შინაარსზე გადასვლა

ატმის ბუგრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ატმის ბუგრი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ნახევრადხეშეშფრთიანები
ოჯახი:  ბუგრისებრნი
გვარი:  Myzus
სახეობა:  ატმის ბუგრი
ლათინური სახელი
Myzus persicae (Sulzer, 1776)

ატმის ბუგრი, ატმის მწვანე ბუგრი,[1] თამბაქოს ბუგრი (ლათ. Myzus persicae) — მავნე მწერი ბუგრისებრთა ოჯახისა. მცენარეთა მავნებელია, თუმცა გარდა მათი დაზიანებისა, ვირუსულ დაავადებასაც ავრცელებს. საქართველოში იგი სახლობს ატამზე, გარგარზე, ალუბალზე, ბალზე, ლეღვზე, მსხალზე, თამბაქოზე, კარტოფილზე, ჭარხალზე და სხვა. ამ კულტურებს თითქმის ყველა მწვანე ორგანოს უზიანებს. ატმის საფოთლე კვირტების გაშლისთანავე გამოზამთრებული კვერცხებიდან იწყება მატლების გამოჩეკვა, რომლებიც ამ კულტურის ფოთლებით და ყლორტებით იკვებებიან და 3–4 უფრთო პართენოგენურ თაობას იძლევიან. ივნისის ბოლოს ან ივლისის დასაწყისში ბუგრის კოლონიებში ჩნდებიან ფრთიანი ფორმები, რომლებიც სხვა ხეხილოვან და ბალახოვან მცენარეებზე გადადიან, იქ შემოდგომამდე რჩებიან და მრავლდებიან. მწერის ცხოვრებაში არსებითი მნიშვნელობა აქვს ჰაერის ტენიანობას და მკვებავი მცენარის ფოთლის მდებარეობას, რითაც უნდა აიხსნას ის გარემოება, რომ ატმის ბუგრი მიგრირებს კურკოვანი კულტურებიდან ბალახოვნებზე, ბოსტნეულ და ტექნიკურ კულტურებზე, რომლებიც ამ დრიოსათვის მისი კვებისა და გამრავლებისათვის უფრო ხელსაყრელია. ბუგრი აღმოსავლეთ საქართველოში, ზაფხულთან შედარებით, გაზაფხულსა და შემოდგომაზე უფრო ინტენსიურად მრავლდება. შავი ზღვის სანაპიროზე კი პირიქით — ბუგრის განვითარებისა და გამრავლებისათვის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია ზაფხული, განსაკუთრებით კი მისი მეორე ნახევარი.[2]

ებრძვიან სხვადასხვა მეთოდით: სასარგებლო მწერების მოსაზიდად ნექტარის მომცემ მცენარეებს თესენ ნაკვეთის ირგვლივ, იყენებენ პესტიციდებს.[2]

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 665.
  2. 2.0 2.1 ლობჟანიძე მზაღო, ტყებუჩავა ზაირა, სასოფლო-სამეურნეო კულტურების ძირითადი მავნებლები და მათთან ბრძოლის ღონისძიებები, თბ.: საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი, 2009. — გვ. 23–24.