შინაარსზე გადასვლა

აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმი (რუს. Форум Народного единства Абхазии; ინგლ. The Forum of the National Unity of Abkhazia) — ერთ–ერთი მთავარი ოპოზიციური პარტია სეპარატისტულ აფხაზეთში. მისი ლიდერია ყოფილი ე. წ. ვიცე–პრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი რაულ ხაჯიმბა.

ფორუმი დაარსდა 2005 წლის 8 თებერვალს, მასში გაერთიანდა 12 ოპოზიციური პარტია, სოციალურ–პოლიტიკური მოძრაობა, საზოგადოებრივი და ახალგაზრდული ორგიანიზაციები, რომლებიც ასევე აგრძელებდნენ დამოუკიდებელ არსებობას. ფორუმმა, ძირითადად, თავი მოუყარა რაულ ხაჯიმბას მხარდამჭერებს 2004 წლის ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებში. ხაჯიმბამ წააგო არჩევნები, მაგრამ ვიცე–პრეზიდენტი გახდა მას შემდეგ, რაც არჩევნების შედეგად წარმოქმნილი კრიზისის შემდეგ, დაიდო შეთანხმება ძალაუფლების გაყოფის შესახებ. ფორუმის შექმნის მიზანი იყო ამ შეთანხმების განუხრელი უზრუნველყოფა, პრინციპულ საკითხებში. ფორუმი, თავდაპირველად, იმართებოდა 12 წევრისგან შემდეგარი საკოორდინაციო საბჭოს მიერ, რომელსაც აფხაზეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის თანათავმჯდომარე, გენადი ალამია ხელმძღვანელობდა.[1]

აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმი ჩამოყალიბდა სოციალურ–პოლიტიკურ მოძრაობად 2005 წლის 10 ოქტომბერს და მის თანათავმჯდომარეებად არჩეულ იქნენ ავთანდილ ღურწკაია, ვიტალი გაბნია და დაურ არშბა.[2] 2008 წლის 6 მარტს ფორმი გარდაიქმნა პოლიტიკურ პარტიად, რომლის სათავეშიც ორი თანათავმჯდომარე მოვიდა – დაურ არშბა და ასტამურ ტანია.[3]

2009 წლის 12 დეკემბერს დანიშნული ე. წ. არჩევნებისთვის ფორუმი აპირებდა მხარი დაეჭირა ერთდროულად რაულ ხაჯიმბასა და ზაურ არძინბას კოალიციისთვის, მაგრამ ისინი ვერ შეთანხმდნენ საკითხზე, თუ ვინ გახდებოდა პრეზიდენტი და კოალიციაც ვერ შედგა. 29 ოქტომბრისთვის დანიშნული ფორუმის კონგრესი ვერ ჩატარდა.[4] ხაჯიმბა და არძინბა არჩევნებზე ინდივიდუალურად გავიდნენ , რითაც, მათდა უნებურად, ხელი შეუწყვეს სერგეი ბაგაფშის ხელახლა გაპრეზიდენტებას.

2010 წლის 12 მაისს ჩატარდა აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმი კონგრესი, რომლის დროსაც გადაწყდა, რომ პარტიის თავმჯდომარეთა რიცხვი შემცირებულიყო 2–დან 1–მდე, ხოლო თავმჯდომარის მოადგილეთა – 4–დან 2–მდე. რაულ ხაჯიმბა არჩეულ იქნა პარტიის ახალ ლიდერად, ხოლო მის მოადგილეებად – დაურ არშბა და რიტა ლოლუა.[5]

„აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმს“ შექმნისას არ გამოუცხადებია თავისი ოფიციალური იდეოლოგიის შესახებ. პარტიის ჩამოყალიბებისას ფორუმის შემადგენლობაში 3 პარტია და 9 სოციალურ - პოლიტიკური ორგანიზაცია გაერთიანდა: აფხაზეთის ეროვნული პარტია, სოციალურ - დემოკრატიული პარტია, რესპუბლიკური პარტია „აფსნი“, სოციალურ - პოლიტიკური მოძრაობა „აიდგილარა“ (ერთიანობა), „აიააირა“ („გამარჯვება“), აფხაზეთის დამცველთა კავშირი და სოციალური მოძრაობა „როდინა“. მიუხედავად მრავალფეროვანი და ეკლექტური შემადგენლობისა, ფორუმის ყველა მონაწილე დამფუძნებელი თანხმდება, რომ აფხაზეთი დემოკრატიული და დამოუკიდებელი რესპუბლიკა უნდა გახდეს. 2008 წლის მარტში, როდესაც საზოგადოებრივ - პოლიტიკური მოძრაობა „აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმი“ პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნა, პარტიის თავმჯდომარის, დაურ არშბას განცხადებით, სოციალ - დემოკრატიულ პარტიასთან სრული სტრუქტურული გაერთიანების შემდეგ, პარტიის მთავარ იდეოლოგიურ მიმართულებად სოციალური დემოკრატია ჩამოყალიბდა. 2010 წლისთვის რაულ ხაჯიმბა გახდა პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი, რის შემდეგაც პარტიის იდეოლოგიამ ნაციონალისტური ხასიათი მიიღო. კერძოდ, ხაჯიმბამ ეთნიკურ ქართველებს აუკრძალა აფხაზეთში ჩატარებულ არჩევნებში მონაწიელობის მიღება და, ზოგიერთი წყაროს თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებში მისი ოპონენტის, ალექსანდრე ანქვაბის წინააღმდეგ ბრძოლაში ულტრანაციონალისტების რესურსებს დაეყრდნო.

პარტიის ისტორია (ისტორიული ეტაპები)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005 წლის 8 თებერვალს პარტიებმა და სოციალურ - პოლიტიკურმა მოძრაობებმა: აფხაზეთის სახალხო პარტია, სოციალ-დემოკრატიული პარტია, რესპუბლიკური პარტია აფსნი, სოციალ - პოლიტიკური მოძრაობა „აიდგილარა“ (ერთობა), „აიაირა“ (გამარჯვება, აფხაზეთის დამცველთა კავშირი და სოციალური მოძრაობა „როდინა“), დააარსეს ახალი კავშირი „აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმი“. „აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმმა“ განაცხადა, რომ მოუწოდებს ახლად ჩამოყალიბებულ მთავრობას შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები ძალაუფლების გაყოფის შეთანხმების თანახმად, რომელიც ერთი წლით ადრე პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასა და სერგეი ბაღაფშის მიერ იქნა ხელმოწერილი. ამ შეთანხმების თანახმად, რაულ ხაჯიმბას უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის კონტროლი უნდა ჩაბარებოდა. „აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმის“ დამფუძნებელთა პირველი კრება გაიმართა 7 ოქტომბერს სოხუმში აფხაზეთის დრამატული თეატრის შენობაში, სადაც სოციალურ - პოლიტიკური მოძრაობის „აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმის“ პროგრამა და ქარტია მიიღეს. კრებას აფხაზეთის რეგიონებისა და ქალაქების დელეგატები, ვიცე-პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, პარლამენტის თავმჯდომარე ნუგზარ აშუბა, ვიცე-პრემიერი ლეონიდ ლაკერბაია ესწრებოდნენ. 2005 წლის 10 ოქტომბრისთვის, როგორც დაგეგმილი იყო კავშირის ყრილობაზე, რომელსაც 500-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა, ბლოკი გადაკეთდა სოციალურ - პოლიტიკურ მოძრაობად. მოძრაობის თანათავმჯდომარეებად აირჩიეს ავთანდილ გარცკია, ვიტალი გაბნია და დაურ არშბა. განისაზღვრა ფორუმის ძირითადი მიზნები და ამოცანები, საგარეო და საშინაო პოლიტიკის პრიორიტეტები, თბილისთან და მოსკოვთან ურთიერთობის პრინციპები და ა.შ. 2008 წლის 6 მარტს სოხუმში გაიმართა „აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმის“ ყრილობა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის სხვადასხვა ქალაქებიდან შეკრებილმა 347 დელეგატმა. „აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმი“ გახდა პოლიტიკური პარტია. გადაწყდა, რომ პარტიის სახელი იგივე დარჩენილიყო, რადგან, პარტიის წევრების თქმით, იგი ასახავდა მის არსს და ასევე უკვე ასოცირებული იყო ოპოზიციურ მხარესთან. ამავე ყრილობაზე გაიმართა კონსულტაციები სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან, რომლის დროსაც გადაწყდა ორი პარტიის შერწყმა. შედეგად, „აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმის“ პრიორიტეტული მიმართულება და იდეოლოგია გახდა – სოციალ-დემოკრატიული მრწამსი. არჩევნებამდე 2009 წლის 12 დეკემბერს პარტია გეგმავდა რაულ ხაჯიმბას და ზაურ არძინბას კანდიდატურის წამოყენებას პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის პოსტებზე, მაგრამ პარტიაში არსებული შიდა დაპირისპირების გამო 29 ოქტომბერს დაგეგმილი ყრილობა გაუქმდა, რის შემდეგაც ხაჯიმბამ და არძინბამ ინდივიდუალურად მიიღეს მონაწილოეობა არჩევნებში, რის შედეგად მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს. არჩევნებზე სერგეი ბაღაფშმა გაიმარჯვა. (პარტიის ისტორია 1 - ფოტომასალა) 2010 წლის 12 მაისს გაიმართა პარტიის ყრილობა, სადაც რაულ ხაჯიმბა პარტიის ლიდერი გახდა, თავმჯდომარეების რაოდენობა 2-დან 1-მდე შემცირდა და ვიცე-თავმჯდომარეების რაოდენობა განახევრდა და ორს გაუტოლდა. აქედან გამომდინარე, ხაჯიმბა პარტიის ერთადერთი და სრულუფლებიანი თავმჯდომარე გახდა და მისი მოადგილეები გახდნენ დაურ არშბა და რიტა ლოლუა. 2013 წლის 10 ივლისს, რესპუბლიკური პოლიტიკური პარტია „აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმი“, აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების პარტია „ერთიანი აფხაზეთი“ და აფხაზეთის სახალხო პარტია, საზოგადოებრივი მოძრაობა „აჰატა“, „არუაა“ და „აბაში“ და სამოქალაქო კავშირი „კანონიერების, სტაბილურობისა და დემოკრატიისათვის“ და პატრიოტული მოძრაობა „ახალგაზრდა აფხაზეთი“ ერთობლივ დეკლარაციასა და თანამშრომლობის ხელშეკრულებას აწერენ ხელი. ამავე დროს შეიქმნა „საკოორდინაციო საბჭო“, რომლის ფარგლებშიც გადაწყდა მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე გადაწყვეტილების ერთობლივად მიღება, საერთო ძალებით მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლების დაცვა აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის მიხედვით, საზოგადოებაში კრიზისის დასაძლევად პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების დაგეგმვა, პოლიტიკური ქმედებების ერთობლივად განხორციელება შეთანხმებული პოზიციებიდან და ა.შ. 2014 წლის 24 აგვისტოს რაულ ხაჯიმბამ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 50.57% - ით გაიმარჯვა. 2015 წლის 31 მარტს რაულ ხაჯიმბა ჩაანაცვლა დაურ არშბამ, რომელიც კვლავ „აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმი“-ს პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე გახდა. 2016 წლის 10 ოქტომბერს აფხაზეთის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დაურ არშბა დანიშნა. 2017 წლის 7 თებერვალს „აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმის“ 7 კანდიდატი დე ფაქტო პარლამენტის წევრი გახდა:

  • ვალერი კვარჩია - # 23 საარჩევნო ოლქი (ბალაცკი);
  • აპოლონ გურგულია-No. 30 (კუტოლი);
  • ტიფუნი არძინბა - № 33 (ტყვარჩელი პირველი);
  • ილია გუნია - № 26 (დრანდსკი);
  • კანა კვარჩია - No. 34 (ტყვარჩელი მეორე);
  • აჰრა აბუხბა - № 8 (მაიაკსკოე);
  • თემურ გულია - № 12 (გაგრა).

