ეკალცოცხი (ლათ. Centaurea solstitialis) — ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო სწორია, 30-100 სმ სიმაღლის, ღარებიანი,ზედა ნაწილში დატოტვილია ზემოთ აშვერილი ტოტებით, მონაცრისფრო, ქეჩისებური შებუსვით. ფესვთანური ფოთლები ჩანგისებურია, მოგრძო ფორმის, კენწრული ფოთოლაკი უფრო დიდი ზომისაა, ვიდრე გვერდითები. ღეროსეული ქვედა ფოთლები ხაზურია, კიდემთლიანი ან დაკბილული. საბურვლის ფოთოლაკები ეკლიანია, ყვავილები ყვითელი ფერისაა. განაპირა ყვავილები თითქმის არ არის გადიდებული. იზრდება ველებისა და ფრიგანისეული მცენარეულობის ზონაში. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ცენტრალურ, სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპას, აღმოსავლეთ აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკას.