Villeroy & Boch

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დაფუძნდა 1748
დამაარსებელი ფრანსუა ბოხი, ნიკოლას ვილერუა
მდებარეობა მეტლახი, გერმანია
საიტი villeroy-boch.com

Villeroy & Boch — კერამიკის მწარმოებელი ტრანსნაციონალური კომპანია სათაო ოფისით გერმანიის ქალაქ მეტლახში. 2016 წელს კომპანია წარმოდგენილი იყო მსოფლიოს 125 ქვეყანაში 172 მილიონიანი ევროს კაპიტალით და 14 საწარმოო მოედნით ევროპაში, აზიასა და ამერიკაში, რომლის მნიშვნელოვან წილს აკონტროლებს ბოხ-გალაუს ოჯახის მე-8 და მე-9 თაობა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომპანია ვილეროი და ბოხი ჩამოყალიბდა 1836 წელს ფაიფურისა და ფაიანსის მწარმოებელი მეწარმეების ჟან ფრანსუა ბოხისა და ნიკოლას ვილერუას საოჯახო წარმოებების გაერთიანებით. თუმცა კომპანიის ისტორიის ათვლას იწყებენ 1748 წლიდან, როცა სამეფო კარის ზარბაზნის ფოლადჩამომსხმელმა, ფრანგული არმიის ყუმბარების მიმწოდებელმა და „სამეფო ბომბარდირის“ საპატიო ტიტულის მფლობელმა ფრანსუა ბოხმა დააარსა კერამიკული საწარმო ოდიუნ-ლე-ტიჩში, რომელიც წმინდა რომის იმპერიის შემადგენლობაში, ლოტარინგიის საჰერცოგოში მდებარეობდა.

ბოხების ჭურჭლის სახელოსნო ოდენ-ლე-ტიშში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჭურჭლის პირველი სახელოსნო, სადაც მუშაობდნენ ფრანსუა ბოხი და მისი ვაჟები - უფროსი ჟან-ფრანსუა, შუათნა დომინიკი და უმცროსი პიერ-ჟოზეფი - გაიხსნა ყოფილი სამჭედლოს შენობაში. სახელოსნოში აწარმოებდნენ ფაიანსის სხვადსხვა ჭურჭელს ე.წ. „ბურჟუების ფაიფურს“ - რამდენადაც XVIII საუკუნის პირველ ნახევარში ფაიფური, ძირითადად ჩინეთიდან შემოდიოდა და ხელი მხოლოდ პრივილეგირებულ და სამეფო პერსონებს მიუწვდებოდათ. ბოხების ნაწარმზე დიდი მოთხოვნილება იყო, სახელოსნო მნიშვნელოვნად გაფართოვდა და ფრანსუა ბოხმა ვაჟების დასახმარებლად ადგილობრივი მცხოვრებლები დაიქირავა.

ფრანსუა ბოხი ოდენ-ლე-ტიშის მცხოვრებთა შორის დიდი პატივისცემით სარგებლობდა, შედეგად იგი ქალაქის მერი გახდა და 1754 წელს გარდაიცვალა. მისი სიკვდილის შემდეგ ვაჟიშვილებმა შექმნეს კომპანია Jean-François Boch et Frères (ჟან-ფრანსუა ბოხი და ძმები) უფროსი ძმის სახელით და გაინაწილეს მოვალეობები: ჟან-ფრანსუა უხელმძღვანელებდა ფირმას, დომინიკი იზრუნებდა ტექნოლოგიის სრულყოფაზე, პიერ-ჟოზეფი - წარმოების მართვაზე. 1766 წელს ლოთარინგია საფრანგეთის ხელში გადავიდა და ძმები აღმოჩნდნენ მრავალრიცხოვანი ფრანგული მეწარმეების კონკურენციის წინაშე. თუმცა ამ დროისათვის ჟან-ფრანსუამ მოიპოვა საღვთო რომის იმპერიის იმპერატრიცის მარია ტერეზას კეთილგანწყობა და მიიღო ნებართვა მიიღო აეშენებინა ახალი ფაბრიკა დედაქალაქთან ახლოს სეტფონტენში. ძმებმა დატოვეს ოდენ-ლე-ტიში, სახელოსნოს კი ოჯახი ამუშავებდა 1870 წლამდე.

ბოხების ფაბრიკა სეტფონტენში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოხებს იმპერატრიცა მფარველობდა, უბოძა რა „საიმპერატორო და სამეფო მანუფაქტურის ტიტული, ნება დართო გამოეყენებინათ იმპერიის გერბი, გაათავისუფლა გადასახადებისაგან. სეტფონტენს ხელსაყრელი სატრანსპორტო მდებარეობა ეკავა. მდინარეების საარის, მოზელისა და რაინის სიახლოვემ საშუალება მისცა მოეწესრიგებინათ ნედლეულის მიწოდებისა და საქონლის გადაზიდვის გადატანა. წარმადობის გასაზრდელად ძმებმა თავად შექმნეს ახალი გამოსაწვავი ღუმელი და 1780 წელს სეტფონტენის ფაბრიკაში უკვე 300 კაცი მუშაობდა. ბოხების კერამიკული წარმოება ყვაოდა, მოგება საშუალებას აძლევდა შეეძინათ მიწები ფაბიკის სიახლოვეს და აეშენებინათ საგვარეულო ციხე-სიმაგრე. 1770 წელს სეტფონტენში დაიწყეს ჭურჭლის მოხატვა Villeroy & Boch -ის კლასიკური დატოტვილი უზორით, რომელსაც შემდგომში ეწოდა „ძველი ლუქსემბურგი“.

