ზონალური მცენარეულობა
ზონალური მცენარეულობა — გარკვეული მცენარეული ზონისათვის (ტუნდრა, ტყე, ველი, უდაბნო) დამახასიათებელი მცენარეულობა. ზონალური მცენარეულობის განლაგება ემორჩილება განედურ და გრძედულ კანონზომიერებებს (ჰორიზონტალური ზონალობა), რომელიც გაპირობებულია ჰიდროთერმული რეჟიმის ცვლილებებით. ევრაზიაში, კერძოდ ყოფილ სსრკ-ში, ეკვატორიდან ჩრდილოეთ პოლუსისაკენ სითბოს შემცირების შესაბამისად, განედური თანამიმდევრობით განლაგებულია უდაბნო, ველი, ტყე და ტუნდრა, ხოლო გრძედული კანონზომიერებით, რაც ოკეანიდან კონტინენტისაკენ ტენიანობის შემცირებას ემყარება — ტყე, ველი და უდაბნო. ბარში ზონალური მცენარეულობა მეტწილად გავრცელებულია სწორ, ამაღლებულ, დაწვრეტილ წყალგამყოფ ადგილებზე. ზონალური მცენარეულობა მოიცავს მრავალ მცენარეულ ფორმაციას და ასოციაციას, რომლებიც ზონის ფარგლებში ბუნებრივი პირობების შესაბამისად იცვლება; ამიტომ ზონები, რომლებსაც დიდი ფართობი უჭირავთ, ქვეზონებად იყოფა. მთებში ზონალური მცენარეულობა განლაგებულია ვერტიკალური ზონალობის მიხედვით, ე. წ. სარტყლებად. ზონალური მცენარეულობის გარდა განარჩევენ აზონალურ მცენარეულობას, ინტრაზონალურ მცენარეულობას და ექსტრაზონალურ მცენარეულობას.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სახოკია, მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 529.