ამირან დანელია
ამირან იოსების ძე დანელია (დ. 15 მარტი (ან 16[1]), 1923, ფოთი — გ. 6 თებერვალი, 1979, იქვე) — ქართველი სამხედრო მოსამსახურე, საბჭოთა კავშირის არმიის გვარდიის უფროსი სერჟანტი (მსროლელი-მეტყვიამფრქვევე), საბჭოთა კავშირის გმირი (10 აპრილი, 1945).[2] სკკპ წევრი 1947 წლიდან.[1]
დაიბადა მუშის ოჯახში. დაამთავრა 5 კლასი[1] და ფოთის საზღვაო სასწავლებელი (1939). 1942 წლის ივნისიდან მოქმედ არმიაში იყო.[2] იყო 53-ე საგვარდიო სატანკო ბრიგადის მე-2 სატანკო ბატალიონის ტანკის მსროლელი-მეტყვიამფრქვევე (მე-6 საგვარდიო სატანკო კორპუსი, მე-3 საგვარდიო სატანკო არმია, უკრაინის I ფრონტი). კომკავშირელი გვარდიის უფროსი სერჟანტი დანელია 1945 წლის 20 იანვარს ქალაქ ვერუშუვისათვის (პოლონეთი) გამართულ ბრძოლებში ტანკით ერთ-ერთმა პირველმა გადალახა მდინარე პროსნა. გერმანიის საზღვრის გადაკვეთის შემდეგ მოხვდა მოწინააღმდეგის ტანკებთან და არტილერიასთან ბრძოლაში. ჩაანაცვლა მოკლული ტანკისა და ქვემეხის მეთაურები და გაანადგურა მტრის ტანკი და 2 ქვემეხი. როდესაც მძღოლ-მექანიკოსიც მოკლეს, ცეცხლმოკიდებული ტანკი მოწინააღმდეგის ქვემეხისაკენ მიმართა და გაანადგურა იგი თავის ჯგუფეულიანად. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1945 წლის 10 აპრილს.[1]
დემობილიზაციის (1947 ან 1945) შემდეგ ცხოვრობდა ფოთში.[2] მუშაობდა წისქვილკომბინატში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მ. შ. ლენინის ორდენი და მედლები. მის სახელს ატარებს ერთ-ერთი ქუჩა ქალაქ ფოთში.[1]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ამირან დანელია — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ამირან დანელია საიტზე „ქვეყნის გმირები“ (რუსული).