საფრანგეთის რევოლუციის ფონზე 1792 წელს ძმებმა ქონება გაიყვეს და სეტფონტენი გადავიდა პიერ-ჟოზეფის სრულ საკუთრებაში. ორი წლის შემდეგ საფრანგეთის რევოლუციურმა არმიამ დაიკავა ლუქსემბურგი. ბოხები იძულებულები იყვნენ გაქცეულიყვნენ და მათი წარმოება ჯარისკაცებმა გაანადგურეს. კომპანიის ზარალმა იმდროისათვის უზარმაზარი თანხას მიაღწია: 648 ათასი ფრანკი. დაბრუნების შემდეგ პირ-ჟოზეფმა სამ წელიწადში აღადგინა წარმოება და 1802 წელს ბოხების ნაწარმი უკვე გავიდა პარიზის სამრეწველო გამოფენაზე. მოგვიანებით, როცა ნაპოლეონმა ინგლისს ეკონომიკური ბლოკადა მოუწყო, ბოსხებმა დიდი მოგება მიიღეს, რადგან ევროპის ბაზრები დაიკეტა ინგლისური ფაიფურის და ფაიანსისათვის. 1811 წლისთვის სეტფონტენის ფაბრიკაში 150 მუშა მუშაობდა.

თანამშრომლებისათვის, რომლებიც ფაბრიკის აღდგენაზე უსასყიდლოდ მუშაობდნენ, მადლობის ნიშნად პიერ-ჟოზეფმა 1812 წელს შექმნა დაზღვევის პროგრამა „ანტუანის გილდია“ წმ.ანტუან პადუელის სახელზე, რომელიც მეთუნეთა მფარველად ითვლებოდა.“გილდიის“ ფონდი ბოხების მუშებს უზრუნველყოფდა ავდმყოფობისა და შრომისუუნარობის შემთხვევაში, პენსიით და დაკრძალვის ხარჯებითაც კი. ამბობენ, რომ გერმანიის პირველი რაიხსკანცლერი ოტო ფონ ბისმარკი სოციალური უზრუნველყოფის სახელმწიფო სისტემის შექმნისას ორიენტირებული იყო პიერ-ჟოზეფ ბოხის „ანტუანის გილდიის“ მოდელზე.

ჟან-ფრანსუა ბოხის ფაბრიკა მეტლახში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პიერ-ჟოზეფის ვაჟმა ჟან ფრანსუა ბოხმა განათლება პარიზში მიიღო და სანამ მამისეულ წარმოებას მემკვიდრეობად მიიღებდა, მდ. საარზე ქალაქ მეტლახის ახლოს დააარსა საკუთარი ფაბრიკა. საწარმოს ასაწყობად მეტლახის სააბატოსგან შეიძინა შენობა, რომელიც ფრანგულმა ხელისუფლებამ სეკულარიზაციის პოლიტიკის ჩარჩოებში ჩამოართვა ბენედიქტელებს 1794 წელს და აუქციონზე გაიყიდა. ახალ ფაბრიკაში თავიდანვე ინერგებოდა ტექნიკური სიახლეები, მათშორის თვით ჟან-ფრანსუას გამოგონება - ფაიფურის წარმოებისთვის საჭირო ნახშირის ღუმელი, პირომეტრი (ტემპერატურის უკონტაქტო საზომი),რაც უადვილებდა მუშებს გამოწვის ტემპერატურის დარეგულირებას, ნაკეთობის დასამზადებელი თიხის დამჭრელი მექანიზმი. ასეთი აღჭურვილობები ინგლისელ მეწარმეებსაც კი არ ჰქონდათ. წარმოების მექანიზაციისთვის იყენებდნენ ახლომდებარე წყაროს წყლის ძალას, ნედლეული და პროდუზქია იგზავნებოდა მდ. საარით.

საწყის ეტაპზე ფაბრიკას ფინანსურად უჭირდა და ჟან-ფრანსუას მოუწია ესარგებლა ცოლის ანა ბუშმანის ქონებით, რომელიც ბელგიელი ტყავის მრეწველის შვილი იყო და ამ პერიოდში ნაწარმი გამოდიოდა მარკით Boch-Buschmann. ბოხის დამატებით შემოსავლის წყარო გახდა ვაჭრობა მოზელის ღვინით, რომლის წყალობითაც გაიცნო ნიკოლას ვილერუა, რომლის ფაიანსის ფაბრიკა მისი საწარმოდან რამდენიმე მილის მოშორებით მდებარეობდა. მიბაძა რა მამის მაგალითს, 1819 წელს ჟან-ფრანსუამაც დააარსა ანტუანის გილდია მეტლახელი მუშებისთვის, ეხმარებოდა ავადმყოფებს, ქვრივებსა და ობლებს. მანვე დააარსა ბანკი, სათამაშო სახლი და სამკითხველო დარბაზი.

წარმოება ვითარდებოდა, თანამშრომელთა რიცხვმა 150 მიაღწია, ხოლო 1822 წელს ბერლინის გამოყენებითი ხელოვნების გამოფენაზე მეტლახის პროდუქციამ მოიპოვა ერთადერთი ოქროს მედალი კერამკული ნაკეთობების კატეგორიაში. ორი წლის შემდეგ ჟან-ფრანსუამ შეიმუშავა კერამიკულ ჭურჭელზე მონოქრომული გამოსახულების გადატანის მეთოდი, რის საშუალებითაც გამოსახულება ემალის ქვეშ მოექცა. მალე კი აითვისა ნაკეთობაზე ფერადი ბეჭდვა. 1827 წელს თიხასა და მინდვრის შპატზე ექსპერიმენტით მიიღო კერამოგრანიტი - მასალა, რომელშიც სიმტკიცე და ცვეთამედეგობა ერწყმის ჩინური ფაიფურის სიქათქათეს. პიერ-ჟოზეფ ბოხისა და მისი მეორე ვაჟის სიკვდილის შემდეგ (1818 და 1827წწ) ჟან-ფრანსუას საკუთრებაში გადავიდა სეტფონტენის საოჯახო ფაბრიკა.

ნიკოლას ვილერუას ფაბრიკა ვალერფანგენში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქ მეცის მკვიდრმა ნიკოლას ვილერუამ მარილის ვაჭრობით დააგროვა ქონება და 1780-იანი წლების ბოლოს ფრაუნბერგის კერამიკული ქარხნის თანამფლობელი გახდა, სადაც ამზადებდნენ ფაიფურის მსგავს ფილებს. 1791 წელს წარმოება გადაიტანეს ვალერფანგენში მდინარე საარის ნაპირზე - ნედლეულის წყაროსა და სატრანსპორტო გზის სიახლოვეს.

6 წლის შემდეგ ვილერუამ გამოისყიდა პარტნიორთა წილი და ფაბრიკის ერთპიროვნული მფლობელი გახდა, ერთ წლიწადში კი შეიძინა ახლომდებარე ქვანახშირის შახტა და 1800 წელს დანერგა ნახშირზე მომუშავე ღუმელები. ვილერუა აქტიურად იზიარებდა ინგლისელი მეწარმეების გამოცდილებას და 1815 წელს - ჟან-ფრანსუა ბოხზე გაცილებით ადრე ინგლისელი ჯონ ლეის ხელმძღვანელობით ფაბრიკასთან დააარსა ღრმა ბეჭდვის სახელოსნო, სადაც ჭურჭელზე გამოსახულება გადაჰქონდათ ინგლისური ტექნოლოგიით.

ნიკოლას ვილერუასა და ჟან-ფრანსუა ბოხის ნაცნობობა თანდაღან მეგობრობასა და საქმიან თანამშრომლობაში გადაიზარდა. მეწარმეები ერთად ამზადებდნენ სამრეწველო ნედლეულს და მზა პროდუქციის გადასაგზვანად იყენებდნენ მანჰეიმში ვილერუას სასაწყობე ფართს. ბოხის მიბაძვით ვალერფანგენის ფაბრიკაში ვილერუამაც დააფუძნა ანტუანის გილდია. ნაპოლეონის წამოწყებული კონტინენტური ბლოკადის დამთავრების შემდეგ ინგლისის კერამიკის მწარმოებლების მხრიდან კონკურენციის ზრდამ მეწარმეებს მიაღებინა გადაწყვეტილება გაეერთიანებინათ ნიკოლას ვილერუას სავაჭრო გამოცდილება და ჟან-ფრანსუა ბოხის ტექნოლოგიების ცოდნა. 1836 წლის 14 აპრილს ბოხების ქალაქ ფრემერსდორფში, კუთვნილ წყლის წისქვილში შედგა ერთობლივი წარმოების დაფუძნების შეთანხმება სახელით Villeroy & Boch. ეს კავშირი 1842 წელს გაამყარა ჟან-ფრანსუას ვაჟის ეჟენ ბოხისა და ნიკოლას ვილერუას შვილიშვილის ოქტავიას ქორწინებამ.

