თავად ავტორის თქმით, ეს ნაშრომი საქართველოს სახელგამმა შეუკვეთა გოეთეს იუბილეს გამო. იგი პირველი ცდაა ბიოგრაფიული რომანისა ქართულ ენაზე. მთელი კულტურული კაცობრიობა გამოეხმაურა გოეთეს სიკვდილიდან 100 წლის შესრულების თარიღს: ევროპა, ამერიკა, ავსტრალია, ჩინეთი და ინდოეთი. გასაგებია: საქართველოს სახელგამის მიერ დაკისრებული მოვალეობის სიმძიმეს მწერლის ავტორული თავმოყვარეობაც ზედ ერთვოდა. ამიტომ ამ დიდი და ნათელი გენიისადმი სათანადო პატივის მისაგებად არც შრომა დაუზოგავს თავის მხრივ და არც სიყვარული. ცხადია, კომპილაციურ შრომას არავითარი აზრი არ ექნებოდა, რადგან გოეთეს შესახებ იმდენი დაწერილა კარგიც და ცუდიც, ყველაფერს თავი რომ მოვუყაროთ, ეს ყოველივე ერთ ქალაქშიაც არ დაეტევა. ამიტომაც, გულმოდგინედ, ხელახლა შეისწავლა მისი ავტობიოგრაფია, «Dichtung u. Wahrheit» („პოეზია და სინამდვილე“) ოცივე წიგნი. სამივე ტომი ეკერმანის „გოეთესთან საუბარისა“, გოეთეს „საფრანგეთს გალაშქრება“, „მოგზაურობა იტალიაში“, მეგობრებისა და მახლობლებისადმი მინაწერი და მათგან მიღებული კერძო ბარათები, გოეთეს Naturwissenschaftliche Sehriften (ბუნებისმეტყველური ნაწერები), ხანდახან მისი ლირიკის გადათვალიერებაც მოუხდა. რა თქმა უნდა, ამ მუშაობის შესრულებისას გამოიყენა მრავალი წლის მუშაობა გოეთეს სემინარებში: ლაიფციგში, მიუნხენსა და ბერლინში გაწეული 1912-19 წლების მანძილზე და პირადი შთაბეჭდილებანი ფრანკფურტში, ვაიმარსა და იტალიაში მოგზაურობის დროს, 1919-20 წლებში მიღებული.