დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg ეს სტატია რომანს ეხება. ამავე სახელწოდების ფილმის შესახებ იხილეთ დიდოსტატის მარჯვენა (ფილმი).
დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა
The Right Hand of the Grand Master.JPG
რომანის მეორე გამოცემის პირველი გვერდი
ავტორი კონსტანტინე გამსახურდია
ქვეყანა საქართველოს სსრ
ენა ქართული
ჟანრი ისტორიული რომანი, ექსპრესიონიზმი, მოდერნიზმი
გამოცემის თარიღი 1939
გვერდი 408
ISBN 978-9941-422-77-5

დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენაკონსტანტინე გამსახურდიას ისტორიული რომანი.

რომანს საფუძვლად უდევს სვეტიცხოვლის მშენებლობის ნახევრად ლეგენდური ისტორია. მთავარი მოქმედი პირები არიან მეფე გიორგი I და სვეტიცხოვლის ხუროთმოძღვარი კონსტანტინე არსაკიძე.

„დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“ 1938–1939 წლებში დაიწერა. რომანის მოქმედება იშლება XI საუკუნის საქართველოში, უპირველესი ქრისტიანული ტაძრის - სვეტიცხოველის - გარშემო. რომანი ასევე არის 1937 წლის ტრაგედიის ალეგორიული გადატანა შორეულ წარსულში, კატასტროფულ მოვლენათა მარადიული მოდელის პოვნა და გამოხატვა, მისი წაკითხვა გარდასული ჟამის ფონზე, ხოლო ანტირუსული პათოსი დაშიფრულ იქნა ანტიბიზანტიური სულისკვეთებით.

„დიდოსტატის მარჯვენა“ იყო კონსტანტინე გამსახურდიას ერთადერთი წიგნი, რომელსაც ყოველთვის აღიარებდა საბჭოთა ხელისუფლება. მოსწონდათ იგი სტალინსა და ბერიას. მაგრამ ბელადის პირველ წიგნს, რომელიც 1939 წელს გამოიცა, სტალინმა კრიტიკულად შეხედა და ავტორმაც მომდევნო წიგნები აღარ დაწერა.[საჭიროებს წყაროს მითითებას]

შექმნის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

"დიდოსტატის მარჯვენა" მეოცე საუკუნის ქართული ლიტერატურის მშვენებადაა მიჩნეული. იგი თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე და ყველგან აღიარებული პოპულარობით და სიყვარულით სარგებლობს. კონსტანტინე გამსახურდია ამ რომანით წარმოგვიდგება ისტორიული რეალობისა და შუასაუკუნური კულტურის ბრწყინვალე მცოდნედ, გარდასულ სახეთა გაცოცხლების, მათთვის უკვდავი სულის შთაბერვის სწორუპოვარ ოსტატად. მწერლის ისტორიული რომანები, უპირველეს ყოვლისა, იმით განსხვავდებიან ისტორიულ თემაზე ჩვენში ადრე შექმნილი თხზულებებისაგან, რომ ამ ნაწერამოებებში პირველად გადაილახა ის ზღვარი, რომელსაც ისტორიზმის ტყვეობაში მყოფი მწერლები აღმართავდნენ ხოლმე მეფე-დიდებულებსა და მდაბიოთა შორის. კონსტანტინე გამსახურდიამდე იშვიათად რომ ვინმეს დაეხატოს ასეთი ცხოველმყოფელობით მეფე-ადამიანი: ტრადიციული სქემატურობით და ფრესკული ერთპლანოვნებით კი არა, არამედ თავისი ადამიანური ვნებებით და წინააღმდეგობრივი ბუნებითაც.

„დიდოსტატის მარჯვენაზე“ მუშაობა მწერალმა 1938 წელს დაიწყო და მასზე მუშაობა იმავე წელს დაასრულა. ნაწარმოების პირველი მონახაზი მოცემულია 1932 წელს დაწერილ კინოსცენარში „ვარძიის საიდუმლო“. რომანი 1939 წელს ჟურნალ მნათობში ქვეყნდებოდა, შემდეგ ის გამოიცა ნოველებთან ერთად კრებულში „თვალთაჲ“[1]. რომანის გამოქვეყნება „მნათობში“ დაემთხვა მწერლის ვაჟის დაბადებას 1939 წლის 31 მარტს, რომელსაც ნაწარმოების ერთ–ერთი პერსონაჟის ზვიად სპასალარის სახელი დაანათლა[2].