XIX საუკუნის შუაწლები - მეორე ნახევარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1840- იან წლებში ჟან-ფრანსუა ბოხმა მეტლახის ფაბრიკის მმართველობა გადასცა ეჟენს, თავად კი ორიენტაცია აიღო წარმოების განვითარებაზე სტენფოტენში, ვალერფანგენის ფაბრიკას კი სათავეში ჩაუდგა ალფრედ ვილერუა - ნიკოლასის შვილიშვილი. ორი ათეული წლის განმავლობაში გაერთიანებულ კომპანიერბს ხელმძღვანელობდა ორი ადამიანი - ვილერუასა და ბოხის ოჯახების წარმომადგენლები (1866 წლიდან კომპანის ეჟენი ერთპიროვნულად ხელმძღვანელობდა). ფრანგულ ბაზარზე დამკვიდრების მიზნით დააარსა რა ფაბრიკა ლა ლუვრი ქ. სარგემინში (ქალაქი საფრანგეთში, მოზელის დეპარტამენტი), შეიძინა ძველი ფაიფურის ფაბრიკა ტურინში, ვადჰესენის ბროლის ქარხანა ჩადო დრეზდენისა და ვალერფანგენის ახალ კერამიკულ წარმოებაში, სადაც გააჩაღა ძვლიანი ფაიფურის წარმოება. ამით თავი აარიდა ბელგიიდან შეტანილ საქონელზე დიდ გადასახადებს და Villeroy & Boch 1840-იან წლებში შევიდა სავაჭრო ასოციაციში. კომპანიამ ადგილი დაიმკვიდრა გერმანიის ყველა მსხვილ ქალაქში, აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ევროპაში, რუსეთის იმპერიაში, 1848 წელს Villeroy & Boch-ის პროდუქცია ლონდონში წარადგინეს. 40-იანი წლების ბოლოს მათი ნაწარმი ზღვით გაიგზავნა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში.

გერმანიის ინდუსტრიალიზაცია და სარკინიგზო ქსელის განვითარება ხელს უწყობდა ვილერუაებისა და ბოხების ბიზნესის გაფართოებას. რკინიგზის სადგური პირველად დრეზდენში გაჩნდა, მოგვიანებით - 1860-იან წლებში ტრირიდან საარბრიუკენში მეტლახის გავლით. 1883 წელს კომპანიამ კერამიკულიფაბრიკა იყიდა შრამბერგში, რომელიც მიმდინარე წლის განმავლობაში მხოლოდ Villeroy & Boch-ის პროდუქციას აწარმოებდა და აქ მოაწყო მაიოლიკის საწარმო. გარდა ამისა, XIX საუკუნის ბოლოს საცხოვრებლებში წყალგაყვანილობის განვითარებასთან დაკავშირებით მერციგის, ვალერფანგენისა და დრეზდენის ფაბრიკებში დანერგა შლიკერული ჩამოსხმა და დაიწყო იაფი სანფაიანსის წარმოება, რაზეც ხელი მიუწვდებოდა მოსახლეობის უდიდეს ნაწილს.

1846 წელს ჟან ფრანსუამ შეიმუშავა კერამიკული ფილების დამზადების ახალი ხერხი - მშრალად კომპრესირების ფორმირება, - რამაც შესაძლებელი გახადა მისი მასიური წარმოება. 1852 წელს მეტლახის სიახლოვეს აღმოაჩინეს ძველი რომაული სასახლის ნანგრევები, გათხრებში მოყვარული არქეოლოგის სახით მონაწილეობდა ეჟენ ბოხი. იგი აღაფრთოვანა კარგად შენახულმა მიზაიკურმა იატაკმა და შეიმუშავა ისტაკის მოზაიკური ფილები, რომლის წარმოება მალევე დაიწყო მეტლახში. 70-იან წლებში ამ ფილებმა შეადგინა კომპანიის გაყიდვების 60%, მოთხოვნის უზრუნველსაყოფად მეტლახში მეორე ქარხანა გახსნა, 1879 წელს მერციგში, სადაც ასევე გაიშალა ტერაკოტის წარმოება. ფილები ისეთი პოპულარული გახდა, რომ ქალაქ მეტლახის სახელი გახდა ყველანაირი არქიტექტურული ფილის საზოგადი სახელი - XIX საუკუნის ბოლოს მას იყენებდნენ ეკლესიის დეკორში, ფოსტის განყოფილების, თეატრების, სარკინიგზო სადგურების, საოფისე შენობების, ჰოსპიტალებისა და სხვა ნაგებობებისთვის მთელ მსოფლიოში. საგანგებოდ მომზადებული თანამშრომლები თვალყურს ადევნებდნენ მისი თანწყობას. Villeroy & Boch-ის ფაბრიკაში დამზადებული ფილა გამოიყენეს ლაინერ „ტიტანიკის“ მოსართავად, კიოლნის ტაძარში, მდინარე ჰუძონის ქვეშ გამავალი ჰოლანდის გვირაბში, დიდი თეატრის ფოიეში, თბილისში დავით სარაჯიშვილის სახლის ამჟამინდელი მწერალთა სახლის ვერანდაზე.