2018 წლის 19 დეკემბერს სოხუმში რესპუბლიკური პოლიტიკური პარტიის „აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმის“ XIV ყრილობა გაიმართა. პარტია სამ აქტუალურ საკითხს განიხილავდა: სოციალურ-პოლიტიკური სიტუაცია, „აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმი“-ს ახალი ლიდერის და პოლიტსაბჭოს წევრების არჩევა და ყრილობის რეზოლუციის მიღება. კონგრესს ესწრებოდნენ დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, პარლამენტის წევრები, აფხაზეთის მთავრობისა და საზოგადოების წარმომადგენლები. 2019 წლის 24 ივლისს გაიმართა პარტიის ყრილობა დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში რაულ ხაჯიმბას დასახმარებლად. საპრეზიდენტო არჩევნებზე რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა.

შემადგენლობა და რაოდენობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარე არის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საექსპერტო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი და აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ასლან ბარციცი. მმართველი ორგანოა 12 წევრისგან შემდგარი საკოორდინაციო საბჭო.

„აეეფ“-ის მუდმივი მმართველი ორგანოა პოლიტიკური საბჭოს პრეზიდიუმი, რომელიც მოიცავს ფორუმის თანათავმჯდომარეებს, აღმასრულებელ მდივანს, რეგიონული საბჭოებისა და სამდივნოების ხელმძღვანელებს. ფორუმის აღმასრულებელი ორგანოა სამდივნო. 2010 წლის 12 მაისს რაულ ხაჯიმბა პარტიის ლიდერი გახდა და თანამდებობა ეკავა 2015 წლამდე. ვიცე-თავმჯდომარეები იყვნენ რიტა ლოლუა და დაურ არშბა. 2015 წელს პარტიის თავმჯდომარე დაურ არშბა გახლდათ. 2018 წლიდან პარტიას ხელმძღვანელობდა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ასლან ბარციცი.

პარტიის პროგრამა და ქარტია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარტიის პროგრამა და ქარტია ჩამოყალიბდა პარტიის ყრილობაზე 2005 წელს. პარტიის პროგრამაში მითითებულია შემდეგი ძირითადი ამოცანები:

  • საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება;
  • აფხაზურ საზოგადოებაში პოლიტიკური ცოდნის განვითარება; პოლიტიკურ პროცესებში მოსახლეობის უფრო აქტიური და გონივრული მონაწილეობა;
  • სამოქალაქო ძალების გაძლიერება აფხაზეთში საზოგადოების უფლებებისა და ინტერესების დაცვის მისაღწევად, როგორც ეს გათვალისწინებულია საერთაშორისო შეთანხმებებში და აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციაში, საზოგადოების თანხმობის მიღწევა.
  • დემოკრატიის პრინციპების შენარჩუნება და განვითარება, დემოკრატიული საზოგადოების შექმნა, პატრიოტიზმის საფუძველზე-ქვეყნის ენის, ისტორიისა და კულტურის პატივისცემა და დაცვა. საკუთარი და სხვა ეროვნების პატივისცემა.
  • ახალგაზრდული მოძრაობისა და ფრთის შექმნა, ახალგაზრდა თაობის პოლიტიკურ პროცესებში მოზიდვა და მათი პოლიტიკური საქმიანობის განვითარება;
  • საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატების წარდგენა, სახალხო კრების დეპუტატები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები;
  • მითითებულ ორგანოებში არჩევნებში მონაწილეობა, მათ საქმიანობაში ჩართვა და ასევე რეფერენდუმებში მონაწილეობა.