კონსტატინე გამსახურდია აპირებდა რომანების სერიის წერას სახელწოდებით „ქართლის ცხოვრება“, რომელშიც „დიდოსტატის მარჯვენასთან“ ერთად შევიდა დავით აღმაშენებელი[3]. დაწყებული ჰქონდა „თამარის“ წერა, მეტის გაკეთება მან ვერ მოასწრო.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიუჟეტი ეფუძნება ნაწილობრივ ლეგენდარულ ამბავს სვეტიცხოველში 1010 -იან წლებში ახალგაზრდა იდუმალი არქიტექტორის, კონსტანტინე არსუკიძის მოღვაწეობას. მოქმედება მიმდინარეობს მეთერთმეტე საუკუნეში და მოგვითხრობს გიორგი პირველზე. გიორგი მრავალი დაუძლეველი პრობლემის წინაშე დგას, მათ შორისაა სხვადასხვა სამთო ტომების, ფხოვის (ფშავი და ხევსურეთი), პერიოდულად აჯანყება. გიორგი ქრისტიანია,მაგრამ არა ისეთი მორწმუნე,როგორიც მისი მეუღლე მარიამი და ყველაფერზეა წამსვლელი ფხოვის აჯანყებების ჩასახშობად.. რომანის დასაწყისში მეფე გიორგის სტუმრობს მამამზე ერისთავი რომელზეც მეფე ეჭვობს, რომ ის არის უფრო ჯაშუში და შეკრულია მთის ტომებთან.მამამზე დიდი ხანი იყო მეფე გიორგის მეგობარი და მოკავშირე ამიტომ მისი აჯანყება ძალიან ამწუხრებს მეფეს. გიორგი აქვს სხვა პრობლემებიც. თბილისი ამ დროს არაბების ხელთაა ხოლო ბიზანტიის იმპერატორ ბასილ მეორეს მისი შვილი ბაგრატი მძევლად აუყვანია..

მამამზეს შვილი, ჭიაბერი, აჯანყების ერთ-ერთი მთავარ ძალას წარმოადგენს, როგორც თალანგვა კოლონკელიძე, კვეტარის მთავარი და მამა შორენასი, რომელიც არის ჭიაბერზე დანიშნული. მთავარეპისკოპოსი მელქისადეკი მიდის მამამზეს ციხესიმაგრეში, რომ დაარწმუნოს მთავრები და აღიარებინოს ქრისტიანობა. როცა ჭიაბერი მის ჯვარს ემთხვევა, მალევე დაიღუპება. არსებობს ეჭვი, რომ ჯვარი მოწამლეს. ზვიად ამირსპასალარი ამის შემდეგ მოახერხებს აჯანყების ჩახშობას და მეამბოხეთა დასჯას. გიორგი აგრძელებს საეკლესიო კამპანიას , თუმცა ამავდროულად ეკლესიების აშენების საწინააღმდეგოდ მიწისძვრები მოქმედებს, რომლებიც მრავლად იყო მეთერთმეტე საუკუნეში. მეფე ეკლესიების აშენებას მის მთავარ არქიტექტორს ფარსმან სპარსს( რომელიც არ არის სპარსი) ავალებს.. ფარსმანს ჰქონდა უჩვეულო ცხოვრება. სხვადასხვა მიზეზების გამო მას მოუწია მრავალ ქვეყანაში მოგზაურობა და განათლების მიღება, შემდეგ კი დაუბრუნდა სამშობლოს.

