FH-227-ის კატასტროფა ანდებში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Fairchild FH-227D ბორტი T-571

FH-227-ის კატასტროფა ანდებში, ანდების სასწაული (ესპ. El Milagro de los Andes) — 1972 წლის 13 ოქტომბრის ავიაკატასტროფა ანდებში. 45 მგზავრიდან ცოცხალი მხოლოდ 16 გადარჩა. მათ არგენტინის ანდებში 72 დღე გაატარეს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალგაზრდა ურუგვაელ მორაგბეთა გუნდმა, რომელსაც ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში უნდა ეთამაშა, თვითმფრინავი დაიქირავა. ვინაიდან მოთამაშეები ძალიან ახალგაზრდები იყვნენ (18-დან 23 წლამდე ასაკისა), მათ ურუგვაის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავი დაიქირავეს, რაც გაცილებით იაფი ჯდებოდა. გაფრენამდე რამდენიმე დღით ადრე მორაგბეებს აცნობეს, რომ ათი ადგილი თავისუფალი იყო და მათ ახლობლების წაყვანა შეეძლოთ. 1972 წლის 12 ოქტომბერს ურუგვაელები ჩილეში უნდა ჩასულიყვნენ, მაგრამ ამინდის გაუარესების გამო პილოტი იძულებული გახდა, არგენტინის ქალაქ მენდოზაში დაფრენილიყო.

მეორე დღეს პილოტმა გზა განაგრძო. ამჯერად მან კურსი შეცვალა და დანიშნულების ადგილამდე ჩაფრენა შემოვლითი გზით (მენდოზა-კურიკო-სანტიაგო) გადაწყვიტა, რაც საშუალებას მისცემდა, დაბალ სიმაღლეზე ეფრინა.

თვითმფრინავში 45 ადამიანი იმყოფებოდა. ახალგაზრდები მხიარულობდნენ და შეჯიბრებისთვის ემზადებოდნენ. მოულოდნელად ამინდი გაუარესდა, რამაც ხილვადობა თითქმის ნულამდე დაიყვანა. პილოტს დიდი პრობლემა შეექმნა — მას წარმოდგენა არ ჰქონდა, სად იმყოფებოდა. აღმოჩნდა, რომ თვითმფრინავი 5 ათასი მეტრის სიმაღლის ანდების ერთ-ერთი მწვერვალისკენ მიფრინავდა. როცა შეცდომა შეამჩნიეს, უკვე დაგვიანებული იყო.

შეჯახება საშინელი აღმოჩნდა. ორად გაპობილი თვითმფრინავის წინა ნაწილი თოვლზე სრიალს განაგრძობდა. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ სადაცაა, საბედისწერო შეჯახება უნდა მომხდარიყო. თუმცა თვითმფრინავი თოვლში ცხვირით ჩაესო და შეჩერდა.

პირველი დღეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

45 მგზავრიდან 12 დაიღუპა. გადარჩენილთათვის პირველი დღე განსაკუთრებით მძიმე გამოდგა. ისინი აღმოჩნდნენ უდაბურ ადგილას, რომლის კლიმატი ურუგვაელთათვის სრულიად უცხო იყო. მზე დღის ოთხ საათზე ჩავიდა და თითქმის 15 საათს არ ამოსულა. ამას ერთვოდა ძლიერი სიცივე და ჰაერის უკმარისობა. პირველი ღამის გადატანა ყველამ ვერ შეძლო. დაიღუპა კიდევ 5 ადამიანი.

მეორე დღეს ურუგვაელებს ზემოდან თვითმფრინავის ხმა მოესმათ, რომელმაც ისინი ვერ შეამჩნია. უნდა ითქვას, რომ სამძებრო სამუშაოებში სწრაფად ჩაერთნენ ურუგვაის, არგენტინისა და ჩილეს სამაშველო დანაყოფები, მაგრამ თვითმფრინავის კარკასის თეთრი ფერის გამო მისი შემჩნევა თოვლში პრაქტიკულად შეუძლებელი აღმოჩნდა. გადარჩენილები იმედს მაინც არ კარგავდნენ, მაგრამ მათი იმედები მალევე გაქარწყლდა — მცირე რადიოგადამცემით შეიტყვეს, რომ სამძებრო სამუშაოები მალე შეწყდებოდა და მათ დაღუპულებად მიიჩნევდნენ.

იძულებითი კანიბალიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გადიოდა დღეები და კატასტროფაში მოყოლილთ, რომელთაც არ გააჩნდათ თბილი ტანსაცმელი, პრაქტიკულად შიშველი ხელებით უწევდათ ძლიერ ყინვასთან გამკლავება. წყლის პრობლემაც დადგა, თუმცა ეს შედარებით მარტივად აღმოფხვრეს, ლითონის ფირფიტებზე თოვლს დებდნენ და მზის სითბოთი ალღობდნენ. ხოლო საკვების მარაგი - რამდენიმე შეკვრა შოკოლადი და მცირეოდენი ღვინო, მალე ამოიწურა. მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ ახლომახლო არ იყო მცენარეულობა და არც ცხოველები ჩანდა სადმე, რათა მათი შემწეობით შიმშილი რამდენადმე შეემსუბუქებინათ.

ამ ტრაგედიის ერთ-ერთი მონაწილე კარლიტოს პაესი იხსენებს: — როცა ნანდო პარადოს საკვები მარაგის ამოწურვის შესახებ უთხრეს, მან უნებლიეთ წამოიძახა, რომ მზად იყო შეეჭამა პილოტები, რადგან ყოველივე, რაც მათ შეემთხვათ, სწორედ პილოტების ბრალი იყო. ამ ვარიანტის განხილვა ყველასთვის მიუღებელი აღმოჩნდა, მაგრამ შიმშილმა და სიცოცხლის შენარჩუნების მძაფრმა სურვილმა ეს საკითხი მალე კვლავ დასვა დღის წესრიგში და თანაც მკაცრად. მდგომარეობას მხოლოდ ის ართულებდა, რომ დაღუპულები მათი ოჯახის წევრები ან მეგობრები იყვნენ.

პირველი, ვინც ძალა მოიკრიბა და ამის გაკეთება შეძლო, იყო რობერტო კანეზა, მან პირველმა მოაჭრა გვამს ხორცის რამდენიმე ნაჭერი. ამის შემდეგ, სიკვდილის პირას მისულნი, წინასწარ იძლეოდნენ უფლებას, რომ გარდაცვალების შემთხვევაში გადარჩენილებს მათი გვამები საკვებად გამოეყენებინათ.

ზვავი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანდები ცნობილია თოვლის ხშირი ჩამოწოლით. გადარჩენილებმა არაფერი იცოდნენ იმის შესახებ, რომ ჩამოვარდნილი თვითმფრინავი სწორედ ზვავსაშიშ ზონაში იმყოფებოდა. ზვავის ჩამოწოლა ყოველ წუთს იყო მოსალოდნელი. მეთვრამეტე დღეს, საღამო ჟამს გაისმა კიდეც შემზარავი გრუხუნი. ეს იყო უხვი თოვლის ჩამოწოლის ხმა. თოვლი პირდაპირ თვითმფრინავის კაბინაში შევარდა და რამდენიმე წამში იქაურობა ამოავსო. პირველი, ვინც თოვლისაგან თავის დაღწევა შეძლო, როი ჰარლი იყო. მას მოჰყვა კარლიტოს პაესიც. გადარჩენილებმა სწრაფად დაიწყეს თოვლიდან მეგობრების ამოყვანა, მაგრამ მსხვერპლი მაინც საგრძნობი აღმოჩნდა — ზვავის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა. ცოცხალი მხოლოდ 19 დარჩა. თოვლმა მათ გარეთ გასასვლელი ჩაუხერგა. მიუხედავად დიდი მსხვერპლისა, ზვავმა დადებითი როლიც შეასრულა — თვითმფრინავს ღია მხარე ჩაუხერგა, საიდანაც სიცივე აღარ შემოდიოდა. ისიც “კარგი” იყო, რომ მიეცათ კიდევ 8 გვამი... მათი შემწეობით, დაახლოებით თვე-ნახევრით შეეძლოთ არსებობის გახანგრძლივება.

ხსნის გზა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კატასტროფიდან ორი თვის შემდეგ 45 მგზავრიდან ცოცხალი დარჩა მხოლოდ 16.

ერთ-ერთი გადარჩენილი ნანდო პარადო ხვდებოდა, რომ უბედურებიდან თავის დაღწევის გზა თვითონვე უნდა მოეძებნათ, რადგან სხვაგვარად ყველანი დაიღუპებოდნენ. მის ამ სურვილს ისიც აძლიერებდა, რომ ჯერ კიდევ ხელუხლებელ გარდაცვლილთა შორის მისი დედა და დაც იყო; თუ ვერ გაბედავდნენ გადარჩენის გზის საძებნელად წასვლას, მათი შეჭმაც გარდაუვალი გახდებოდა. პარადო ხვდებოდა იმასაც, რომ მარტო წასვლა თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა. ამიტომ ის თანამგზავრს ეძებდა. მასთან ერთად წასვლა მხოლოდ რობერტო კანეზამ და ანტონიო ვისენტინიმ გაბედეს. წასვლის წინ მეგზურებს კარლიტოს პაესმა საძილე ტომრები დაუმზადა, რომელიც მან სავარძლების საზურგეებისგან შეკერა. ჩანთები აავსეს რამდენიმე დღის სამყოფი ხორცით და გზას გაუდგნენ.

ჯგუფის მეთაურობა ნანდო პარადომ ითავა. ის ამხნევებდა და ყველანაირად ეხმარებოდა ღონემიხდილ მეგობრებს. საღამოობით მორაგბეები სვლას წყვეტდნენ და საძილე ტომრებში ითბუნებოდნენ. სამი დღის სიარულის შემდეგ ვისენტინი საკმაოდ დაუძლურდა. ნანდო პარადომ სთხოვა, უკან დაბრუნებულიყო. ვისენტინის უარი არ უთქვამს. ის უკან გაეშურა და მშვიდობიანად დაბრუნდა თვითმფრინავთან. გზა მხოლოდ პარადომ და კანეზამ განაგრძეს. ნელ-ნელა გაყინულ ფერდობებს სიმწვანე ჩაენაცვლა, იგრძნობოდა ტემპერატურის მომატებაც, მაგრამ ეს მთლად სასიკეთოდ არ წაადგათ — სითბოში ხორცმა სწრაფად დაიწყო გაფუჭება.