კომპანია ეჟენ ბოხის მეთაურობით აგრძელებდა საზოგადოებრივი მნიშვნელობის მოღვაწეობას და მუშებზე ზრუნვას. მეტლახში კომპანიის სახსრებით აშენდა ხიდი მდ. საარზე და მუშათა სახლები, გაიხსნა კულინარიული და მისიკალური სკოლები, საავადმყოფო და მოხუცთა თავშესაფარი, სამხატვრო სკოლა. ეჟენ ბოხის მიერ შეგროვებულმა კერამიკულმა ნაკეთობებმა, რაც ანტიკურიდან თანამედროვეობამდე პერიოდს მოიცავდა, საფიძველი ჩაუყარა მეტლახში კერამიკის ისტორიის მუზეუმს. იგი დაინტერესებული იყო მეცხოველეობითა და სოფლის მეურნეობით და რეინის პროვინციაში გახსნა პირველი კეთილმოწყობილი კეძო ცხენების ქარხნა, თავმჯდომარეობდა რეგიონულ სასაოფლო-სამეურნეო ასოციაციას. 1892 წელს ეჟენ ბოხისა და ოქტავია ვილერუას ქორწინების 50 წლისთავთან დაკავშირებით გერმანიის იმპერატორმა ვილჰელმ II-მ 84 წლის ბოხს დამსახურებისათვის, როგორც მეწარმესა და ფილანთროპს, უბოძა თავად-აზნაურული ტიტული, რომელიც გადაეცა მის თაობებს. 1898 წელს ეჟენ ფონ ბოხი გარდაიცვალა მეტლახში და კომპანიის მართვა გადავიდა მისი ვაჟის რენეს ხელში.

XX საუკუნის დასაწყისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XX საუკუნეში Villeroy & Boch შევიდა როგორც კერამიკის უმსხვილესი მწარმოებელი, რომელიც აწარმოებდა სანტექნიკას, კერამიკულ ფილებს და აგურს, ფაიფურს და ფაიანსს, ბროლს, სხვადასხვა საეკლესიო ჭურჭელს, საფლავის ქვებს, სადრენაჟე მილებს და ელექტროგამტარების იზოლატორებს. რენე ფონ ბოხ-გალლაუ 10 წელი ხელმძღვანელობდა კომპანიას და კომპანიის ისტორიაში შევიდა როგორც ლუბეკის მიმდებარედ დენიშბურგის ფაბრიკის დამაარსებელი და რიგი ტექნოლოგიური სიახლეების დამნერგავი, რაც მიმართული იყო შრომის მწარმოებლურობისა და უსაფრთხოებისაკენ. 1902 წელს კომპანიამ წარმოადგინა ნოვატორული მოძრავი ღუმელი გაზის საწვავით, რომელშიც რამდენიმე კამერაა და ხდება ნაკეთობის გამოწვაც და თანდათანობით გაგრილებაც. ენერგოეფექტურობისა და ხელით შრომის შემცირების წყალობით ეს ღუმელები გამოიყენებოდა 1980-იან წლებამდე. გარდა ამისა, უსაფრთხო შრომასთან დაკავშირებით ბოხ-გალლაუმ ფაბრიკებში დააყენა ტყვიით მოწამვლის შემცირების ახალი მოთხოვნები: მუშებს ევალებოდათ სპეციალური ფორმის ტარება და კვება წარმოებიდან მოშორებულ ადგილზე, ხოლო სუფთა ტყვია ჩაანაცვლეს შედარებით ნაკლებად მავნე ტყვიის ოქსიდით.

რენე ფონ ბოხ-გალაუ 1909 წელს გარდაიცვალა და თავის ვაჟებს კომპანია გაფურჩქვნის სტადიაში დაუტოვა: Villeroy & Boch -ის 9 ფაბრიკაში (აქედან 5 მდებარეობდა ზაარის მიწებზე, თითო-თითო - ლუქსემბურგში, საქსონიაში, შვეზვიგ-ჰოლშტეინსა და ვიურტემბურგის ბადენში) 8 ათას კაცზე მეტი მუშაობდა. 1911 წელს კომპანიამ დაკარგა შრამბერგის ფაბრიკის ძირითადი სიმძლავრე, რომლის ტერიტორიაზეც სახელმწიფო რკინიგზამ გაიარა, ამის გამო ერთი წლის შემდეგ ფაბრიკა გაიყიდა. მომდევნო წლებში პირველმა მსოფლიო ომმა საოჯახო ბიზნესს სერიოზული დარტყმა მიაყენა: კომპანიის დამაარსებლი როჯერ ფონ ბოხ-გალაუ 1917 წელს აღმოსავლეთის ფრონტზე დაიღუპა, ხოლო ვერსალის ხელშეკრულებით ზაარი ფრანგებმა დაიკავეს, ამის გამო იქ განლაგებულ ფაბრიკებს აღარ ჰქონდათ წვდომა გერმანულ ბაზარზე. Villeroy & Boch-ის საწარმოო სიმძლავრე გერმანიაში შემოიფარგლებოდა დრეზდენისა და დენიშბურგის ფაბრიკებით, ამიტომ კომპანია იძულებული გახდა ბიზნესი საფრანგეთში გაეფართოვებინა.