ერთხელაც ნადირობისას მეფე ახალგაზრდა ლაზ ბიჭს წააწყდება და შემდეგ თან წაიყვანს. გიორგი დაინახავს არსაკიძის მხატვრულ ნიჭს და გადაწყვეტს მას ააშენებინოს სვეტიცხოველი ქართულ სტილში. ბედის ირონიით კოლონკელიძის ქალიშვილი შორენა(რომელიც არსაკიძეს უყვარს) მეფე გიორგის მოეწონება და ცოლად შერთვას გადაწყვიტავს და როცა გაიგებს არსაკიძის და შორენას ურთიერთობის შესახებ, ახალგაზრდა არქიტექტორს მარჯვენა ხელს მოკვეთავს.შორენა კი ამის შემყურე თავს მოიკლავს.

გამოხმაურება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსული გამოცემის ყდა

როგორც აღნიშნავენ, სტალინმა ერთ ღამეში წაიკითხა „დიდოსტატის მარჯვენა“ და, მაშინვე გააღვიძა ლავრენტი ბერია, გამსახურდია შესანიშნავი მწერალი ყოფილა და რატომ არ ვიცოდიო[4].

"დიდოსტატის მარჯვენის" გამო, მწერალი ვალერიან გაფრინდაშვილი გამსახურდიას ჯადოქარს ეძახდა.[5]

ავტორს ხელისუფლება ხელს უწყობდა, რათა რუსულ ენაზე სწრაფად ეთარგმნათ „დიდოსტატის მარჯვენა“ და „ბელადი“. ამ მიზნით მწერალი მოსკოვშიც იმყოფებოდა. აქ იგი მიიღო საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარმა ლავრენტი ბერიამ და მას დიდხანს ესაუბრა.

რომანი საბჭოთა ისტორიული პროზის მიღწევად ჩაითვალა. კრიტიკოსებიდან რომანს დადებითად გამოეხმაურა ბესარიონ ჟღენტი, რომელმაც ხაზი გაუსვა რომანის უდიდეს ღირსებას[6].

დიდოსტატის მარჯვენას კრიტიკოსებიც გამოუჩნდნენ. ჟურნალ ზნამიას 1945 წლის მეცხრე ნომერში გამოქვეყნდა ვ. შკლოვსკის წერილი რომანების „დიდოსტატის მარჯვენასა“ და „დავით აღმაშენებლის“ შესახებ, რომელშიც ავტორი ბრალს დებდა მწერალს, რომ მან განგებ არ ასახა თავის რომანებში X - XI საუკუნეებში რუსეთ–საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები, რაზეც გამსახურდიამ უპასუხა, რომ არც ერთ ცნობილ ქართულ თუ უცხოურ წყაროებში რუს–ქართველთა შორის იმდროინდელი ურთიერთობის რაიმე ნიშანწყალი არ არსებობდა.[7]

რომანისადმი შენიშვნები სანდრო შანშიაშვილსაც ჰქონდა. ის ეჭვქვეშ აყენებდა რომანში ასახულ ფხოველთა აჯანყების ამბებს[8]. რაზეც მწერალმა უპასუხა, რომ მთიანეთი მუდამ ეურჩებოდა ქართველ მეფეებს, რომელთაც ეწადათ საქართველოს პოლიტიკური ცენტრალიზება. მან მოიშველია თამარის დროს მომხდარი ფხოველთა აჯანყება და განაცხადა, რომ ასეთი აჯანყება იმ დროსაც შეიძლებოდა მომხდარიყო[9].

რომანისადმი ყველაზე ხშირად გამოითქვამენ შენიშვნა, რომ კონსტანტინემ აღწერა არსაკიძის დასჯა სვეტიცხოველზე გამოსახული მკლავის მიხედვით, მაშინ, როცა ლეგენდის მიხედვით, ეს მკლავი ეკუთვნის გამარჯვებულ ხელოვანს. რაზეც მწერალმა შემდეგი პასუხი გასცა: „ჰო, ეგრეა, მაგრამ იდეა, რაიც საფუძვლად უდევს რომანს, მაგ ლეგენდის მიხედვით ვერ გამოიხატებოდა. ჩემი სურვილი დაწადილი იყო მართალი სიტყვა მეთქვა განწირული ხელოვანის ბედზე მეფე გიორგი პირველის ტირანულ სახელმწიფოში. ლეგენდას რომ მივყოლოდი, მაშინ არსაკიძისა და გიორგი პირველის ქებანი და აპოლოგია უნდა დამეწერა.“[10]

რევაზ მიშველაძე თავის წერილში "კონსტანტინე გამსახურდია" წერს: ხელოვნება ეკუთვნის ხალხს, ჭეშმარიტი ხელოვანი ერის მომავლისათვის ბრძოლის სამსახურში უნდა იდგეს, ქედუხრელად იტანდეს ცივილიზაციის მტერთა ავბედით შემოტევებს და მთელი არსებით უნდა ეკუთვნოდეს იმ დიდებულ საქმეს თავისი ცხოვრების მიზნად და აზრად რომ აურჩევია. _ საუკუნეების განმავლობაში ათას ესთეტიკურ უკიდურესობათა წინააღმდეგ ბრძოლაში გამოტარებული და ჩვენამდე მსოფლიოს უკვდავ ხელოვანთა მხრებით მოტანილი ეს ჭეშმარიტება მწერალმა კონსტანტინე არსაკიძე მიჰმადლა. არსაკიძის შარავანდედით მოსილი სახე, როგორც მის მიერ ხელთქმნილი სვეტიცხოველი, არასოდეს დაკარგავს მომხიბვლელობას. იგი ჩვენს ლიტერატურაში მუდამ იქნება თავისი საყვარელი საქმისათვის, თავისი სვეტიცხოველისთვის თავდადებული ხელოვანის სიმბოლო, სახე მხატვრისა, რომელმაც თავისი სული და სხეული მთლიანად და უყოყმანოდ თავისი ერის უკვდავებას, ხალხის ეროვნული გენიის გამოვლენას მოახმარა. უჭირს ტირანულ სახელმწიფოში ცხოვრება ხელოვანს! _ `დიდოსტატის მარჯვენის~ ქვეტექსტში მიმალული ეს ბრალდება კომუნისტურ ეპოქაზეც ვრცელდება.[საჭიროებს წყაროს მითითებას]

თარგმანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„დიდოსტატის მარჯვენა“ რუსულად (;Десница Великого мастера») თარგმნა ფატმან თვალთვაძემ, ის მოსკოვში არაერთხელ გამოიცა მრავალათასიანი ტირაჟით. (1944, 1956, 1961, 1963). სულ მწერლის სიცოცხლეში რუსულად თორთმეტჯერ დაიბეჭდა. მისმა საერთო ტირაჟმა 700 ათასს გადააჭარბა.[11] თარგმანში ერთ–ერთი პერსონაჟი პიპა მოიხსენიება, როგორც ვამეხი.

1957 წელს „დიდოსტატის მარჯვენა“ ითარგმნა და გამოიცა ფრანგულად. რომანი რუსული ტექსტიდან თარგმნა რენე დომეკმა. წიგნზე გამოხმაურებები დაიბეჭდა პრესაში (ლუმანიტე დიუმანში, დე ლეტრ ფრანსეზი, მიდი ლიბრი).[12]

„ლუმანიტე დიმანშში“ 1958 წლის ნომრებში იბეჭდებოდა რომანის ადაპტირებული ტექსტი ჟან დორვილის ილუსტრაციებით (ეს უკანასკნელი 1964 წელს მწერლის მიწვევით თბილისში იმყოფებოდა და კონსტანტინეს თავისი 47 ნახატი გადასცა).[13]

1959 წელს მწერალს თბილისში ჩამოაკითხეს ინდოელმა სტუმრებმა – „დიდოსტატის“ ინგლისურიდან (The Right Hand of the Grand Master) ბენგალურად მთარგმნელებმა ცოლ–ქმარმა შუკრია გხოშმა და შუბხამოი გხოშმა.[14]

როგორც მწერლის ბიოგრაფი სოსო სიგუა აღნიშნავს, „დიდოსტატის მარჯვენა“ იყო საბჭოური სამყაროს მესამე ქართული რომანი „გვადი ბიგვასა“ და „კოლხეთის ცისკარის“ შემდეგ, რომელმაც დასავლეთში შეაღწია[15].

