთისმშობლის სახელობის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°43′31″ ჩ. გ. 44°48′07″ ა. გ. / 41.7253667° ჩ. გ. 44.8021139° ა. გ. / 41.7253667; 44.8021139
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
მუნიციპალიტეტი გლდანი-ნაძალადევის რაიონი
ადგილმდებარეობა თბილისი
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ჯვარ-გუმბათოვანი
დეტალები

ივერიის ღმრთისმშობლის სახელობის ეკლესია — მართლმადიდებლური ეკლესია საქართველოს დედაქალაქ თბილისში. მდებარეობს ე. მანჯგალაძის ქუჩის №1-ში.

XII საუკუნეში თბილისთან ახლოს, სოფელ დიდუბეში იდგა მეფის ერთ-ერთი სასახლე და კარის ეკლესია. 1771 წელს გერმანელი მეცნიერის და მოგზაურის იოჰან გიულდენშტედტის მიერ შედგენილ რუკაზე აღნიშნულია დიდუბის ციხის გალავანი. არქეოლოგიურმა გათხრებმა აჩვენა, რომ დიდუბე დიდი და მდიდარი სოფელი ყოფილა. იგი ქალაქს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტით ამარაგებდა. სოფელ დიდუბეში, გარდა სასახლის კარის დიდუბის ღვთისმშობლის შობის ეკლესიისა, ივერიის ღვთისმშობლის ეკლესიაც იდგა. სამწუხაროდ, ეკლესიის აშენების ზუსტი თარიღი ჩვენთვის უცნობია, მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეკლესია თავდაპირველად XII-XIII საუკუნეებში აშენდებოდა.

1866 წელს პლატონ იოსელიანი თბილისის სიძველეთა აღწერისას ივერიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესიის შესახებ წერს: „ივერიის ღვთისმშობლის ეკლესიაში თბილისის მოსახლეობა მოდის წმინდა კვირის ორშაბათს. ეკლესია მდებარეობს მტკვრის მარცხენა მხარეს, დიდუბის ველზე, ორ გერმანელთა კოლონიას შორის. ყოფილი სოფელი დიდუბე ლეკების შემოსევის გამო დაცარიელდა ერეკლე II-ს გამეფებამდე და ამ სოფლის მაცხოვრებლების ნაწილი დასახლდა თბილისის შემოგარენში, ე. წ. კუკიასა და ჩუღურეთში, რომლებიც დღეს თბილისის უბნებს წარმოადგენდნენ. დღეისათვის ამეკლესიას არა აქვს გუმბათი”.

1870 წლიდან ივერიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყეს დასახლება რკინიგზის მუშა-მოსამსახურეებმა. რკინიგზის გაყვანის შემდეგ ეს ტერიტორია ცალკე უბნად გამოიყო და მას ნაძალადევი ეწოდა.

საზოგადო მოღვაწის გრიგოლ ჩარკვიანის მოთავეობით XIX საუკუნის 90-იან წლებში გუმბათჩამოქცეული ეკლესიის ადგილას იწყება ახალი ეკლესიის მშენებლობა, რომელიც 1899 წლის 25 თებერვალს დამთავრდა. ეკლესიის მშენებლობისთანავე გრიგოლ ჩარკვიანის ინიციატივით ტაძარში საკვირაო სკოლა გაიხსნა.

როგორც ცნობილია, იმ პერიოდში საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალია დაკარგული ჰქონდა და რუსეთის ეკლესიას ექვემდებარებოდა, ამიტომ XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში თბილისში ეკლესიები რუსეთის ტაძრების მიბაძვით შენდებოდა. ივერიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესიის ძველი ფოტოს მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ ეკლესია აშენებული იყო ფსევდო კლასიცისტური და ბიზანტიური არქიტექტურის ნაზავი ეკლექტიკური სტილით.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე ტაძრის წინამძღვარი პროტოპრესვიტერი მიხეილ მახათაძე იყო. კომუნისტებმა თოთხმეტი შვილის მამა განდევნეს ეკლესიიდან, წაართვეს საცხოვრებელი ბინა და ორ ოთახში შეასახლეს. ბოლოს მამა მიხეილი სიონში წირავდა, იგი 100 წლის ასაკში 1951 წელს გარდაიცვალა.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ეკლესია გაუქმდა. 1925 წელს ეკლესიაში განთავსდა წინდების საქსოვი საწარმო. 1927-1929 წლებში ეკლესია გადააკეთეს საზოგადოებრივ აბანოდ.