როჯერის სიკვდილის შემდეგ კომპანიას ხელმძღვანელობდა მისი ძმა ლუტვეინ ფონ ბოხ-გალაუ. 1920 წლისთვის, შეიძინა რა „ფრანც ანტონ მელემის ფაიანსის ფაბრიკა“ ქ. ბონში, ახალი ფაბრიკა ააშენა ვროცლავთან, ლესნიცას რაიონში და წარმოების მოცულობა ნაწილობრივ აღადგინა გერმანული ბაზრისთვის. 1926 წელს კომპანიამ შეიძინა ფაბრიკა ქ. ტორგაუში. 1920-იან წლებში გერმანიაში განლაგებული ფაბრიკები შეუერთდა შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანიას, ხოლო ზაარის პროტექტორატში მდებარე ფაბრიკები - შეზღუდულ პარტნიორობას. ომისსემდგომი წლებში გერმანიაში არნახული ინფლაციის გამო კომპანია იძულებული იყო აქცენტი აეღო უბრალო, ყოველდღიური მოხმარების საქონლის წარმოებაზე. 1921 წლის აგვისტოში კომპანიის შტაბ-ბინა და კერამიკის წარმოება სერიოზულად დააზარალა ხანძარმა.

დიდი დეპრესია, მეორე მსოფლიო ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1930 წლისთვის კომპანიის ფაბრიკებში 10 ათასამდე კაცი მუშაობდა, მაგრამ დიდი დეპრესიის რეცესიამ კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა კომპანიას. ჯერ რამდენიმე თვით დაიხურა დრეზდენის ფაბრიკა, ხოლო წარმოების განახლების შემდეგ მისი შტატები შემცირდა 40%-ით., ერთი წლის შემდეგ კი დანაკარგების მიზეზით დაიხურა ფაბრიკები ბონსა და ვალერფანგენში. 1935 წლის შემდეგ ლიკვიდირებულ იქნა შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია, რომელშიც ჩადებული იყო Villeroy & Boch-ის ზაარის აქტივები. ფაბრიკებმა მუშაობა განაგრძეს მეტლახის ცენტრალურ ოფისებთან, როგორც დამოუკიდებელმა იურიდიულმა პირებმა. გარდა ამისა, 1932წელს გარდაიცვალა ლუტვინ ფონ ბოხ-გალაუ და კომპანიის ხელმძღვანელობა გააგრძელა მისმა შვილმა - ასევე ლუტვინ ფონ ბოხ-გალაუმ.

ზაარის ფაბრიკებმა აქტივები გააერთიანეს 1935 წლის პლებისციტის შემდეგ, რომლის შედეგადაც რეგიონი შევიდა მესამე რაიხის შემადგენლობაში, მაგრამ ეკონომიკის მილიტარიზაციიდან გამომდინარე, ხელისუფლებამ კომპანიის მოღვაწეობა უსარგებლოდ ჩათვალა და დახურა იქ მდებარე ერთი ფაბრიკა. წარმოება განახლდა 1940 წელს, მაგრამ შემოფარგლული იყო მხოლოდ ყველაზე უბრალო კერამიკული ფილების წარმოებით. მეორე მსოფლიო ომის წლებში კომპანიამ დაკარგა თავისი საწარმოო სიმძლავრის მნიშვნელოვანი წილი: აღმოსავლეთ გერმანიის ტერიტორიაზე განლაგებული ფაბრიკები ანტიჰიტლერული კოალიციის ქვეყნების ბომბდამშენებმა დაანგრიეს, ან სსრკ-ში გაზიდეს ოკუპაციის დროს. კერმანიის კაპიტულაციის შედეგად ზაარი და Villeroy & Boch-ის შტაბ-ბინა კვლავ ჩამოაჭრეს დანარჩენ გერმანულ ფაბრიკებს.

კომპანიამ მოღვაწეობა განაახლა 1947 წელს და ჩამოყალიბდა უბრალო ჭურჭლის, სანტექნიკისა და ფილების წარმოებაზე, რაც აუცილებელი იყო ომისშემდგომ წლებში. 1951 წელს კომპანიამ ფაბრიკა გახსნა არგენტინაში, 1959 წელს - კანადაში, ამავე დროს აღადგინეს მინისებური ფაიფურის ფაბრიკა სტენფოტენში. ზაარის გერმანულ მოსახლეობასა და ფრანგულ ხელისუფლებას კონფლიქტების მარეგულირებლად მოევლინა ლუტვინ ფონ ბოხ-გალაუ. იგი მონაწილეობდა ფრანგულ-გერმანული ორენოვანი ზაარის უნივერსიტეტის დაარსებაში, სანამ 1955 წლის პლებისციტით ზაარი გერმანიას დაუბრუნდებოდა, აქტიურად უჭერდა მხარს ზაარის ტერიტორიაზე დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას. 1972 წელს, კომპანიის მართმართვიდან 40 წლის შემდეგ ლუტვინმა გენერალური დირექტორის პოსტი დაუთმო თავის შვილს ლუტვინგისბერტ ფონ ბოხ-გალაუს.

