ვარცანის ღვთისმშობლის ეკლესია
ვარცანის ღვთისმშობლის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 42°01′26″ ჩ. გ. 45°44′45″ ა. გ. / 42.024000° ჩ. გ. 45.745972° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | საქართველო |
მუნიციპალიტეტი | ყვარლის მუნიციპალიტეტი |
ადგილმდებარეობა | შილდა |
დეტალები
|
ვარცანის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის ზემოთ, ჩრდილოეთით, 4-5 კმ-ის მანძილზე, ტყეში. ვარცანად წოდებულ ადგილზე. ეკლესია გუმბათოვანია, ჩახაზული ჯვრის ტიპის. თარიღდება IX საუკუნით.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კახეთის მეფე ალექსანდრე II-ის 1579 წლის დოკუმენტში, რომლითაც იგი მცხეთის საკათალიკოსო კათედრას უდასტურებს ქონებრივ უფლებებს, სხვა ეკლესია-მონასტრებტან ერთად მოიხსენიებს ასევე „ვეძის ხევის მონასტერ ვარცანისას“, ხოლო სხვა დოკუმენტის ასლში, მცხეთის კათედრის უძრავი ქონების ნუსხით, რომელიც XIV საუკუნის ბოლო — XV საუკუნის დასაწყისს განეკუთვნება, შილდის ვარცანის მონასტერი ღვთისმშობლის სახელზე კურთხეულადაა მოხსენიებული.
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვით. წყობაში ალაგ-ალაგ შესამჩნევია სწორხაზოვნად გამავალი რიგები. გუმბათქვეშა საბჭენი თაღებისა და კონქის თაღის იმპოსტები შირიმისაა. შირიმი გამოიყენება ალაგ-ალაგ შენობის გარე კუთხეებშიც.
XX საუკუნის 30-იან წლებში ეკლესია აუფეთქებიათ, რის გამოც ჩამონგრეულია გუმბათი, გუმბათქვეშა თაღები, სამხრეთი და დასავლეთი მკლავების კამარები და კონქის მნიშვნელოვანი ნაწილი. ინტერიერი ამოვსებული იყო ნანგრევებით.
1974-1975 და 1985-1987 წლებში ძეგლს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები.
ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს: სამხრეთიდან და დასავლეთიდან, შესასვლელები გარედან თარაზულადაა გადახურული, შიგნიდან — ნალისებური თაღით. ეკლესიის ორივე შესასვლელის წინ მოწყობილი იყო თაღებით გახსნილი კარიბჭე.
ეკლესია XVI საუკუნეში მოუხატავთ. აფსიდში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები.
ვარცანის ღვთისმშობლის ეკლესიას 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 453-455.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-01. ციტირების თარიღი: 2019-07-04.