თბილისის ცენტრალურ არქივში 1928 წლით დათარიღებულ ერთ-ერთ საბუთში უკვე გაუქმებული ივერიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესიის სასაფლაოს შესახებ საინტერესო ინფორმაციას ვკითხულობთ: “11-ტე მილიციის უფროსს გაცნობებთ, რომ ლენინის უბანში მდებარე ეკლესიის ადგილზე ჩვენ ვაშენებთ აბანოს, რომლისათვისაც საძირკველის ჩაყრის გამო საჭირო ხდება იქვე ეკლესიის გალავანში დამარხული მიცვალებულების გვამების გადატანა. ჩვენ უკვე დავიწყეთ ნებართვების გაცემა ჭირისუფლებზე. დღემდე გავეცით ნებართვა ექვსი მიცვალებულის გადასვენებაზე. გევალებათ თვალყური ადევნოთ, რათა უჩვენოთ არცერთი მიცვალებული არ იქნეს გადასვენებული და თვით გადასვენება ხდებოდეს საღამოობით ყოველივე ხალხის შეკრების და პროცესიების მოწყობის გარეშე. “ამ დოკუმენტს ხელს აწერს — კ/მ. ქ/განყოფილების გამგე — სიხარულიძე.

1989 წელს მერაბ კოსტავას და გიორგი ჭანტურიას ინიციატივით დაიწყო ტაძრის რესტავრაცია.

ამჟამად ძველი ეკლესიის მხოლოდ დასავლეთი კედელია შემორჩენილი, საიდანაც ეკლესიის მთავარი შესასვლელია. ეკლესია აგურითაა ნაშენი. დასავლეთის მხრიდან შესასვლელის თავზე მოთავსებულ ქვის ბარელიეფზე გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით ხელში. ივერიის ღვთისმშობლის ხატის გუმბათიანი ტაძარი აშენებულია შუასაუკუნეების ქართული და ნაწილობრივ ბიზანტიური არქიტექტურის ფორმებისა და ელემენტების გათვალისწინებით.

ახლად აგებული ეკლესია 1997 წლის 23 თებერვალს ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა (ნიკოლოზ ფაჩუაშვილი - სვანეთის მაშინდელი ეპისკოპოსი) აკურთხა. [წყარო არ არის მითითებული 562 დღე] პირველი წირვა ჩატარდა 25 თებერვალს, ივერიის ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღესასწაულზე.

ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ახლად აშენებული ტაძრის არქიტექტორია მ. კიკნაძე, მოხატულობა შესრულდა მ. ჩაკვეტაძის მიერ.

1991 წელს მის ეზოში წმინდა მთავარანგელოზთა სახელობის მცირე სამლოცველო აიგო.

2003 წელს ტაძრის ეზოში, აღმოსავლეთით, დაარსდა ივერიის ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლა.

საკმაოდ დიდი ზომის ნაგებობა მომწვანო, კარგად გათლილი ქვის ფილებითაა მოპირკეთებული. ტაძარს სამი შესასვლელი აქვს. დასავლეთით კარის ლუნეტს პორტაიტისას რელიეფური გამოსახულება ამკობს, სამხრეთით კარიბჭეა მიშენებული, რომელიც ორი თაღით იხსნება. მესამე, მცირე კარიდან ჩრდილოეთ მკლავში განთავსებულ სანათლავში მოხვედრაა შესაძლებელი. ფასადები კომპოზიციის სიმეტრიული გადაწყვეტითა და ორნამენტთა სიუხვით გამოირჩევა. მცენარეული და გეომეტრიული ორნამენტული მოტივები ამკობს სარკმელთა საპირეებსა და ფასადებზე მოცემულ ჯვრებსაც.

  • მ. ქუთათელაძე, „თბილისის ტაძრები“, ტ. I, თბ., 2010 გვ. 174-177