შინაარსზე გადასვლა

ალექსანდრე მიასნიკოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრე მიასნიკოვი
სომხ. Ալեքսանդր Ֆյոդորի Մյասնիկյան
დაბადების თარიღი 28 იანვარი (9 თებერვალი), 1886[1]
დაბადების ადგილი დონის ნახიჩევანი, რუსეთის იმპერია[1]
გარდაცვალების თარიღი 22 მარტი, 1925(1925-03-22)[1] (39 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი[1]
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 სსრკ
განათლება მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი[1]

ალექსანდრე თედორეს ძე მიასნიკოვი (ნამდვილი გვარია მიასნიკიანი, ფსევდონიმი — მარტუნი, სომხ. Ալեքսանդր Ֆյոդորի Մյասնիկյան; დ. 28 იანვარი (9 თებერვალი), 1886, დონის ნახიჩევანი — გ. 22 მარტი, 1925, თბილისი, საქართველოს სსრ) — საბჭოთა სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე, ლიტერატორი. კომპარტიის წევრი (1906 წლიდან).

ალექსანდრე მიასნიკოვი დაიბადა 1886 წელს დონის ნახიჩევანში. საშუალო განათლება მან ნახიჩევნის სომხურ სასულიერო სემინარიაში მიიღო, რომლის დამთავრების შემდეგ შევიდა ლაზარევის აღმოსავლეთის ენათა ინსტიტუტის მე-7 კლასში, მოსკოვში. 1906 წელს ლაზარევის ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ შევიდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1911 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი.

რევოლუციურ მოძრაობაში ჩართული იყო 1904 წლიდან. 1906 წელს დააპატიმრეს და გადაასახლეს. მუშაობდა ბაქოში. 1912-1914 წლებში იყო ნაფიცი მსაჯულის თანაშემწე. 1914 წლიდან იმყოფებოდა დასავლეთის ფრონტზე, სადაც რევოლუციურ პროპაგანდას ეწეოდა ჯარისკაცთა შორის.

იყო რსდმპ (ბ) VI ყრილობის დელეგატი, სადაც გამოვიდა სიტყვით ფრონტზე მდგომარეობის შესახებ. 1917 წელს ფრონტის სარდალი იყო. 1919 წელს ბელორუსიის ცაკის თავმჯდომარე, ბელორუსიის კპ (ბ) ცენტრალური ბიუროს თავმჯდომარე, 1919-1921 წლებში რკპ (ბ) მოსკოვის კომიტეტის სამხედრო ორგანიზატორი, შემდეგ მდივანი. 1920 წელს ფრონტის პოლიტსამმართველოს უფროსი. 1921 წელს სომხეთის სსრ-ის სახკომსაბჭოს თავმჯდომარე და სამხედრო საქმეების სახელმწიფო კომისარი, ერთდროულად ამიერკავკასიის სფსრ-ის სახკომსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, რკპ (ბ) ცკ-ის კავკასიის ბიუროს წევრი. 1922 წლიდან ამიერკავკასიის სფსრ-ის სამოკავშირეო საბჭოს თავმჯდომარე. შემდეგ რკპ (ბ) ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის პირველი მდივანი. ერთდროულად გაზეთ „ზარია ვოსტოკას“ რედაქტორი, სსრკ რევოლუციური სამხარეო საბჭოს წევრი. სსრკ ცაკის წევრი. პარტიის XII-XIII ყრილობებზე აირჩიეს რკპ (ბ) ცკ-ის წევრობის კანდიდატად.

დაიღუპა 1925 წლის 22 მარტს თბილისთან ახლოს მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად. ასევე დაიღუპნენ მასთან ერთად ბორტზე მყოფი გ. ათარბეგოვი და ს. მოგილევსკიც.

აქვს შრომები მარქსიზმ-ლენინიზმის თეორიის, რევოლუციური მოძრაობის ისტორიასა და სომხეთის ლიტერატურის საკითხებზე.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Հայկական սովետական հանրագիտարանԵրևան: 1981. — ტ. 7. — გვ. 646–647.