აგაფია გრუშეცკაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აგაფია გრუშეცკაია
რუსეთის ცარიცა
მმართ. დასაწყისი: 18 ივლისი, 1680
მმართ. დასასრული: 14 ივლისი, 1681
წინამორბედი: ნატალია ნარიშკინა
მემკვიდრე: მართა აპრაქსინა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1663
გარდ. თარიღი: 14 ივლისი, 1681, (17-18 წლის)
მეუღლე: თედორე III, რუსეთის ცარი
სრული სახელი: აგაფია სიმონის ასული გრუშეტსკაია
დინასტია: გრუშეცკები
მამა: სიმონ ფიოდოროვიჩ გრუშეცკი
დედა: მარია ივანოვნა ზაბოროვსკა
რელიგია: მართლმადიდებლობა

აგაფია სიმონის ასული გრუშეცკაია (პოლ. Agata Siemionovna Gruszecka, რუს. Агафья Семёновна Грушецкая; დ. 1663 — გ. 14 ივლისი, 1681) — პოლონელი დიდებული გრუშეცკების საგვარეულოდან. რუსეთის ცარ თედორე III-ის პირველი ცოლი 1680-1681 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აგაფია დაიბადა 1663 წელს. იგი იყო პოლონელი ვოივოდის, სიმონ ფიოდოროვიჩ გრუშეცკისა და მისი მეუღლის, მარია ივანოვნა ზაბოროვსკას ქალიშვილი. აღსანიშნავია, რომ იგი მდიდრულად იზრდებოდა, დასავლეთევროპულ ყაიდაზე და გარდა მშობლიური პოლონურისა, მას თავისუფლად შეეძლო საუბარი და წერა-კითხვა ლათინურ და ფრანგულ ენებზე. მას ასევე შეეძლო კლავესინზე დაკვრა. მისი ადვილადსამართავი ხასიათის გამო, რუსებმა მას მოგვიანებით „ანგელოზი სამოთხიდან“ შეარქვეს. 1677 წლიდან იგი იძულებული გახდა, რომ თავის ბიძასთან, სიმონ ზაბოროვსკისთან გადასულიყო საცხოვრებლად, რომელსაც არ უნდოდა, რომ იგი გაეთხოვებინა. 1680 წელს თავად რუსეთის ცარმა, თედორე III-მ დაინახა აგაფია ერთ-ერთ რელიგიურ პროცესიაზე, რომლის დროსაც მას გული წაუვიდა და სწორედ ასე მიიპყრო მისი ყურადღებაც. ცარმა მისი დახმარება სცადა, რა დროსაც, როგორც შემდეგში იხსენებდა, შეუყვარდა. მართალია სიმონს მისი გათხოვება არ უნდოდა, მაგრამ ცარმა კატეგორიულად მოითხოვა აგაფიას მიყვანა ტრადიციულ ცერემონიალზე, რომელზეც რუსეთის ცარები დიდგვაროვანი ქალებიდან საცოლეს ირჩევდნენ ხოლმე. ზაბოროვსკი დაემორჩილა ცარს და აგაფია ცერემონიალზე მიიყვანა, რომელზეც ცარმა იგი თავის ცოლად შეარჩია.

1680 წლის 18 ივლისს თედორე III და აგაფია გრუშეცკაია დაქორწინდნენ, რითაც იგი რუსეთის ცარიცა ხდება. როგორც ირკვევა, აგაფია, ქმრის მსგავსად, რადიკალიზმის მომხრე იყო. იგი აშკარად გამოდიოდა მილოსლავსკის პარტიის წინააღმდეგ, რომელსაც მისი დედამთილი და მული ხელმძღვანელობდნენ ლიხაჩევთან ერთად. ამის საპირისპიროდ ივან მილოსლავსკიმ ცარიცას ცილი დასწამა, თუმცა თედორემ იგი ამისათვის სიკვდილით დასაჯა. ამის შემდეგ იწყება სამეფო კარზე აგაფიას და ზოგადად, გრუშეცკების გავლენის ზრდა. თედორემ აგაფიას დები წარჩინებულ რუს მთავრებზე დააქორწინა, მის ბიძაშვილებს კი წოდებები მისცა. აგაფია აღწერილია, როგორც „ანგელოზი ცარიცა, მოწყალე და ერთგული თედორესა და საზოგადოებრივი კეთილდღეობისა“. სწორედ აგაფია გრუშეცკაია იყო პირველი, ვინც მხარი დაუჭირა მამაკაცების წვერის გაპარსვისა და სამეფო კარზე ევროპული ტანსაცმლის შემოღების ტენდენციას. ასევე ის იყო რუსეთის ისტორიაში პირველი ცარიცა, რომელიც თმას არ იბურავდა და ეცვა ევროპული (კერძოდ, პოლონური) კაბები.

1681 წლის 11 ივლისს ცარიცამ ვაჟი გააჩინა, სახელად ილია ფიოდოროვიჩ რომანოვი, რომელიც ტახტის პირველ მემკვიდრედ გამოცხადდა. ამ ამბიდან სამ დღეში, 14 ივლისს აგაფია გრუშეცკაია 17-18 წლის ასაკში დაიღუპა ორსულობის შემდგომ გამოწვეული გართულებებით. თავად ცარევიჩი ილიაც ცხრა დღის ასაკში გარდაიცვალა, რის გამოც ცარი იძულებული გახდა მეორედ დაქორწინებულიყო მართა აპრაქსინაზე. როგორც ცნობილია, თედორე აგაფიას საკმაოდ დიდ ხანს გლოვობდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Журнал «Наука и жизнь», № 1 2007 г. — Вознесенский некропль Кремля. (Доктор исторических наук Т. Панова, Н. Синицина, реставратор).
  • Л. Жданов. «Пётр и Софья» (роман).
  • Биография.ру — биографическая энциклопедия (Феодор Алексеевич).
  • Красницкий А. И. (псевдоним — А. Лавинцев). «Царица-полячка» (роман). 1902 г.
  • Валерий Ярхо. «Друг царя, государственный преступник…»
  • Сахаров А. “Пётр I (Династия Романовых)”