ჰოვარდ არონსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჰოვარდ ისააკ არონსონი (ინგლ. Howard Isaac Aronson; დ. 5 მარტი, 1936, ჩიკაგო) — ამერიკელი ენათმეცნიერი, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი, ზოგადი ენათმეცნიერებისა და სლავურ ენათა სპეციალისტი, ქართველოლოგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰოვარდ არონსონი დაიბადა 1936 წლის 5 მარტს ჩიკაგოში, ილინოისის შტატში, ებრაულ ოჯახში. მისი მშობლები იყვნენ აბე და ჯინ არონსონები.[1]

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1956 წელს ჰოვარდ არონსონმა მოიპოვა ილინოისის უნივერსიტეტის ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი. 1958 წელს გახდა ინდიანას უნივერსიტეტის ხელოვნების მაგისტრი. 1961 წელს ამავე უნივერსიტეტში სლავური ენათმეცნიერების დარგში მიენიჭა მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. მისი სადოქტორო ნაშრომი ეხება ბულგარული ენის ფლექსიის მორფოფონემურ ნიმუშებს.[2]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰოვარდ არონსონი 1961-1962 წლებში იყო სლავური ენებისა და ლიტერატურის ასისტენტ-პროფესორი ვისკონსინის უნივერსიტეტში. 1962 წლიდან მოღვაწობს ჩიკაგოს უნივერსიტეტში: 1962-1965 წლებში იყო ჩიკაგოს უნივერსიტეტის სლავური ენათმეცნიერების ასისტენტ-პროფესორი, 1965-1973 წლებში – სლავური ენებისა და ლიტერატურის და ლინგვისტიკის განყოფილებების ასოცირებული პროფესორი, 1973 წლიდან არის ჩიკაგოს უნივერსიტეტის სრული პროფესორი, 1972-1980 წლებში იყო ენათმეცნიერების განყოფილების ხელმძღვანელი, 1983-1991 და 2000-2001 წლებში ეკავა ჩიკაგოს უნივერსიტეტის სლავური ენებისა და ლიტერატურის განყოფილების გამგის თანამდებობა, 2002 წლიდან არის ემერეტუს პროფესორი.

ქართველოლოგიური მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამერიკელი ლინგვისტი 1960-იანი წლებიდან დაინტერესდა ქართული ენით. მან 1969 წელს თხოვნით მიმართა ქართველ ენათმეცნიერ ისიდორე გვარჯალაძეს დახმარებოდა ქართული ენის შესწავლაში. ქართველი კოლეგა სისტემატურად აწვდიდა ქართულ-ინგლისურ და ინგლისურ-ქართულ ლექსიკონებს, სახელმძღვანელოებს. არონსონი რამდენჯერმე ესტუმრა საქართველოს, საქმიანი ურთიერთობა დაამყარა მეცნიერებათა აკადემიასთან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. 1993 წლის 13 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ პროფესორი ჰოვარ არონსონი აირჩია საპატიო დოქტორად.

არონსონი ჩიკაგოს უნივერსიტეტში ხელმძღვანელობდა ქართული ენის კათედრას, უძღვებოდა ქართული ენის კურსს. მას ეკუთვნის მნიშვნელოვანი გამოკვლევები ქართული ენის ბრუნებისა და უღვლილების ფორმალური და სემანტიკური ანალიზის, აგრეთვე ჰიპოტაქსის საკითხებზე. 1977 წელს ცალკე წიგნად გამოსცა ქართული ენის გრამატიკის კურსი დამწყებთათვის (Georgian. En Elementary Reading Course), რომელიც 1982 წელს კვლავ გამოიცა ვრცელი სახით – „ქარული ენა. საკითხავი გრამატიკა“.[3] 1996 წელს, აღნიშნული წიგნის გამოცემისა და ქართული მეცნიერების წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის, ჰოვარს არონსონი გახდა გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოების მიერ დაარსებული „ანტონ პირველი ბაგრატიონის“ ოქროს მედლის ლაურეატი. 1999 წელს დოდონა კიზირიასთან ერთად შეადგინა სახელმძღვანელოს მეორე ნაწილი „ქართული ენა და კულტურა“.[4]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Georgian. En Elementary reading course by Howard I. Aronson. Preliminary Edition; Chicago, Illinois, The University of Chicago; 1977.
  • Georgian, A reading Grammar; Chicago; 1982; 526 p.
  • Georgian Language And Culture: A Continuing Course by Howard I. Aronson and Dodna Kiziria; Slavica; 1999 - 643 p.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]