გარდა ზემოთჩამოთვლილისა, „დიდოსტატის მარჯვენა“ თარგმნილია შემდეგ ენებზე: ინგლისურ (მთარგმნელი ვახტანგ ერისთავი) , გერმანულ (Die rechte Hand des großen Meisters, მთარგმნელი ჰერტრუდ პეჩი, გამოიცა 1969 წ.), სომხურ (1960 წ.), ოსურ, ჰინდის, ურდუს, ჩინურ, რუმინულ (მთარგმნელი ვიქტორ კერნბახი, 1962 წ.) ენებზე.[16]

2015 წელს „დიდოსტატის მარჯვენა“ ნიდერლანდების სამეფოში გამოიცა ნიდერლანდურ ენაზე სახელწოდებით: De rechterhand van grootmeester Konstantine, რომლის მთარგმნელია არჩილ ჯავახაძე.[17]

ეკრანიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონსტანტინე გამსახურდიას რომანის მიხედვით გადაღებულია ქართული მხატვრული ფილმი რეჟისორ ვახტანგ ტაბლიაშვილის მიერ. მთავარ როლს ასრულებენ მსახიობები: ოთარ მეღვინეთუხუცესი, თენგიზ არჩვაძე, ს. მაღალაშვილი, ლ. ბადურაშვილი. ფილმმა არაერთგვაროვანი შეფასება დაიმსახურა.

ტაძრები და ციხეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაწარმოებში მრავალი ისტორიული ხუროთმოძღვრების ნიმუშია ნახსენები. მათ შორისაა ეკლესიებიც და ციხესიმაგრეებიც.

პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომანის გერმანული გამოცემის ყდა

სოსო სიგუას აზრით „დიდოსტატის მარჯვენაში” ავტორის „მე” ორ ნაწილად განიყო – გიორგი მეფედ და კონსტანტინე არსაკიძედ. პირველი ეროვნული იდეალების მტვირთველია, მეორე – შემოქმედებითი სულისა. პოლიტიკა და ხელოვნება პიროვნების ძალმოსილების გაცხადებაა, ერთი – რეალობაში, მეორე – ოცნების სფეროში. ორივე პერსონაჟის პროტოტიპი არის თავად ავტორი, ხოლო ფორმალურად – საქართველოს მეფე გიორგი და სვეტიცხოვლის ამგები არსუკიძე, რაც მწერალმა არსაკიძედ აქცია, რადგან „სუკი“ სხვა ასოციაციებს აღძრავდა.

საინტერესოა ისიც, რომ ბავშვობაში კონსტანტინე გამსახურდიას მამა მოფერებით „უტას” ეძახდა. ასევე, უტას არქმევს დედა არსაკიძეს და ამ სახელს ეძახის მას შორენაც.

კონსტანტინე გამსახურდია „დიდოსტატის მარჯვენას” რომ წერდა, იმ პერიოდში დაიბადა ზვიად გამსახურდია. მოგეხსენებათ, ნაწარმოებში არის ერთი პერსონაჟი – სპასალარი ზვიად ერისთავი, გიორგი პირველის ჯარების სარდალი. თითქოს სარდლის სახელი დაანათლა მწერალმა შვილს. სახელი „ზვიადი“ ისტორიულად არსებობდა ძველ დროში, მაგრამ, ამ მივიწყებული სახელის, ისევე როგორც „შორენას“ გავრცელება, კონსტანტინე გამსახურდიას დამსახურებაა. ეს სახელი მწერალმა თავის პირველ შვილიშვილს დაარქვა.

გიორგი პირველის მეორე ცოლი იყო ალდე, ოვსთა მეფის ასული, რომელთანაც შეეძინა ვაჟი – დემეტრე (დემეტრეს შთამომავალი იყო დავით სოსლანი – თამარის მეორე ქმარი). ეს ფაქტი აირეკლა მეფე გიორგისა და შორენა კოლონკელიძის ურთიერთობაში. ამდენად, ალდეს კოლონკელიძის ასულის პროტოტიპად მივიჩნევთ. როგორც ვიცით, ოვსთა მეფის ასული ბორენა იყო გიორგი პირველის ვაჟის – ბაგრატ მეოთხის მეუღლე, რომელსაც მიეწერება ერთი მშვენიერი ლექსი – „რომელმან ეგე ევას მიუზღე ვალი“. კონსტანტინე გამსახურდიამ „ბორენა“ შორენათი“ შეცვალა, მიანიჭა ამ სახელს უფრო მეტი კეთილხმოვნება და, ამიტომაც, სწრაფად გავრცელდა. თუმცა, არის ცნობა, რომ ეს სახელი არსებულა ძველ საქართველოში. როგორც პროფესორი ზურაბ ჭუმბურიძე აღნიშნავს, ბორენა ყოფილა სკვითურ-ალანური სიტყვა და ნიშნავს „წაბლისფერთმიანს”.