პარტია ასევე მხარს უჭერს ოლიგარქიული კაპიტალის ხელმისაწვდომობის დახურვას აფხაზეთში და მოითხოვს კანონების მიღებას საკუთრებათა ერთ ხელში კონცენტრაციის წინააღმდეგ. ისინი ითხოვენ პრივატიზაციის შეჩერებას დენაციონალიზაციის მოდელის შემუშავებამდე, რაც ხალხის ინტერესების და საჭიროებების დაცვას უზრუნველყოფს.

პარტია მიიჩნევს, რომ აფხაზეთის მთავარი პრობლემაა "მზარდი კრიმინალი არა მარტო საზოგადოებაში, არამედ ხელისუფლებაშიც". აქედან გამომდინარე, ფორუმი მხარს უჭერს პრეზიდენტის დაქვემდებარების ქვეშ ცენტრალიზებული საგამოძიებო კომიტეტის შექმნას, საკუთრების და შემოსავლების დეკლარირების შესახებ კანონის მიღებას და ბიუჯეტის ხარჯის ეფექტიანი კონტროლისათვის შესაბამისი პალატის შექმნას. ასევე, პარტიის ერთ-ერთი მთავარი მიზანია "აფხაზეთის დამოუკიდებლობის" საერთაშორისო აღიარების მიღწევა.

პარტია მიიჩნევს, რომ ყველა მიზნის მისაღწევად საჭიროა რეფორმების ჩატარება, რომლებიც უზრუნველყოფენ „სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობას, გაამყარებენ სახელმწიფოს და სამართლებრივ წესრიგს. ფორუმის აღმასრულებელი ორგანოა სამდივნო.

პარტიის დროშის სიმბოლიკა: პარტიის აბრევიატურა რუსულად «ФНЕА», რომელიც გაერთიანებულია სამი თანაბარი ჰორიზონტალური ზოლით (თეთრი ორ მწვანეს შორის) და პარტიის სრული სახელი აფხაზურად[6].

აფხაზეთის დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახალხო კრება - აფხაზეთის მესამე მოწვევის პარლამენტი (2002-2007)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფხაზეთის პარლამენტის 35 დეპუტატიდან 28 დეპუტატი წარმოადგენდნენ პარტიებს „აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმი“, "აიტაირა", "ამცახარა" და "ერთიანი აფხაზეთი".

სახალხო კრება - მეოთხე მოწვევის აფხაზეთის პარლამენტი (2007-2012)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

"აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმმა" პარლამენტში შვიდი დეპუტატი შეიყვანა.

სახალხო კრება - მეხუთე მოწვევის აფხაზეთის პარლამენტი (2012-2017)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

"აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმ"-მა თითქმის ყველა ოპოზიციური ძალა გააერთიანა და პარლამენტში ოთხი დეპუტატის შეყვანა შეძლო.

სახალხო კრება - აფხაზეთის პარლამენტი (2017-2022)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარტიამ „აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმი" პარლამენტში 6 დეპუტატის შეყვანა შეძლო.

აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარტია აქტიურად მონაწილეობდა აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში: პარტია პოლიტიკური მოღვაწეობის დასაწყისიდან სტაბილურად მხარს უჭერდა მხოლოდ ერთ კანდიდატს, რომელიც მოგვიანებით გახდა პარტიის თანათავმჯდომარე და შემდეგ „აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმი“-ს თავმჯდომარე - რაულ ხაჯიმბას.

„აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმ“-მა მხარი დაუჭირა რაულ ხაჯიმბას კანდიდატურას სოციალურ - პოლიტიკურ მოძრაობის სახელით, მაგრამ კანდიდატმა ვერ მიიღო საკმარისი ხმების რაოდენობა.

არჩევნებამდე 2009 წლის 12 დეკემბერს, პოლიტიკურმა პარტიამ რაულ ხაჯიმბას და ზაურ არძინბას კანდიდატურა წარადგინა, თუმცა პარტიაში არსებული შიდა წინააღმდეგობებისა და იმ დაპირისპირების გამო, 29 ოქტომბერს დაგეგმილი ყრილობა გაუქმდა, რის შემდეგაც ხაჯიმბა და არძინბა ცალ-ცალკე გავიდნენ არჩევნებზე და მე-2 და მე-3 ადგილები დაიკავეს.

„აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმი“ პრეზიდენტის პოსტზე რაულ ხაჯიმბას კანდიდატურას მხარს უჭერდა. მაგრამ ხაჯიმბამ ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო.

ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დროს პარტიამ მხარი დაუჭირა თავისი თავმჯდომარის რაულ ხაჯიმბას კანდიდატურას. რაც მას ხმების 50,57%-ის მოპოვებაში და არჩევნებში გამარჯვებაში დაეხმარა.

პარტიამ მხარი დაუჭირა რაულ ხაჯიმბას კანდიდატურას, რომელმაც ხმების 4,7.39%-ით გაიმარჯვა.

ურთიერთობა სხვა პარტიებთან

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სხვა პარტიებთან ურთიერთობა პარტიის ჩამოყალიბებისთანავე დაიწყო, რადგან "ეროვნული ერთიანობის ფორუმი“ სხვადასხვა პარტიების შერწყმისა და კონსოლიდაციის შედეგად დაფუძნდა.

ოპოზიციაში საქმიანობის დროს „აეეფ“ ლიდერები გაერთიანებულნი იყვნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და მოძრაობების საკოორდინაციო საბჭოში. საბჭო აერთიანებდა შემდეგ ძალებს: "აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმი", აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების პარტია "ერთიანი აფხაზეთი" და აფხაზეთის სახალხო პარტია, საზოგადოებრივი მოძრაობა "აჰატა", "არუაა" და "აბაში" და სამოქალაქო კავშირი "კანონის უზენაესობისთვის, სტაბილურობისა და დემოკრატიისათვის "და პატრიოტული მოძრაობა"ახალგაზრდა აფხაზეთი". ყველა აღნიშნულმა პარტიამ ხელი მოაწერა თანამშრომლობის ხელშეკრულებას ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმისა და სამოქმედო პროგრამის შემუშავების შესახებ. საკოორდინაციო საბჭო გეგმავდა ერთობლივი პოლიტიკური პლატფორმის ჩამოყალიბებას, რომელიც მიზნად დაისახავდა: საზოგადოებაში კრიზისების დაძლევასა და პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების ჩატარებისთვის შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფას, ქვეყანაში სოციალურ-პოლიტიკური სიტუაციის შესახებ კოორდინირებული პოზიციებით გამოსვლასა და სახელმწიფო მოწყობის შესახებ აქტუალური საკითხებზე ერთობლივი გადაწყვეტილებების შემუშავებას, პოლიტიკური ქმედებების ერთობლივად განხორციელებასა და მთავრობასთან დიალოგის წარმოებას, საერთო ძალისხმევით აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის შესაბამისად მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Кучуберия, Анжела (2005-02-09). „В Абхазии создан Форум народного единства, в который вошли двенадцать партий и движений республики“. Кавказский узел. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-11. ციტირების თარიღი: 2010-09-25.
  2. Кучуберия, Анжела (2005-10-07). „Абхазская оппозиция создала Общественно-политическое движение "Форум Народного единства Абхазии". Кавказский узел. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-11. ციტირების თარიღი: 2010-09-25.
  3. Кучуберия, Анжела (2008-03-06). „Общественно-политическое движение "Форум народного единства Абхазии" стало политической партией“. Кавказский узел. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-11. ციტირების თარიღი: 2010-09-25.
  4. АЛЛЕНОВА, ОЛЬГА (2009-11-02). „Сергей Багапш столкнется с поддержанными конкурентами“. Kommersant.
  5. Кучуберия, Анжела. (13 May 2010) Рауль Хаджимба возглавил оппозиционный "Форум народного единства Абхазии". Caucasian Knot. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 აგვისტო 2011. ციტირების თარიღი: 25 სექტემბერი 2010.
  6. Комментарии пресс-службы Республиканской политической партии «Форум народного единства Абхазии» к Обращению А.З. Анкваб, aiaaira.com, 21.01.2020. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25.02.2020. ციტირების თარიღი: 25.02.2020.