1970-იან წლებში ბაზარზე გამოჩნდა იაპონური და იტალიური მოზაიკური და კედლის ფილების კონკურენცია, მაგრამ კომპანიამ შეძლო მდგომარეობის შენარჩუნება. დამოუკიდებლად გავიდა იაპონიის ჭურჭლის ბაზარზე და აღადგინა ამერიკული. 70-იან წლებში კომპანიის ფაბრიკები უმთავრესად უშვებდნენ თანამედროვე დიზაინის ჭურჭელს, ხოლო კლასიკური ნაკეთობების დამზადება დაიწყეს 1976 წელს ქ. ზელბში შეძენილ ფრანც ჰაინრიხის ფაბრიკაში.

XX საუკუნის ბოლო - XXI საუკუნის დასაწყისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1982 წელს Villeroy & Boch-მა დაიწყო მსხვილი ბიზნესის რესტრუქტურიზაცია, რის შედეგადაც სამი მთავარი მიმართულება: ფილების, ჭურჭლისა და სანტექნიკის წარმოება ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ კომპანიებდა. 1985 წელს რეფორმა გატარდა კომპანიის მმართველობაშიც: გენერალური დორექტორი შეცვალა 6 კაციანმა საბჭომ, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოში ბოლეუასა და ბოხის ოჯახის წევრების გარდა შევიდნენ გარეშე პირებიც. 1987 წელს Villeroy & Boch შეზღუდული საოჯახო ბიზნესიდან გადაიქცა შეზღუდული პასუხისმგებლობის ღია საჯარო კომპანიად.. 1990 წელს ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე მოხდა კომპანიის აქციების პირველი საჯარო გაყიდვა.

შემდგომი ოცი წელი კომპანია იზრდებოდა სანტექნიკის, ჭურჭლისა და ფილების მწარმოებელი ევროპის რეგიონული მეწარმეების შთანთქმის ხარჯზე. 1986 წელს Villeroy & Boch-მა შეიძინა ახალგაზრდა აუდიტორიაზე ორიენტირებული ჭურჭლის მწარმოებელი Gallo Deign. 1989 წელს კომპანიამ მიიღო ნიდერლანდების აკრილის აბაზანებისა და დუშკაბინების მწარმოებელი ფირმის Ucosan-ის 50%, 1991 წელს - აკონტროლებს db.Das Bad, 1992 წელს - ფლობს უნგრეთის უმსხვილესი სანტექნიკის მწარმოებლისა და სიდიდით მეორე ფილების მწარმოებელი Alfðldi Porcelàngyàr- აქციების საკონტროლო პაკეტებს, 1996 წელს - რუმინეთის სანტექნიკისა და ფილების წამყვანი მწარმოებლის S.C.Mondial-ის საკონტროლო პაკეტს, 1997 წელს - იტალიური ფილების მწარმოებლის Ceramica Ligure-ს 70%, 1999 წელს გამოისყიდეს Ucosan, და მაშინვე მოხდა Plastics-ის განყოფილებების ფორმირება, რომელიც აერთიანებდა აკრილის აბაზანებს, სპა აუზებს, დუშკაბინებსა და სისტემებს. 2000 წელს კომპანიამ შეიძინა Gustavsberg და Svenska Badkar - სანტექნიკის შვედური წარმოებები. 2001 წელს საბოლოოდ გამოისყიდა db. Das Bad[25], Vagnerplast და მიიღო კონტროლი იტალური Itemo და ბელგიური Acomo-ს აკრილის აბაზანების მწარმოებლებზე. 2001წელს კომპანიამ სრულად შეისყიდა Ceramica-ს აქციები და 2004 წელს წარმოება გაყიდა. 2006 წელს Villeroy & Boch-მა შეიძინა სანტექნიკური მიმართულების Grupo Industrial Saltillo და დანიური კომპანია Frese . 2007 წელს კომპანიამ თურქულ VitrA-ს მიყიდა კერამიკული ფილების მიმართულების 51%, რომელიც შედიოდა Ecsacibasi-ს ინდუსტრიულ ჯგუფში. 2008 წელს შეიძინეს ავეჯის მწარმოებელი Sanipa.

მსოფლიოს ეკონომიკურმა კრიზისმა უცხოეთის ძირითად ბაზრებზე შეამცირა მოთხოვნა Villeroy & Boch-ის პროდუქციაზე, ერთ წელიწადში გაყიდვები შემცირდა 20%-ით, კომპანიის საბაზრო კაპიტალმა იკლო 60%-ით. კომპანია იძულებული გახდა დაეწყო ძვირადღირებული რესტრუქტურიზაცია და დამოაცხადა სამუშაო ადგილების შემცირება 10%-ით (2009 წელს 900 ადგილი 9250-დან). 2009 წლის მონაცემებით კომპანიის ოპერატიუმა დანაკარგმა შედგინა 1,7 მლნ. ევრო, ხოლო სუფთა ზარალმა - 96,5მლნ. ლუქსემბურგის ეკონომიკის მინისტრისა და პროფკავშირების უკმაყოფილების მიუხედავად 2010 წელს დაიხურა სეტფონტენის ფაბრიკა.