ისტორიული და გამოგონილი პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გიორგი I -მეფე
  • მარიამი- დედოფალი (სომეხთა მეფის სენაქერიმ არწრუნის ასული)
  • ზვიად სპასალარი - სარდალი და მეფის გულდინჯი მრჩეველი
  • ფარსმან სპარსი - მეფის მრჩეველი და ხუროთმოძღვართუხუცესი
  • კონსტანტინე არსაკიძე (უტა) - ხუროთმოძღვარი, სვეტიცხოვლის ამგებელი
  • მელქისედეკი - კათალიკოსი
  • თალაგვა კოლონკელიძე — ურჩი ფეოდალი და კვეტარის ერისთავი
  • შორენა - თალაგვა კოლონკელიძის ასული
  • სუმბატ ჩორჩანელი - ფარსმანის პაპა
  • ბაქარ ჩორჩანელი - ფარსმანის მამა
  • ნანაი - ფარსმანის დედა
  • ვარდანი - ფარსმანის გამზრდელი
  • აბუბექრ-ისმაილ-იბნ-ალი-აშარი - ფარსმანის შერქმეული სახელი
  • მამამზე - ქორსატეველას ერისთავი
  • ჭიაბერი - მამამზეს ვაჟი
  • ბორდოხანი - მამამზეს ცოლი
  • კატაი - მამამზეს ქალიშვილი
  • რუსუდანი - ბორდოხანის და
  • შავლეგ ტოხაისძე - მამამზეს სახლთუხუცესი
  • გურანდუხტი - თალაგვას მეუღლე
  • ვარდისახარი - შორენას პირისფარეში
  • თაყაი - ჭიაბერის გამზრდელი
  • ბოქაი - ჭიაბერის შვილი
  • ცცოი - ჭიაბერის შვილი
  • აზარაი - ჭიაბერის შვილი
  • ზაზაი - ჭიაბერის შვილი
  • გაბიდაი - ჭიაბერის შვილი
  • ჯიბრედაი - ჭიაბერის შვილი
  • ზნაურა - დიაკვანი
  • ამბროსი - ეზოსმოძღვარი
  • რაჟდენი -მიტროპოლიტი
  • გაიოზი - ბერი
  • მამა სტეფანოზი
  • გლახუნა ავშანისძე - მეფის შერქმეული სახელი
  • გირშელი - ყველისციხის ერისთავი
  • პიპა უშიშარაისძე - მეფის მალემსრბოლი
  • ანაქსიმანდრესი - პიპას ნამდვილი სახელი
  • დრუსძე ქიტესა - მეფის მეგობარი
  • ჭოხრიჭისძე გამო - მეფის მეგობარი
  • ლომაისძე ესტატე - მეფის მეგობარი
  • ნონაი - არსაკიძის მოახლე
  • თებრონია - ფარსმანის შვილი
  • ფანასკერტელი რუსუდანი - სეფექალი (სამეფო ქალი)
  • ცაქალა - სეფექალი
  • ნათია - სეფექალი
  • ანჩიბაიძის ქალი - სეფექალი
  • მუროჩი ქალუნდაური - ხევისბერი
  • გოდერძი - ხევისბერის შვილი
  • უფლისწული ბაგრატი - ბაგრატ IV
  • კასავილა - ბიზანტიელი დიდებული
  • ზაქარია არიშიანი - არტანუჯელი აზნაური
  • საღირა - თბილისელი ჯალათი
  • კახაი - ერისთავი
  • ფანასკერტელი - ერისთავი
  • დაჩი - ერისთავი
  • ბოდოკია - კალატოზი
  • წათაი - მშენებელი მონა
  • ხუსრი აბულელი - მეფის ურჩი ერისთავი
  • რატი - ხურსის სახლთუხუცესი
  • ვაჩე - რატის ვაჟი
  • პირიმზისა და ხათუთაი - კოლონკელიძის მხევლები
  • ეფემერა - მონაზონი
  • შუშანიკი - შორენას სახელი მონაზვნობისას
  • ევდემონი - დაყუდებული ბერი
  • ბასილი და კონსტანტინე - ბიზანტიის კეისრები
  • ალ-ჰაქიმი - სარკინოზთა ხალიფა

