ვლადიმერ კოვალევსკი
ვლადიმერ კოვალევსკი | |
---|---|
რუს. Владимир | |
დაბ. თარიღი | 2 (14) აგვისტო, 1842 |
დაბ. ადგილი | Q25176024? |
გარდ. თარიღი | 15 (27) აპრილი, 1883 (40 წლის) |
გარდ. ადგილი | მოსკოვი |
დასაფლავებულია | ვაგანკოვოს სასაფლაო |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
საქმიანობა | პალეონტოლოგი[1] , ზოოლოგი, გეოლოგი[2] და უნივერსიტეტის პროფესორი[2] |
მუშაობის ადგილი | მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | იურისპრუდენციის საიმპერატორო სკოლა[1] [3] და სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | master |
მეუღლე | სოფია კოვალევსკაია[1] [4] [5] [3] |
შვილ(ებ)ი | Sofia Kovalevskaya |
ვლადიმერ ონოფრეს ძე კოვალევსკი (რუს. Ковалевский, Владимир Онуфриевич; დ. 14 აგვისტო [ძვ. სტ. 2 აგვისტო ] 1842, — გ. 27 აპრილი [ ძვ. სტ. 15 აპრილი ] 1883, მოსკოვი) — რუსი პალეონტოლოგი. ევოლუციური პალეონტოლოგიისა და პალეობიოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ალექსანდრე კოვალევსკის უმცროსი ძმა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვლადიმერ ონოფრეს ძე კოვალევსკი დაიბადა 1842 წლის 2 აგვისტოს, დინაბურგსკის მაზრის სოფელ შუსტიანკაში. დაამთავრა სამართალმცოდნეობის სასწავლებელი, სადაც მასთან ერთად ემზადებოდნენ სახელმწიფოს წარმომადგენელი ადმინისტრატორები. 1868 წელს ფიქტიური ქორწინება გააფორმა გენერლის ქალიშვილთან — სოფიო კორვინ-კრუკოვსკაიასთან. ერთად ისინი საზღვარგარეთ გაემგზავრნენ, კერძოდ გერმანიაში. ვლადიმერ კოვალევსკის მეუღლემ აქ უკვე როგორც სოფიო კოვალევსკაიამ ჩააბარა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში.
აღსანიშნავია, რომ იმ დროს რუსეთში ფართოდ იყო გაბატონებული ფიქტიური ქორწინებანი, რამეთუ ახალგაზრდა ქალიშვილებისათვის უმაღლესი განათლების მიღება ფაქტობრივად მიუწვდომელი იყო. სწორედ ამ მიზნით დაქორწინდნენ ვლადიმერი და სოფიო. თუმცა მათი ფიქტიური ქორწინება სიყვარულში გადაიზარდა.
ვლადიმერ კოვალევსკი საზღვარგარეთ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით დაინტერესდა. განსაკუთრებით მისი ინტერესი მიიპყრო პალეონტოლოგიამ, მეცნიერებამ — წარსულ გეოლოგიურ დროთა იმ ორგანიზმთა შესახებ, რომლებიც შემონახულია განამარხებული ნაშთების სახით. იმ პერიოდში პალეონტოლოგია ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული საერთო ნიშნის თვალსაზრისით. რამდენიმე წელიწადში ვლადიმერ კოვალევსკიმ მეცნიერების ამ დარგს — პალეონტოლოგიას უმაღლეს დონეზე დაეუფლა. პალეონტოლოგიას დამოუკიდებლად სწავლობდა და ინტენსიურად ეცნობოდა სპეციალურ სამეცნიერო ლიტერატურას. ხშირად სტუმრობდა მუზეუმებს, სადაც ინახებოდა არაერთი განამარხებული ცხოველთა ნაშთი. კოვალევსკიმ, როგორც ევოლუციონისტმა, მიზნად დაისახა ამ მეცნიერების ჭეშმარიტების დამტკიცებაში, რაზეც პალეონტოლოგიურ ძიებებს ეყრდნობოდა.