შედეგების მიხედვით 2010 წელი კომპანიისთვის კრიზისის დაძლევის წლად ითვლება. 2011 წლიდან 2015 წლამდე Villeroy & Boch-ის აქციების კოტირებამ აჩვენა მყარი ზრდა, აქციის ფასი 5,88, ევროდან 12,25 ევრომდე გაიზარდა. 2014 წლის საქმიანმა გამომცემლობამ WirtschaftsBlatt მსხვილ გერმანულ საოჯახო მეწარმეთა შორის კომპანია 242-ე ადგილზე დაასახელა.

დიზაინი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვილერუასა და ბოხის ოჯახის წევრთა შორის გვხვდება ნიჭიერი მხატვრები, რომლებმაც თავინთი შესაძლებლობები გამოიყენეს საოჯახო ფაბრიკაში წარმოებული კერამიკული ნაკეთობების გასაფორმებლად. მაგალითად პიერ-ჟოზეფ ბოხი იყო ფერმწერი, ნიკოლას ვილერუა - ცნობილი პეიზაჟისტი-გრავიორი.

ეჟენ-ფონ ბოხის ბიძაშვილები ანა და ეჟენ ბოშები არ მონაწილეობდნენ კომპანიის მართვაში, მაგრამ როგორც მხატვრები, კომპანიასთან სათანამშრომლდ იწვევდნან გერმანული არტ-ნუვოს (Jugendstil) ცნობილ წარმომადგენლებს, რომელთა ფილოსოფიის მიხედვით თვით ყოველდღიური ნივთებსაც კი უნდა ჰქონდეთ შერჩეული დიზაინი. კერამიკული ფილებისა და საბანი მოწყობილობების მოხატვაში მონაწილეობდნენ ანრი ვან და ბელდე, პეტერ ბერენსი, რიჰარდ რიმერშმიდი. XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში მხატვრების მიერ მოხატული მრავალი ნაკეთობა არ გაუშვეს მასობრივ წარმოებაში, ისინი აღიარეს არტს-ენდ-კრაფტსის მნიშვნელოვან ნამუშევრებად. XX საუკუნის I ნახევარში კომპანია აქტიურიად თანამშრომლობდა მშენებლობისა და მხატვრული კონსტრუირების უმაღლეს სკოლა ბაუჰაუზთან. გარდა ამისა, ეჟენ ბოში იყო ვინსენტ ვან გოგის ახლო მეგობარი და 1888 წელს მხატვრისაგან საჩუქრად მიიღო პორტრეტი, რომელიც მემკვიდრეობით დარჩა პარიზის ორსეის მუზეუმში. ეჟენისა და ანას კოლექციებში იყო ვან გოგის რამდენიმე ნამუშევარი, მათ შორის „არლის წითელი ვენახი“, რომელიც ანამ შეიძინა 1890 წელს ბრიუსელში „საზოგადოება XX“ -ის გამოფენაზე. ეს ითვლებოდა მხატვრის სიცოცხლეში გაყიდულ ერთადერთ სურათად.

1975 წელს სამრეწველო დიზაინერმა ლუიჯი კოლანიმ, რომელიც Villeroy & Boch-მა მოიწვია სანტექნიკისა და აბაზანის ოთახების კოლექციების შემუშავებისთვის, მიაწოდა კომფორტული „საცხოვრებელი ფართის“ იდეა, როგორც ცალკეული ნივთების ალტერნატივა. კომპანია თანამშრომლობდა სხვა სახელოვან დიზაინერებთანაც, მათშორის თომას გერლაჩი, ვოლფგანგ იოოპი, რობერტო კაპუჩი, ტაკადა კენზო, პალპმა პიკასო, სებასტიან კონრანი, მათეო ტუნი. დიდად გაითქვა სახელი ჰელმუტ ნიუტონის მიერ Villeroy & Boch-ის სანტექნიკის ახალი კოლექციისთვის შემუშავებულმა სარეკლამო კომპანიამ 1985-1986 წლებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Johann Schötter. Boch-Buschmann, Johann Franz // General German Biography : [нем.] = Allgemeine Deutsche Biographie / edited by the Historical Commission of the Bavarian Academy of Sciences. — 1875. — Bd. 2. — S. 760—761.
  • Otto Stolberg-Wernigerode. Boch // New German Biography : Neue deutsche Biographie. — Berlin : Behaim - Bürkel, 1955. — Bd. 2. — S. 339—340.
  • Villeroy & Boch AG // International Directory of Company Histories. — St. James Press, 2001. — Т. 37. — 669 с. — ISBN 9781558624429.