კონსტანტინე გამსახურდია ხშირად იმეორებდა: ისე ვებრძვი ქართულ სიტყვას, როგორც ბიბლიური იაკობი – თავის მრისხანე ღმერთსო. როგორც ვხედავთ, ამ სიმბოლიკით ქართულ სიტყვას ღმერთთან აიგივებდა, თავის თავს – იაკობთან.

იაკობს ჰყავდა თორმეტი ძე, რომელთა სახელები დაერქვა მათგან წარმოშობილ ისრაელის თორმეტ ტომს. ღმერთი მფარველობდა იაკობს, მაგრამ, ღამით, იორდანეზე გადასვლის წინ, დაუხვდა თავის რჩეულს და ანგელოსის სახით დაეჭიდა. მთელი ღამე იბრძოდნენ, მაგრამ ვერ სძლია ანგელოსმა იაკობს, მხოლოდ დააკოჭლა იგი – თეძოს სახსარი უღრძო შეხებით(დაბადება, თ. 32, მ. 24-32).

იაკობი ღმერთმებრძოლი გმირია, უფლის მეტოქე და მძლეველი...

განგების ნებასთან ბრძოლას ადარებს მწერალი შემოქმედებას, უფლისთვის კურთხევას თუ მარადიული ცეცხლის წართმევას, რათა იგი ხალხს გადასცეს...

ეს მოდელი გადავიდა „დიდოსტატის მარჯვენაში”, სადაც არსაკიძე ხატავს იაკობის შერკინებას უფალთან. ღმერთს კათალიკოს მელქისედეკის თვალები აქვს, იაკობს – ხუროთმოძღვრისა. სასიკვდილო ზმანებაშიც მგლისფერთვალება მოხუცს ერკინება მკლავმოკვეთილი არსაკიძე, მაგრამ, არ მისცა სული კათალიკოსის სახით მოსულ ქრისტიანულ ღმერთს მომაკვდავმა, რადგან სვეტიცხოვლისთვის, ანუ ხელოვნებისთვის შეეწირა იგი.

იაკობი და ისაევი ტყუპები იყვნენ. მათი მეტოქეობა დაიწყო დედის მუცლიდანვე და მთელი ცხოვრება გაგრძელდა. განმეორდა აბელისა და კაენის მითი, რომლის სიმბოლიკითაც კაენი იაკობს უნდა ეწოდოს, როგორც ძმის მოშუღლარსა და მამის კურთხევის მოტყუებით მიმტაცებელს.

რევაზ მიშველაძე წერს: მეფე გიორგი `დიდოსტატის მარჯვენის~ ერთი უაღესად საინტერესო და გამოკვეთილი სახეა. ბაგრატიონთა ამ სახელოვან შთამომავალს მძიმე დროში მოუხდა მეფობა. მას, ჯერ კიდევ უწვერულ ჭაბუკს, თორმეტი წლის ყმაწვილს სამეფო სკიპტრა მისცეს ხელთ და ქვეყნის საშინაო და საგარეო საკითხების ურთულეს პოლიტიკაში გარკვევა მიანდეს. ავტორმა საოცარი ზომიერებით, მოკრძალებით და მხატვრული ტაქტით შექმნა მეფე-მონარქის კოლორიტული სახე. გვიამბო ტრაგიკულ ბედზე ახალგაზრდა ბრძენი მეფისა, რომელმაც ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე ყველა ღირსება და ნაკლი თავისი ერისა შეურცხვენლად ატარა, როგორც მეფემ და როგორც კაცმა.

