ვარდისუბნის მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვარდისუბნის მონასტერიეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი, მდებარეობს დმანისის მუნიციპალიტეტში. დმანისის რაიონი თავისი ისტორიული წარსულით ქვემო ქართლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეგიონია, სადაც გამოვლენილია ისტორიისა და წინარე ისტორიის ყველა პერიოდი. ამაზე მეტყველებს როგორც ისტორიული წყაროები (ქართული და უცხოური), ისე მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალა. ამ მხრივ დმანისის რეგიონი უნიკალურია. ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ძეგლს წარმოადგენს ვარდისუბნის მონასტერი, რომელიც აგებულია შუა საუკუნეებში. მდებარეობს დმანისის პლატოზე სასაფლაოზე, მდინარე მაშავერის მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან 830 მეტრზე, დმანისიდან დაშორებულია 15 კილომეტრით. სამონასტრო კომპლექსის შემადგენლობაში შედის: ეკლესია, სატრაპეზო და სხვა ნაგებობანი.

კომპლექსი შედგება ერთმანეთის გვერდით მდგარი ორი, სხვადასხვა ზომის ეკლესიისაგან. მათგან ჩრდილოეთით მდებარე, სამჯერ უფრო მცირე, ღვთისმშობლის სახელობისაა, მეორე კი სვეტიცხოვლის სახელზეა აგებული. ღვთისმშობლის ეკლესია განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

გარემონტდა 2011 წელს და მნიშვნელოვნად შეეცვალა თავდაპირველი სახე. შენობა გეგმით სწორკუთხაა (6,1 მ – 4,6 ).

ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვით. წყობა ქაოსურია. შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდან აქვს. ამჟამად დასავლეთი კარი გარედან განახლებულია, სამხრეთისა კი ამოშენებულია ისე, რომ კარის თაღის არეში სარკმელია მოწყობილი. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომელშიც გაჭრილია დაბალი, ცენტრიდან ოდნავ ჩრდილოეთით გადაადგილებული, ოთხკუთხა სარკმელი.

მის ქვემოთ დგას კედელზე მიყრდნობილი, ოთხწახნაგა, ზემოთკენ გაგანიერებული ტრაპეზი. აფსიდი კონქითაა გადახურული. კონქის თაღი ოდნავ შეისრულია. მსგავსი ფორმისაა კამარაც. გრძივ კედლებში, აფსიდის მხრებთან ახლოს, თითო, მცირე, ოთხკუთხა ნიშაა. ინტერიერი შელესილი და შეთეთრებულია.

გარედან კედლების მნიშვნელოვანი ნაწილი აღდგენილია. სამხრეთ ფასადზე, შესასვლელის თაღი ჩასმულია აგურის წყობით გამოყვანილ, კედლის სიბრტყეში შეღრმავებულ, სწორკუთხა არეში. ლავგარდანი ახალია — ტლანქი. იგი ორსაფეხურიანია, ნაწყობია კვადრატული აგურით. ორივე საფეხური აგურის, თითო რიგითაა გამოყვანილი. ქვედა საფეხურში აგურები კუთხითაა შვერილი, ზედაში კი ჩვეულებრივადაა დაწყობილი. ეკლესია დაბურულია ღარისებრი კრამიტით.

ვარდისუბნის მონასტერი 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დმანისის მუნიციპალიტეტის ძეგლები

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]