ემბრიოლოგია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ემბრიოლოგია — მეცნიერება ორგანიზმის ფორმირების პროცესის შესახებ ინდივიდუალური განვითარების პერიოდში.

1 - მორულა, 2 - ბლასტულა

ჩამოყალიბება[რედაქტირება]

XVIII-XIX საუკუნეენბში, როდესაც ინტენსიურად შეისწავლებოდა ჩანასახის განვითარების სტადიები, ნატურალისტები ხმარობდნენ ტერმინს “ემბრიოლოგია”. ჩარლზ დარვინის შრომების გამოქვეყნების შემდეგ კი მეცნიერებმა დაიწყეს სხვადასხვა ორგანიზმების განვითარების შედარებითი შესწავლა და ასე წარმოიშვა შედარებითი ემბრიოლოგია. შემდგომში, დრიშისა და შპემანის ბრწყინვალე ექსპერიმენტების საფუძველზე, გამოიკვეთა ინდივიდუალური განვითარების მექანიზმების ანალიზის ახალი გზები და საშუალებები, რის შედეგად განვითარდა ექსპერიმენტული ემბრიოლოგია. პარალელურად ხდებოდა ემბრიონული და პოსტემბრიონული განვითარებისათვის დამახასიათებელი მოვლენების შესწავლა ბიოქიმიური, ციტოლოგიური, გენეტიკური, მოლეკულური და სხვა მეთოდების გამოყენებით, რამაც საბოლოოდ ცხადჰყო, რომ ყველა ეს მიმართულება ერთი საერთო ხის ტოტებს წარმოადგენს და მათი განცალკევება მართებული არ იქნებოდა. სწორედ მაშინ წარმოიშვა ცნება “განვითარების ბიოლოგია”, რომელმაც გააერთიანა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულება. განვითარების ბიოლოგიის დაბადების თარიღად ითვლება 1968 წლის აგვისტო, როდესაც ემბრიოლოგთა საერთაშორისო კონგრესზე საფრანგეთში, ქალაქ ორსეში ემბრიოლოგთა საერთაშორისო საზოგადოებას სახელი გადაარქვეს და უწოდეს განვითარების ბიოლოგთა საერთაშორისო საზოგადოება.

განვითარების ისტორია[რედაქტირება]

ემბრიოლოგიის განვითარების ისტორიის განხილვისას აუცილებელია აღინიშნოს კარლ ბერის შრომები. ბერმა პირველმა გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ განვითარების პროცესში ცხოველთა მსხვილი ჯგუფისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები ჩანასახში ვლინდება უფრო ადრე, ვიდრე სპეციფიკური, ინდივიდუალური ნიშან-თვისებები (ჯერ ვლინდება ტიპის ნიშან-თვისებები, შემდეგ კლასის, რიგის და ა.შ). ამ კონცეპციას ხშირად ბერის კანონს უწოდებენ. ბერმა პირველმა მოგვცა წარმოდგენა ჩანასახოვან ფურცლებზე, თუმცა ჩანასახოვანი ფურცლებისა და აგრეთვე სასქესო უჯრედების ნამდვილი მნიშვნელობა გასაგები გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც შვანმა და შლეიდენმა ჩამოაყალიბეს უჯრედული თეორიის საფუძვლები. რუსი ემბრიოლოგის კოვალევსკის შრომებზე დაყრდნობით, ერნსტ ჰეკელმა ჩამოაყალიბა ზოგადი ბიოგენეტიკური კანონი, რომლის მიხედვით ონტოგენეზი ფილოგენეზის მოკლე განმეორებაა. დაბალორგანიზებული ცხოველებისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებების გამოვლინებას მაღალორგანიზებული ცხოველების განვითარების დროს რეკაპიტულაციის მოვლენა უწოდეს (მაგ., კუდის, ლაყუჩოვანი ნაპრალების განვითარება ადამიანის ჩანასახში).

თანამედროვე ეპოქაში[რედაქტირება]

დღესდღეობით მიღებულია განვითარების გენეტიკური თეორია, რომელმაც ფაქტიურად გააერთიანა პრეფორმიზმისა და ეპიგენეზის რაციონალური იდეები. ამ თეორიის თანახმად, ჩანასახში მზა სტრუქტურები არ არსებობს, მაგრამ თვით განვითარების პროცესი მეტნაკლებად ზუსტადაა პროგრამირებული. ჩანასახში პრეფორმირებულია არა სტრუქტურები, არამედ განვითარების პროგრამა გენეტიკური ინფორმაციის სახით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]