რომანში გამოყენებული ფერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქლიავისფერი
  • ხვლიკისფერი
  • ოქროცურვილი
  • ქარვისფერი
  • მრუმე
  • ქერა
  • თეთრი
  • მუქლურჯი
  • ფოლადისფერი
  • ისრიმისფერი
  • ოქროსფერი
  • ჩალისფერი
  • წაბლისფერი
  • ცერცვისფერი
  • თავთუხისფერი
  • ცისფერი
  • შავი
  • ჟანგისფერი
  • ქორისფერი
  • მიწისფერი
  • მოლურჯო
  • მტრედისფერი
  • ცარცისფერი
  • სადაფისფერი
  • ქარვისფერი
  • შაბიამანისფერი
  • თაფლისფერი
  • ლომისფერი
  • გიშრისფერი
  • მუქყვითელი
  • მწყრისფერი
  • დურაჯისფერი
  • მიხაკისფერი
  • იისფერი
  • წითელ-ყვითელი
  • წითელი
  • ფეტვისფერი
  • მომწვანო
  • ლილისფერი
  • ლაინისფერი
  • ქედანისფერი
  • მგლისფერი
  • ღვისფერი
  • ეცხლისფერი
  • შინდისფერი
  • ნაცრისფერი
  • ხივისფერი
  • 8ირისფერი
  • სინგურისფერი
  • ხოხბისყელისფერი
  • ნარინჯისფერი
  • ზისფერი
  • მწვანე
  • ჟრუნი
  • ხორბლისფერი
  • უნაბისფერი
  • ყვითელი
  • მინისფერი
  • ენდროსფერი
  • სოსანისფერი
  • ლოპინარისფერი
  • ცვილისფერი
  • ძერასფერი
  • ავაზასფერი
  • გველისფერი
  • ჯაჭვისფერი
  • ქვიშისფერი
  • ძველთუძველესი სპილოსძვლისფერი
  • ლურჯი
  • კარაქისფერი
  • თევზისფერი
  • საფირონისფერი
  • მშვლისფერი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სოსო სიგუა, მარტვილი და ალამდარი, ტ. 1, 2003 წ., გვ. 213–214
  2. სოსო სიგუა, მარტვილი და ალამდარი, ტ. 1, გვ. 218–219
  3. კონსტანტინე გამსახურდია, „დავით აღმაშენებელი“ (პირველი წიგნის ბოლოსიტყვა), ტ. 3, 1960, გვ. 716
  4. სოსო სიგუა, მარტვილი და ალამდარი, გვ. 216
  5. http://tbiliselebi.ge/?mas_id=6568&jurn_id=41&rubr_id=27
  6. ბესარიონ ჟღენტი, დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა, ლიტერატურული საქართველო, 30 ივლისი, 1939 წ., № 22, გვ. 3–4
  7. კონსტანტინე გამსახურდია, ჟურნალ „ზნამიას“ რეცენზენტის საპასუხოდ, თხზულებათა რვატომეული, ტ. 6, გვ. 558
  8. სანდრო შანშიაშვილი,შენიშვნები კ. გამსახურდიას დიდოსტატის მარჯვენას გამო, მნათობი, № 6, 1944, გვ. 112–130
  9. კონსტანტინე გამსახურდია, თანამედროვე რომანისათვის, თხზულებათა რვატომეული, ტ. 6, 1963
  10. ელგუჯა მაღრაძე, გულითა მართლით, თბ, 1979, გვ. 58
  11. სოსო სიგუა, მარტვილი და ალამდარი, ტ.1, გვ. 371
  12. სოსო სიგუა, მარტვილი და ალამდარი, ტ.1, გვ. 353
  13. ფრანგი მხატვარი ჩვენი სტუმარია, „კომუნისტი“, 1964, 25 აგვისტო
  14. სოსო სიგუა, მარტვილი და ალამდარი, ტ.1, გვ. 358
  15. სოსო სიგუა, მარტვილი და ალამდარი, ტ. 1, გვ. 353–354
  16. სოსო სიგუა, მარტვილი და ალამდარი, ტ. 1, გვ. 371
  17. De rechterhand van grootmeester Konstantine