არჩილ მეფის მარტვილობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არჩილ მეფის მარტვილობა — ქართული ჰაგიოგრაფიული თხზულება, რომელიც არჩილის მოწამეობრივ აღსასრულ მოგვითხრობს. ეს არის მოკლე ნაწარმოები, რომელიც „ქართლის ცხოვრების“[1][2] პირველ რედაქტორს შეუტანია ისტორიკოს ჯუანშერის თხზულებაში იქ, სადაც ლაპარაკია არჩილის შესახებ, და თან დაუმატებია: „წიგნი ესე იპოვა ესრეთ სულ მცირედ აღწერილი, რომელ ჟამთა შლილობითა ჯერისაებრ ვერვის აუწერიაო“.

თხზულების ავტორი არის XI საუკუნის ისტორიკოსი ლეონტი მროველი. ამ თხზულების დაწერისას მას ხელთ ჰქონდა უმთავრესად ჯუანშერის ნაშრომი. თხზულება შინაარსით მწირია, ჩანს, მეტი ცნობები ამ ეპოქიდან არც ლეონტის დროს არსებობდა, თორემ თუ ის არა, ჯუანშერი მაინც შეიტანდა თავის ისტორიაში. ლეონტის ეს შრომა შემდეგ უცნობ ჰაგიოგრაფს გაუვრცია. ამ გადამეტაფრასებულ რედაქციას ეწოდება „შესხმაჲ და წამებაჲ წმიდისა და დიდებულისა მოწამისა არჩილისა მეფისა“.[3][4] შესხმა იწყება ვრცელი შესავლით, რომელიც შედგენილია ჩვეულებრივი აგიოგრაფიული შაბლონით. ავტორი არჩილის ისტორიას წყვეტს ფეოდალური ხანის აზროვნებისათვის დამახასიათებელი შენიშვნით მისი მოწამეობრივი ღვაწლის შესახებ: „არა სადა სმენილ არს თჳთმპყრობელთა მეფეთა მოწამეობაჲ, სხვაჲ არს სისხლი მეფისაჲ და სხუაჲ მთავრისაჲ და სხუაჲ მონისაო“. პირველი ნაწილი არჩილის ისტორიისა შედგენილია დავით და კონსტანტინეს ცხოვრების მიხედვით. აქ თითქმის სიტყვა-სიტყვით გამეორებულია მურვან ყრუს საქართველოში მოსვლის შესახებ ყველაფერი ის, რაც დავით და კონსტანტინეს ცხოვრებაშია მოთხრობილი. მურვან ყრუ აქაც მაჰმადის დისწულადაა გამოყვანილი, როგორც დავით და კონსტანტინეს ცხოვრებაში. ამის შემდეგ მოყვანილია, თითქმის უცვლელად, ლეონტი მროველის მიერ აღწერილი არჩილის ცხოვრება. ისტორია მთავრდება მოკლე დარიგებით: ვნატრიდეთ გვირგვინოსანი მეფის ღვაწლს და ვბაძავდეთ მას. ასეთია ამ თხზულების შედგენილობა. მისი ავტორი უცნობია. ის მხოლოდ შენიშნავს: „ვიკადრე მეცა უნდომან და გლახაკმან ამან აღწერად მისთჳს ძალისაებრ ჩემისაო“. თხზულების დაწერის თარიღად ვარაუდობენ XII საუკუნეს, უფრო მის მეორე ნახევარს. ჰაგიოგრაფს იმ დროის საქართველოს სურათი გადააქვს არჩილის მეფობაში, როდესაც ამბობს: „ეპყრა მას საზღუარნი ყოვლისა საქართველოჲსანი ანაკოფსით ვიდრე დარუბანდამდეო“. ნაწარმოების ლიტერატურული ენა არის უბრალო და მარტივი, ყოველ შემთხვევაში, აქ ჩვენ ვხედავთ პეტრიწონული სკოლის ხელოვნურ სქოლასტიკურ ნორმებს, რომელთაც დიდი ადგილი ეკავათ განსაკუთრებით მეტაფრასულ ჰაგიოგრაფიაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კორნელი კეკელიძე, ალექსანდრე ბარამიძე, ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. I, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1954. — გვ. 90-91.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ექვთიმე თაყაიშვილი, ქართლის ცხოვრება მარიამ დედოფლისა, 1906, გვ. 211-215
  2. ექვთიმე თაყაიშვილი, ქართლის ცხოვრება ანა დედოფლისა, 1906, გვ. 157-159
  3. მ. ჯანაშვილი, ქართული მწერლობა, ტ. I, გვ.253-292
  4. ს. ყუბანეიშვილი, ქრესტომათია, ტ. I, გვ. 249-252