მგზავრობის მეცხრე დღეს მაიტენესის ხეობას მიადგნენ. მორაგბეებს აქ გაჩერებამ მოუწიათ, რადგანაც დიზენტერიით დაავადებულ კანეზას სიარულის ძალა აღარ შესწევდა. მხოლოდ მომდევნო დღეს განაგრძეს წინსვლა. მალე დაინახეს, რომ მდინარის პირას ძროხა ძოვდა ბალახს. მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა - მიხვდნენ, რომ სადღაც ახლოს დასახლებული პუნქტი უნდა ყოფილიყო.

ათი დღის სიარულის შემდეგ მათ თითქმის 65 კილომეტრი ჰქონდათ გავლილი. კატასტროფიდან 70-ე დღეს მდინარის მეორე მხარეს მათ ჩილელი ფერმერი, სერხიო კატალანო შენიშნეს. მაგრამ მოხდა ისე, რომ მდინარის ხმაურის გამო მას ხმა ვერ მიაწვდინეს. უკიდურესი დაუძლურების გამო, გადაცურვასაც ვერ შეძლებდნენ. მეორე დღეს იგივე მამაკაცი კვლავ გამოჩნდა. ნანდომ მას ხელი დაუქნია. უცნობმა გონიერება გამოიჩინა - მორაგბეებს ქვას გამობმული ქაღალდი და ფანქარი გადაუგდო. ახალგაზრდებმა ფურცელზე დაწერეს თავიანთი უბედურების ამბავი და უკანვე გადაუგდეს. წერილი წაიკითხა თუ არა, სერხიო კატალანომ ხელით ანიშნა ახალგაზრდებს, რომ მაშველებს მოიყვანდა. წასვლის წინ მან მცირეოდენი პური და ყველიც გადაუგდო ურუგვაელებს. უცნობმა მამაკაცმა დაპირება შეასრულა. მაშველები მოვიდნენ და სიკვდილმაც უკან დაიხია. გადარჩენილთა სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მაშველებმა ნანდოს უთხრეს, რუკაზე ეჩვენებინა ის ადგილი, სადაც მისი მეგობრები იყვნენ. მას შემდეგ, რაც ნანდომ ადგილმდებარეობა მიუთითა მაშველებს, ისინი გაოცდნენ, მითითებული ადგილი არგენტინის ტერიტორია იყო, ხოლო ისინი ჩილეში იმყოფებოდნენ.

კატასტროფის ადგილას დარჩენილებმა რადიოგადამცემით შეიტყვეს, რომ ანდებში ჩამოვარდნილი თვითმფრინავიდან ორი გადარჩენილი ადამიანი აღმოაჩინეს. ამ სასიხარულო ამბების მომსმენნი ცრემლს ვერ იკავებდნენ, რადგანაც მათი ტანჯვა დასასრულს უახლოვდებოდა. მცირე ხანში ვერტმფრენების ხმაც გაისმა, რომელთაც მეგზურად ნანდო პარადო მოჰყვებოდა. ყველანი გამოვიდნენ დამტვრეული თვითმფრინავიდან და სიხარულით შეეგებნენ. იმავე დღეს ყველას შველა ვერ მოხერხდა, მხოლოდ ნაწილი გადაიყვანეს უსაფრთხო ადგილას. მეორე დღეს კი დარჩენილებიც იხსნეს.

ცხოვრება გადარჩენის შემდგომ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანდებიდან სამშობლოში დაბრუნებულებს გაზეთებში ხვდებოდათ შემზარავი სტატიები, სადაც მათ კანიბალიზმში ადანაშაულებდნენ. თუმცა მათ ადგილას საკუთარი თავის წარმოდგენა არავის სურდა. გადარჩენილები როგორც ანდებში, ისე სამშობლოშიც, ვაჟკაცურად უმკლავდებოდნენ მათდამი აგორებულ ზიზღს.

კარლიტოს პაესი იხსენებს: “აქ ყველა ცდილობს ცოცხლად შეჭამოს ახლობელი. ჩვენ კი იქ ერთმანეთისადმი გვქონდა წმინდა და მეგობრული გრძნობები. “ყველაფერს დავთმობდი, რათა იგივე განმეცადა”, — ამ სიტყვებით პაესმა ცილისმწამებლებს ნამდვილი გმირობის ფასი დაანახვა.

ყოველი წლის 22 დეკემბერს, 571-ე რეისის გადარჩენილი მგზავრები იკრიბებიან და 72 დაუსრულებელ დღეს იხსენებენ. ამით ისინი დაღუპულ მეგობრებს მიაგებენ პატივს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]