შინაარსზე გადასვლა

ევდოკია ლოპუხინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ევდოკია ლოპუხინა
რუსეთის ცარიცა
მმართ. დასაწყისი: 6 თებერვალი, 1689
მმართ. დასასრული: 1698
წინამორბედი: პრასკოვია სალტიკოვა
მემკვიდრე: მართა სკავრონსკაია
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 9 აგვისტო, 1669
დაბ. ადგილი: მოსკოვი, რუსეთი
გარდ. თარიღი: 7 სექტემბერი, 1731, (62 წლის)
გარდ. ადგილი: მოსკოვი, რუსეთი
მეუღლე: პეტრე I, რუსეთის ცარი
შვილები: ალექსეი, რუსეთის დიდი მთავარი
დინასტია: ლოპუხინები
მამა: თედორე აბრამის ძე ლოპუხინი
დედა: უსტინია ბოგდანოვის ასული რტიშჩევა
რელიგია: მართლმადიდებლობა

ევდოკია თედორეს ასული ლოპუხინა (რუს. Евдоки́я Фёдоровна Лопухина́; დ. 9 აგვისტო, 1669, მოსკოვი — გ. 7 სექტემბერი, 1731, მოსკოვი) — რუსი არისტოკრატი და რუსეთის ცარიცა 1689-1698 წლებში როგორც პეტრე I დიდის პირველი მეუღლე. იგი იყო უკანასკნელი რუსი კონსორტი რუსეთის ისტორიაში. რუსეთის იმპერატორ პეტრე II-ის ბებია.

ევდოკია ლოპუხინა დაიბადა 1669 წლის 9 აგვისტოს მოსკოვში. იგი იყო ადგილობრივი დიდებულის, თედორე აბრამის ძე ლოპუხინისა და მისი მეუღლის, უსტინია ბოგდანოვის ასულ რტიშჩევას ქალიშვილი.

იმის გამო, რომ მამამისს ბოიარინის თანამდებობა ეკავა, ცარიცა ნატალია ნარიშკინამ ევდოკია თავისი ვაჟის, რუსეთის ცარ პეტრე I-ის საცოლედ შეარჩია. მათი ქორწილი 1689 წლის 6 თებერვალს შედგა, რის შემდეგაც იგი რუსეთის ცარიცა გახდა. შეუღლებიდან მალევე, 1690 წლის 28 თებერვალს ევდოკიამ ერთადერთი ვაჟი — დიდი მთავარი ალექსეი გააჩინა. მიუხედავად იმისა, რომ 1692 და 1693 წლებში ევდოკიამ კიდევ ორი ვაჟი: პეტრე და ალექსანდრე გააჩინა, ალექსეი მათ ერთადერთ შვილად ითვლება, რადგან ისინი ჩვილობაშივე დაიღუპნენ. ბავშვების გაჩენიდან მალევე ცარს ევდოკიას მიმართ გრძნობები გაუნელდა და მალევე მიატოვა იგი ჰოლანდიელი კურტიზანის, ანა მონსის გამო.

1696 წელს პეტრე დასავლეთ ევროპაში წავიდა სამოგზაუროდ, რა დროსაც თავის ნათესავებს სთხოვა დაერწმუნებინათ ევდოკია, რომ მონასტერში წასულიყო. მისი დარწმუნება მეტად გაჭირდა, თუმცაღა 1698 წელს ევდოკია გაეყარა პეტრეს და სუზდალის დედათა მონასტერში წავიდა. როგორც ცნობილია, აქ ცხოვრებისას მას ერთ-ერთი ოფიცერი შეუყვარდა, სახელად სტეპან გლებოვი, რომელიც შემდგომში ამისათვის სიკვდილით დასაჯეს.

სასულიერო წოდების გავლენით, ევდოკია და თავისი ვაჟი პეტრეს რეფორმების წინააღმდეგ გამოდიოდნენ. თავის ქადაგებებში დიმიტრი როსტოველი ევდოკიას „ჩვენი დიდი სუვერენის“ სახელით მოიხსენიებდა და მის ტახტზე დაბრუნებას წინასწარმეტყველებდა. 1718 წელს, პეტრემ ეს კონსერვატიული პარტია საბოლოოდ დაშალა. ამავდროულად, ღალატის გამო გაასამართლეს დიდი მთავარი ალექსეიც, ხოლო ის ეპისკოპოსები და მღვდელ-მთავრები, რომლებიც მას უჭერდნენ მხარს სიკვდილით დასაჯეს. თავად ევდოკია მალევე გადაიყვანეს ლადოგას მონასტერში.

1724 წელს, პეტრე I-ის გარდაცვალების შემდეგ საიმპერატორო ტახტი მისმა მეორე ცოლმა, ეკატერინე I-მა დაიკავა, რომელმაც მონასტერში გამოკეტილი ევდოკია პეტერბურგში მდებარე შლისელბურგის ციხესიმაგრეში გადაიყვანა.

1727 წელს, ეკატერინეს გარდაცვალების შემდეგ ტახტს ევდოკიას შვილიშვილი, პეტრე II იკავებს, რომელმაც თავისი ბებია მაშინვე გაათავისუფლა და მოსკოვში, საიმპერატორო კარზე დააბრუნა. დედაქალაქში ევდოკია პომპეზურად შევიდა, სადაც გაატარა დარჩენილი ცხოვრება. იგი 1731 წლის 7 სექტემბერს, 62 წლის ასაკში გარდაიცვალა მოსკოვში.

  • Chisholm, Hugh, ed. (1911). "Eudoxia Lopukhina" . Encyclopædia Britannica. 9 (11th ed.). Cambridge University Press. p. 882.
  • Olaf Brockmann: Der Bruch Peters des Großen mit Alt-Moskau. Korbs Diarium und Diplomatenberichte aus Moskau zu den Ereignissen der Jahre 1698 und 1699, in: Jahrbücher für Geschichte Osteuropas. Band 38, 1990, S. 481–503
  • Edith M. Almedingen: Die Romanows. Die Geschichte einer Dynastie. Russland 1613–1917, Ullstein, Frankfurt 1992
  • Hans-Joachim Torke (Hrsg.): Die russischen Zaren 1547–1917. Verlag C. H. Beck, München 1999