შინაარსზე გადასვლა

ღადო (მთა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ღადო, ღადოს მთალიხის ქედის ერთი მონაკვეთის დასახელება შუა საუკუნეების ქართული წყაროების მიხედვით. „ცხოვრება ქართუელთა მეფეთას“ მიხედვით ღადოს მთა ქართლოსის სამფლობელოს ჩრდილოეთ საზღვარს წარმოადგენდა.

ივანე ჯავახიშვილის სიტყვებით ამ ლიხის მთას სულ სამხრეთ-დასავლეთისკენა აქვს მიმართულება არჯევანის მთამდე, რომელიც ვითარცა თრიალეთის მთების წვერი აღმოსავლეთით დასავლეთისაკენ მიმდინარე ლიხის მთას დასავლეთით უდგება და იმასთან ერთად ბორჯომის ვიწრო ხეობას ჰქმნის. ამ ადგილითგან მოყოლებული ლიხის მთების მიმართულება ერთბაშად იცვლება და პირს დასავლეთისაკენ იქცევს. ლიხის მთების ამ გაგრძელებას ღადო ერქვა. ლეონტი მროველი ამბობს, რომ ქართლოსის სამფლობელოს მესხეთში ჰქონდა „ჩრდილოთ საზღუარი ღადო, მთა მცირე, რომელი გამოვალს ჰშტოდ კავკასიისაგან და მოჰკიდავს წუერი ღადოსი დასასრულსა (მთისასა), რომელსა ჰქჳან ლიხია“.

ამ ნაწყვეტითგან მაინცა-და-მაინც ცხადად ჩანს, რომ ლიხის მთა და ღადო ერთმანეთის პირდაპირს გაგრძელებას შეადგენენ, ერთი უღელტეხილის ნაწილები არიან.