1871 წელს ესტუმრა პარიზს, სადაც დაიწყო ჩარლზ დარვინის მოძღვრების პროპაგანდირება. 1872 წელს იენის უნივერსიტეტში მიეკუთვნა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. თუმცა მას სურდა სამეცნიერო ხარისხის მოპოვება რუსეთის უნივერსიტეტიდანაც. 1873 წელს ცდილობდა სამეცნიერო წოდების მოპოვებას ოდესაში, თუმცა ჩანაფიქრი არ აუსრულდა. 1875 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტში მიიღო მინერალოგიის მაგისტრის წოდება. 1881 წელს არჩეულ იქნა მოსკოვის უნივერსიტეტის გეოლოგიური კათედრის დოცენტად. სიცოცხლის ბოლო წლებში სამეცნიერო მოღვაწეობასთან ერთად მისდევდა მეწარმეობას.
1883 წელს ვლადიმერ კოვალევსკიმ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
სამეცნიერო მოღვაწეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვლადიმერ კოვალევსკი იყო ჩარლზ დარვინის თანამოაზროვნე და ასევე მისი მოძღვრების პროპაგანდისტი. ინტენსიურად ეყრდნობოდა დარვინის დებულებებს. კოვალევსკის ძირითადი ნაშრომები ეხება პალეონტოლოგიის ისეთ უმნიშვნელოვანეს პრობლემებს, როგორიცაა ნამარხი ჩლიქოსნების კიდურების, ქალას და კბილების მორფოლოგია, მათი კლასიფიკაცია და ფილოგენია. მისი კლასიკური გამოკვლევები მიეძღვნა ასევე ცხენისებრთა განვითარების ისტორიას. ჩლიქოსნების კბილების შესწავლისას იგი ცდილობდა დაედგინა ფილოგენური კავშირი ცალკეულ სახეობათა შორის. კოვალევსკიმ დაადგინა ჩლიქოსნების ევოლუციის რიგი კანონზომიერებანი. როგორც მეცნიერმა აღმოაჩინა კანონი (მომავალში კოვალევსკის კანონი ეწოდა), რომლის თანახმად, ერთსა და იმავე შეგუებით ეფექტს ორგანიზმთა ერთმა და იმავე ჯგუფმა სხვადასხვა გზით შეიძლება მიაღწიოს. ამ კანონზომიერებამ დიდი როლი ითამაშა ევოლუციური მოძღვრების შემდგომ განვითარებაში. ჩარლზ დარვინი დიდად აფასებდა კოვალევსკის გამოკვლევებს.
მის გეოლოგიურ გამოკვლევებში განხილულია მეზოზოური და კაინოზოური ერების ნალექთა სტრატიგრაფიისა და პალეოგეოგრაფიის საკითხები.
საინტერესო ფაქტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შემდეგ წლებში კოვალევსკი მსოფლიოში აღიარებული მეცნიერ-მკვლევარი გახდა. აღსანიშნავია, რომ ვლადიმერ კოვალევსკის მეუღლე (რომელსაც იგი შემდეგ მაინც დაშორდა) — სოფიო კოვალევსკაია, იყო პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის პირველი წევრ-კორესპონდენტი ქალთა შორის (1889). ხოლო ვლადიმერის ძმა — ალექსანდრე კოვალევსკი იყო აგრეთვე ცნობილი ემბრიოლოგი.
კოვალევსკის მოძღვრებას, კოვალევსკის კანონის სახით უწოდა ქართველმა პალეობიოლოგმა — ლეო დავითაშვილმა.
თხზულებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Собрание научных трудов, т. 1—2, М., 1950-56 (в т. 1 библ.);
- On the Osteology of the Hyopotamidae (1873).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Борисяк А. А., В. О. Ковалевский. Его жизнь и научные труды, Л., 1928;
- Давиташвили Л. Ш., В. О. Ковалевский, М.-Л., 1946.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 Б. П. Ковалевский, Владимир Онуфриевич // Энциклопедический словарь — СПб: Брокгауз — Ефрон, 1895. — Т. XVа. — С. 501.
- ↑ 2.0 2.1 Czech National Authority Database
- ↑ 3.0 3.1 Ковалевский, Владимир Онуфриевич // Русский биографический словарь — СПб: 1903. — Т. 9. — С. 21–22.
- ↑ Ковалевская, Софья Васильевна // Энциклопедический словарь — СПб: Брокгауз — Ефрон, 1895. — Т. XVа. — С. 499–500.
- ↑ Ковалевская, Софья Васильевна // Русский биографический словарь — СПб: 1903. — Т. 9. — С. 20–21.